რატომ ვერაფრით გაახალგაზრდავდა ავტოპარკი და როდის მოიტანს შედეგს ევრო-5 სტანდარტის დანერგვა?
ქეთო გოგოხია
20.11.2023

საქართველოში ავტოპარკი ვერაფრით გაახალგაზრდავდა. საავტომობილო ბაზარზე განხორციელებული რეფორმისა და რეგულაციების მიუხედავად, ავტომობილების 80%-ზე მეტი მეტი 20 წელზე მეტი ხნისაა და ევრო-5 სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.  ეს მაშინ, როდესაც ბაზარზე დადებითი ტენდენციებია, მოთხოვნა გაზრდილია და ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც გაუმჯობესებული, თუმცა ქვეყანაში მოძრავ მანქანებს ამ პროცესების გავლენა ნამდვილად არ ეტყობა. სულ ცოტაც და უკვე მომავალი წლიდან  2013 წლამდე წარმოებული მანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდება. შედეგი რომ საგრძნობი იყოს, რეგულაციის ამოქმედებიდან, მინიმუმ 10 წელი უნდა გავიდეს.

რაც შეეხება ავტოპარკის მდგომარეობას, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 52% 20 წელზე მეტი ხნისაა, როცა 0-3 წლამდე ასაკის მხოლოდ 2%-ია.

11-20 წლამდე ხანდაზმულობის ავტომობილების წილი საქართველოს მთლიან ავტოპარკში 32%-ია, 7-10 წლამდე ხანდაზმულობის - 12%, ხოლო 4-6 წლამდე სიძველის კი მხოლოდ 3%.

ავტოპარკის გაახალგაზრდავებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის ის, რომ მომხმარებლების უმეტესობა შედარებით იაფი და ძველი ავტომობილების ყიდვას ცდილობს. საავტომობილო სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი ვაჟა იორდანაშვილი ფიქრობს, რომ რეგულაციის ამოქმედებიდან სულ მცირე ათი წელი უნდა გავიდეს, რომ შედეგი საგრძნობი გახდეს.

,,2024 წლიდან 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაცია ვერ მოხდება. შესაბამისად, ეს ცვლილება  მიმართულია ავტოპარკის გაახალგაზრდავებისკენ. დარგი სერიოზულ პრობლემას განიცდის იმის გამო, რომ მოქალაქეების უმეტესობა ჯერ კიდევ ძველ ავტომობილებს ყიდულობს. დაბალი შემოსავლებია ქვეყანაში და ხალხიც, ცხადია, დაბალბიუჯეტიანი ავტომობილების შეძენისკენ იხრება. ასეთი კი ასაკობრივად ძველია.

როცა ათ წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული მანქანები აღარ შემოვა, ეს ბუნებრივად  გამოიწვევს ავტოპარკის გაახალგაზრდავებას დროთა განმავლობაში. დავუშვათ, 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი თუ ვერ იმოძრავებს, რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ სრული ამორტიზაცია მოხდეს და ვერ გამოიყენონ უკვე იმ დროისთვის დაძველებული სატრანსპორტო საშუალებები. ჩემი აზრით, ამას 10 წელი მაინც დასჭირდება და თანდათან შედეგს ვიგრძნობთ", - განაცხადაიორდანაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ხელს არაფერი უშლის ახალი რეგულაციის ამოქმედებას, იმისათვის, რომ ასოცირების ხელშეკრულების პირობებს ქვეყანა მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებდეს და ავტოპარკიც უფრო მოწესრიგებული სისტემის ნაწილად იქცეს, რეგულაციის დაწესება მნიშვნელოვანია, რაზეც სპეციალისტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადრებას. გარდა ამისა, მათი რეკომენდაციაა, პარალელურად ქმედითი ნაიჯებიც გადაიდგას. ასეთი კი, როგორც ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა აღნიშნავს, ძველი ავტომობილების უტილიზაციის პროგრამაა, რომელიც სამომავლოდ უნდა დაინერგოს. რეალურად ძველი ავტომობილების ნაწილი არ მოძრაობს, არც ტექდათვალიერებას გადის, მაგრამ მათი აღრიცხვა არ ხდება, რაც საერთო სურათის წარმოჩენას ხელს უშლის.

,,ევრო 5-ის ავტომობილების სტანდარტთან მიმართებით რამდენიმე საკითხია, ერთი, რომელიც ეკოლოგიას და ჰაერის დასუფთავებას ეხება, ხოლო მეორე, რომელიც უშუალოდ ბიზნესს უკავშირდება. რა თქმა უნდა ორივე მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელია, რომ ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. სახელმწიფოს თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ეკოლოგიის მხრივ ჩვენი გარემო გაჯანსაღდეს, ეს  მისასალმებელია.

პარალელურად სხვა ზომებიც უნდა გატარდეს. ჩემი აზრით, ძველი ავტომობილების უტილიზაციის პროგრამა უნდა არსებობდეს. ზუსტად გვეცოდინება, რა სიტუაციაც არის ამ თვალსაზრისით ქვეყანაში. რეგისტრირებული ავტომობილების გარკვეული ნაწილი აღარ მოძრაობს, ნაწილს აბარებენ, ნაწილი აღრიცხვაზეა, მაგრამ ვინაიდან  არ მოძრაობს, შესაბამისად, ტექშემოწმებასაც არ გადის. ბევრი ნიუანსია, რაც შესასწავლია", - აღნიშნა კვაშილავამ და დასძინა, რომ რეგულაციის პირობებშიც შენარჩუნდება ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნა და მოქალაქეები შეეცდებიან უფრო გამართულ, ახალგაზრდა სატრანსპორტო საშუალებებზე გააკეთონ არჩევანი, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

,,ცნობილია, რომ 1,5 მილიონზე მეტია რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ ამდენი ნამდვილად არ გადაადგილდება, ეს წარმოუდგენელია. სიტუაცია რომ გამოიკვეთოს, რაღაც პროგრამა უნდა ჩაირთოს. ყველაფერი ეს ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს. მოთხოვნა მაინც მაღალი იქნება, არ მგონია, ამან რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. იმპორტი და რერექსპორტი გაზრდილია და ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. თუ გვინდა სიახლე, ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემო, სხვანაირად ამ მიზანს ვერ მივაღწევთ", - აღნიშნა გელა კვაშილავამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ამდენად, მათ ვისაც ავტომობილების ყიდვა სურთ, 2024 წლიდან ახალი წესების დაცვა მოუწევთ. საქმე ეხება ევრო 5-ის სავალდებულო სტანდარტის დანერგვას, რომლის მიხედვითაც მასზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში 1.333 მლნ ერთეული მსუბუქი ავტომობილი, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების, 54.3 ათასი კი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო რეგისტრირებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×