"ფასები დაახლოებით იმავე ნიშნულზე უნდა დაბრუნდეს, რაზეც იყო"
გვანცა წულაია
22.11.2023

რუსეთი ბენზინის შემდეგ აკრძალვას დიზელის ექსპორტზეც აუქმებს. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო საწვავის იმპორტს კვლავ მეზობელი სახელმწიფოდან დაიწყებს. ევროპულ საწვავთან შედარებით, ბენზინის შესყიდვა დაბალ ფასად მოხდება და ამას საქართველოში გაიაფება მოჰყვება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვის გაუქმებას, დიზელის კომპონენტიც მიებმება. ასეთი განცხადება გაკეთდა რუსეთის მთავრობაში. რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ვითარების დასტაბილურდა, ბაზარი ამჟამად გაჯერებული, დაბალანსებულია და ამ გადაწყვეტილებებმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ამიტომ გასულ კვირას აკრძალვა ბენზინის ექსპორტზე მოიხსნა, რაც უახლოეს მომავალში დიზელის საწვავზეც გავრცელდება.

„სექტემბრის მეორე ნახევრიდან ბირჟაზე ფასები, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა და, რაც მთავარია, დემპერი (ნაკადი) დაბრუნდა, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ეკონომიკური სტიმული ნავთობპროდუქტებისთვის, პირველ რიგში, შიდა ბაზარზე მიწოდებისთვის და არა ექსპორტისთვის,“ - თქვა ნოვაკმა.

21 სექტემბრიდან რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა შემოიღო, რასაც რიგი გამონაკლისები ერთვოდა. 6 ოქტომბერს შეზღუდვები მილსადენებით დიზელის საწვავის საზღვაო პორტებში ექსპორტზე გაუქმდა იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც შიდა ბაზარს წარმოებული დიზელის, მინიმუმ, 50%-ს აწვდიდნენ. შემდეგ, 17 ნოემბრიდან მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვაც გააუქმა, რაც, როგორც ირკვევა, დიზელის ექსპორტზეც გავრცელდება.

ამ გარემოების გათვალისწინებით საქართველო კვლავ რუსეთზე გადაერთვება და ნავთობპროდუქტების უდიდესი ნაწილის შეძენას სწორედ ამ ბაზრიდან მოახდენს, თანაც, დიდი ალბათობით, ისევ შეღავათიან ფასად, რაც 1 ტონა ბენზინის შემთხვევაში 200-300-ლარიან სხვაობას იძლევა ევროპულ საწვავთან შედარებით.

კომპანია `სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვა ისევ დაიწყება და დიდი ალბათობით, ფასები დაახლოებით იმავე ნიშნულზე დაბრუნდება, რა ნიშნულზეც იყო.

"შეზღუდვა უკვე გაუქმდა. ახლა რაღაც ინსტრუქციების მოლოდინში არიან. უკვე გვაქვს ხელშეკრულებები და ისევ დავიწყებთ რუსეთიდან ბენზინის შემოტანას. ასევე, ბენზინის იმპორტს, წესით და რიგით, მიჰყვება დიზელიც.

როგორც გითხარით, შესყიდვა გაგრძელდება და, დიდი ალბათობით, ფასები დაახლოებით იმავე ნიშნულზე უნდა დაბრუნდეს, რაზეც იყო. რუსეთის ბაზარზე დაბრუნება საქართველოში საწვავს გაგვიიაფებს”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.

რუსეთის ბაზრის ჩახსნამ საქართველოში საწვავი გააძვირა, რადგან ევროპული ნავთობი რუსულზე ძვირია, თანაც მეზობელი ქვეყნიდან ტრანსპორტირება უფრო მარტივია. საწვავის შესყიდვა შეღავათიან ფასად რომც არ მოხდეს, ზემოთ ნახსენები ფაქტრების გათვალისინებით რუსული ბენზინი მაინც იაფი იქნება, ვიდრე ევროპული.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელიც ვარაუდობს, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტი ისევ დაიწყება.

,,აკრძალვა გაუქმებულია და შეგვიძლია შემოვიტანოთ რუსეთში იგივე ,,რეგულარის“ ტიპის საწვავი იმ პირობით, თუ ტარიფი შეღავათიანი იქნება და ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე იაფი დაჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთიდან ბენზინის იმპორტს აზრი არ აქვს. ამ ეტაპზე დიდი პროცენტული უპირატესობით ევროპული საწვავის იმპორტს ვახორციელებთ. თუ არ იქნება უფრო იაფი, ვიდრე ევროპიდან, მაშინ კომპანიები რუსულ საწვავს არ შემოიტანენ, ანუ არსებული "პლატცის" პოლიტიკით თუ მოგვაწოდებენ აზრი არ აქვს. ეს არ იქნება მომგებიანი არც ბიზნესისთვის, არც სახელმწიფოსა და მომხმარებლებისთვის.

,ევროპულ ბაზართან შედარებით, ბევრად იაფად მოგვეწოდებოდა  ბენზინი, სხვაობა 1 ტონა პროდუქტის შემთხვევაში 200-300 ლარით იყო.  ეს ძალიან დიდ შეღავათს უწევდა ქართულ ბაზარს და კომპანიებს. აქედან გამომდინარე, გვაწყობდა რუსული ბაზარი და ხარისხიც მისაღები იყო.

ცნობილია, რომ რუსეთში კერძო კომპანიებმა საწარმოო  გადაიარაღება მოასწრეს და ხარისხი გააუმჯობესეს, ანუ ევრო 5 ტიპის საწვავს ვიღებდით და განსხვავება მხოლოდ ფასში ფიქსირდებოდა, რის გამოც რუსეთიდან გააქტიურდა შესყიდვები. ეს ლოგიკურია, ბიზნესია, კერძო საკუთრება და სადაც მეტი შეღავათია, ბიზნესმაც იმით ისარგებლა. ამან შედეგი მოიტანა, რაც ეკონომიკურად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა მერე სხვა რეალობა გაჩნდა და პრიორიტეტი ისევ ევროპულ ქვეყნებს მიენიჭა“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა "ბიზნეს ინსაიდერთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×