მთავრობის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ მომხმარებელი უკვე დააზარალა
ქეთო გოგოხია
23.11.2023

შაქრის იმპორტზე გადასახადის გაძვირებას ბაზარზე რეაგირება უკვე მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ პროდუქტის გაძვირება გამორიცხა, საპირისპირო რეალობა დადგა. როგორ ჩანს,  ბიზნესი ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობს. მომხმარებელს ამ დროისთვის 1 კილოგრამი შაქარი 20 თეთრით გაუძვირდა და 1კგ უკვე 2,55 ლარი ღირს.  იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ ფასი ამაზე არ გაჩერდება და სამომავლოდ 2,80-იან ნიშნულს მიაღწევს.

ვარაუდი გამართლდა და მთავრობამ დაადასტურა, რომ იმპორტის საფასურის დაწესების გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით არის განპირობებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას თქმით, მთავარი ფაქტორი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა.

,,საკითხზე აქტიურად მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ პროცესების საქმის კურსში ვართ, რა როგორ მიდიოდა. მთავარია წინაპირობა ამ გადაწყვეტილებისთვის, შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა იყო. ამ ბაზარზე მთავარია და პირველ რიგში, ადგილობრივი წარმოება და 500-მდე დასაქმებულისა და ამ საწარმოს ხელშეწყობა.

დღეს შეიქმნა ის ვითარება ბაზარზე, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, რომ ეს საწარმო გაჩერების პირას დადგა და აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენტული პირობების შესაქმნელად შესაბამისი სამუშაოები განახორციელა შესაბამის სამსახურებთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო“, - განაცხადა შამუგიამ და დასძინა, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანია ბაზარზე შაქრის ფასის შენარჩუნება.

თუმცა შაქარი მაინც გაძვირდა და როგორც აღვნიშნეთ, ტენდენცია შესაძლოა, გაგრძელდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან"  კომპანია ,,ელ ჯორჯია“-ს  წარმომადგენელმა ირაკლი გოგიბერაშვილმა ისაუბრა.

,,შაქრის გლობალურ ბაზრებზე მაღალი ფასებია, ასეთ პირობებში დამატებითი გადასახადის შემოღება ბუნებრივად გამოიწვევს საცალო ღირებულების გაზრდას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან არის იმპორტირებული. ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. დახლებზე ძალიან რთულია კონტროლი, თუ საიდან არის პროდუქტი შემოტანილი.

ინერციით მიჰყვება ბაზარი ცვლილებას და შაქარი მასობრივად გაძვირდება. ცხადია, ფასი მოიმატებს დაწესებული საფასურის შესაბამისად, 400-ლარიანი ტარიფი პროდუქტის ღირებულებაზე გადანაწილდება და ცვლილება 1 კილოგრამ შაქარზე დაახლოებით 25 თეთრის ფარგლებში იქნება. ჩემი აზრით, შეიძლება 2,80-ლარიან ნიშნულსაც მიაღწიოს ფასმა, მით უმეტეს, იაფი იმპორტის  წყარო უკვე აღარ იქნება. ახლა მთავარია, გლობალურ ბაზრებზე არსებული ფასი შენარჩუნდეს, თუმცა ესეც საეჭვოა" - აღნიშნა ირაკლი გოგიბერაშვილმა.

ფაქტს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად არის მიმართული, ბიზნესიც გაგებით ეკიდება, თუმცა ფასის შენარჩუნების ალბათობას ვერ ხედავენ. იმპორტიორ თენგიზ ფაცაციას თქმით, საბაზრო ღირებულება უკვე ბევრად დამოკიდებულია ადგილობრივი მწარმოებლის ნებაზე, რამდენად შეინარჩუნებს ფასს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ მომხმარებელი არ დააზარალოს.

,,გადასახადის შემოღება პირდაპირპროპორციულად აისახება გასაყიდი შაქრის ღირებულებაზე, შესაბამისად, მთავრობის მიერ შემოღებული გადასახადის გადახდა ისევ მომხმარებელს მოუწევს. დღგ-ს ჩათვლით, 1 ტომარა შაქარი დაახლოებით 23 ლარით გაძვირდა და ეს საცალო ფასსაც დაეტყო. საკმაოდ სწრაფად დაიწყო ცვლილება, ინერციით მიჰყვა ბაზარი, თუმცა ამის რეალური საფუძველი ჯერ არ იყო.

როგორ გაგრძელდება ტენდენცია, უკვე ადგილობრივ წარმოებაზეა დამოკიდებული, რა საფასო პოლიტიკას გაატარებს მომავალში. საბოლოოდ ისე ხდება, რომ დაზარალდება ისევ მყიდველი, რადგან საქონელი გაძვირდება. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტის გადასახადი კილოგრამზე 40 თეთრია, არ გამოვრიცხავ, სწორედ ამ მაჩვენებლით მოხდეს ცვლილება სავაჭრო ობიექტებში, რაც ნიშნავს, რომ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას იმპორტიორმა.

შაქარზე იმპორტის გადასახადი 20 ნოემბრიდან ამოქმედდა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება. 1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა,  ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური  400 ლარი იქნება.  მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ახდენს, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი არ შეეხება, თუმცა მათი რაოდენობა მიზერულია.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2023 წლის პირველ 10 თვეში ქვეყანაში, შაქრის იმპორტი გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან 113 114 ტონა შაქრის შესაძენად 76.7 მლნ დოლარი გავიდა. იმპორტის ღირებულება წლიურად 28.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობა დაახლოებით 10 000 ტონით, რაც 9%-იან მატებას ნიშნავს. ბოლო 4 წელია ქვეყნისთვის სტაბილურად შაქრის მთავარი საიმპორტო ბაზარი ბრაზილიაა, ამ ქვეყანაზე მთლიანი იმპორტის 48.2% მოდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×