იუსტიციის სამინისტროს ცვლილება შესაძლოა, ყველა ბინის მეპატრონისთვის არ აღმოჩნდეს მისაღები
გვანცა წულაია
20.11.2023

ქვეყანაში მალე ე.წ. საპოლიციო გამოსახლება დაბრუნდება, თუმცა შეცვლილი სახით და მექანიზმებით. სიახლე ის იქნება, რომ საჯარო რეესტრში ქირავნობის ხელშეკრულების დარიგისტრირება გახდება საჭირო. კანონპროექტი, რომელიც მალე პარლამენტში შევა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თანაც ცვლილება შესაძლოა, ყველა ბინის მეპატრონისთვის არ აღმოჩნდეს მისაღები, რადგან რეგისტრაციის შემდეგ მათ წლიური შემოსავლიდან მინიმუმ 5%-ის გადახდა სახელმწიფოსთვის მოუწევთ, კანონით განსაზღვრული ჩანაწერის გათვალისწინებით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახერხოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ამ ინიციატივას განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

„ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა. ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ადამიანმა ბინა და მოქირავნე აღარ გამოდის, რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღესდღეობით არ არსებობს. როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას.

დიახ, იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც მთლიანობაში ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა შემუშავებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მისი გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული.

თუკი მხარეები ასე გააფორმებენ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში, ისინი იქნებიან დაცული და საკუთრების უფლება იქნება სრულად რეალიზებული. ინიციატივა ცოტა ხანში პარლამენტში იქნება წარდგენილი" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ასეთი პრაქტიკა, რა ინიციატავიასაც მალე პარლამენტი განიხილავს, საქართველოში არ ყოფილა. აქამდე საპოლიციო გამოსახლეობა არსებობდა, რომელიც უკვე 8 წელის გაუქმებულია, რამაც უამრავი პრობლემა შექმნა. სწორედ სიახლეზე ისაუბრა სამშენებლო სამართლის სფეროს სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა და პირდაპირ მიანიშნა, რომ აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

„ვითარებას ისე ვერ შევაფასებ, წინა ვარიანტი სჯობდა თუ ახლანდელი აჯობებს, რადგან მთავარია, კანონი იყოს ქმედითი. გამოდის, რომ საჯარო რეესტრმა უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რაც სიახლეა, რადგან რეესტრი არის უფლების რეგისტრატორი და არაფერს არ სწავლობს, სიღრმეებში არ შედის. დღეს არსებული კანონით, რეესტრის ძირითადი ფუნქცია უფლებების დარეგისტრირებაში მდგომარეობს. ხოლო ამ შემთხვევაში რეესტრი იძენს უფლებას, რომ გამოიკვლიოს მოიჯარემ ნამდვილად დაარღვია თუ არა იჯარით განსაზღვრული გადახდის პირობები.

ამან პრაქტიკაში შესაძლოა, პრობლემა შექმნას და კვლავ გახადოს სასამართლოს ჩართვის აუცილებლობა, რადგან ზოგ შემთხვევაში რეესრმა შეიძლება ვერ დაადგინოს ის, რაც ზევით აღვნიშნე. ასე რომ, რეესტრმა იმდენად მოქნილი მექანიზმები უნდა დაამუშავოს, რომ ასეთი საქმეები კიდევ სასამართლოში სამტკიცებელი არ გახდეს.

როგორც ვიცით, ქირის გადახდა ხშირად ხდება ნაღდი ფულით ან უნაღდოდ სხვადასხვა ანგარიშებზე და სხვადასხვა პირობებით, ანუ თავისუფლებაა ამ მიმართულებით ბაზარზე და გადახდის უამრავი ინსტრუმენტი არსებობს. საჯარო რეესტრში მხოლოდ იმის თქმა, რომ დამქირავებელი თანხას არ იხდის, საკმარისი არ იქნება, ამის მტკიცებულებაა საჭირო და აქ უკვე ისეთი მექანიზმის უნდა იყოს შემოღებული, რაც მე, როგორც გამქირაველებს შემზღუდავს, რომ კეთილსინდისიერების ჩარჩოს არ გავცდე და ასევე მომცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ მოიჯარე ნამდვილად არ იხდის გადასახადს, რაღაც რელევანტური მტკიცებულება წარვადგინო. ინიციატივის მოსმენის შემდეგ, ეს კითხვები გამიჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, როგორ აპირებენ დარეგულირებას და შეფასებას მართლა მოხდება თუ არა პირობის დარღვევა და ქირის გადაუხდელობა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ზაქაშვილმა.

არ არის გამორიცხული, რომ ინიციტივამ უკმაყოფილება გამოიწვიოს მოსახლეობაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მექანიზმი ბევრად გაიზრდება ახლანდელ პირობებთან შედარებით.

„ეს ამბავი გამქირავებლისთვის პრობლემა იქნება, რადგანაც რეესტრში რეგისტრაცია მას აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ სახელმწიფოს, წლიური შემოსავლიდან, გადაუხადოს 5%, რაც კანონით გაწერილია. სახელმწიფო ამ ინიციატივით ორ კურდღელს იჭერს. გადასახადის გადამხდელების იდენტიფიცირებას ახდენს და ამის შემდეგ ამოიღებს იმ საიჯარო შემოსავლების 5%-ის, რაც დადგენილია კანონით. ახლა სახელმწიფოს უჭირს აღნიშნული ადამიანების იდენტიციფირება და პრაქტიკულად, ვერ იღებს თანხას. ამიტომ ეს ამბავი ცოტათი ირიბი რეგულაციაცაა, სხვა რაღაცასაც აწესრიგებს, გარდა იმისა, რაც გაჟღერდა“, - დასძინა „ბიზნეს-რეზონანსთან“ უჩა ზაქაშვილმა.

საპოლიციო გამოსახლემის აღდგენის იდეამ პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიძინა, როდესაც ქვეყანას მიგრანტების ნაკადი მოაწყდა. რადგანაც სხვა მექანიზმის არ არსებობს სასამართლოში არაერთი საქმე შევიდა და დღეს ბევრი ბინის მეპატრონე ელოდება საკუთარი სახლიდან ისეთი დამქირავებლის გამოძევებას, რომელიც ქირის ფულს არ იხდის. როგორც იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა აღნიშნა, ახალი მექანიზმით რეგულირების დამატებითი რეგულირება გაჩნდება.

„როგორც ვიცით, პრობლემა არის ის, რომ ბინის დამქირავებელი არ იხდის გადასახადს და თან არც გადის სახლიდან. 1-2 წლის წინ განსაკუთრებული პრობლემები გაჩნდა ამ მხრივ, მესაკუთრეებმა ასეთი ადამიანები ვერ გაასახლეს სახლიდან. პოლიცია ამბობს, რომ ეს მათი საქმე არ არის და ამიტომ სასამართლოა გამოსავალი. სასამართლოში საქმის დასრულებას კი 2-3 წელი სჭირდება.

რადგან ასეთი ვითარება შექიმნა, შემოიღებენ წესს, რომ საჯარო რეესტრში მოხდება ქირავნობის დარეგისტრირება, რასაც კურირებას სააღსრულებლო სამსახური გაუწევს. ეს უკვე საპოლიციო კი გამოსახლება არ არის, არამედ იუსტიციის სამინისტროსთან არსებული აღსრულების სამსახური დაიწყებს გამოსახლების პროცესს, ანუ აღასრულებს ხელშეკრულებას, რომელიც უკვე იქნება დარეგისტრირებული.

საერთოდ, ბინის დაქირავება ხდება საცხოვრებელი მიზნებისთვის. შესაბამისად, ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ დამქირავებელი უნდა დარეგისტრირდეს იმ მისამართზე, სადაც იცხოვრებს. არც ერთ მოქირავნეს არ აქვს იმის დიდი სურვილი, რომ საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს საკუთარი ბინის გაქირავება, ამიტომ ამ მექანიზმს იქამდე მივყავართ, რომ რეალურად რეგულირების დამატებითი რეგულირება გავაჩინეთ ურთიერთობებში“, - განუცხადა „ბიზნესს-რეზონანსს“ ჩარგეიშვილმა.

ცნობისთვის საქართველოს პარლამენტმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა. ამ ცვლილების შედეგად აღსრულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში წელიწადზე მეტი დროს სჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×