გაირკვა მიზეზები თუ რატომ დააწესა მთავრობამ შაქარზე 400-ლარიანი იმპორტის გადასახადი
ქეთო გოგოხია
15.11.2023

საქართველოში შაქრის იმპორტს გადასახადი უწესდება. როგორც გაირკვა, საბოლოოდ ცვლილება მიმართულია, რომ იაფი შაქარი არ შემოვიდეს ქვეყანაში და ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მოხდეს. სავაჭრო ქსელებში პროდუქტი გაძვირდება თუ არა, ჯერჯერობით ამაზე იმპორტიორებს საუბარი უჭირთ. მათი აზრით, ფასი დამოკიდებულია ადგილობრივი წარმოების (ანუ "აგარის შაქრის") საფასო პოლიტიკაზე, რომლის მხარდაჭერის მიზნითაც მთავრობა იძულებული გახდა იმპორტის საფასური დაეწესებინა. 

ცნობილია, რომ შაქარზე სპეციალური გადასახადი ამოქმედდება, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება. 1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური  400 ლარი იქნება.

მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ეწევა, დაწესებული გადასახადი არ შეეხება.

მეწარმეების შეფასებით, გადაწყვეტილება კარგია იმ კუთხით, რომ ადგილობრივი წარმოება იმუშავებს და ფასიც მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება. შაქრის ერთ-ერთი  იმპორტიორი კახაბერ ცოტნიაშვილი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება გულისხმობს ,,აკრძალვას“, ვინაიდან შაქარი იაფად ვერ შემოვა საქართველოში და იმპორტი ავტომატურად გაჩერდება იმ ქვეყნებიდან, საიდანაც დაბალი ფასით შედოდიოდა.

,,ერთადერთი ქარხანა გვაქვს, რომელმაც უნდა იმუშაოს. აქამდე შედარებით იაფად შემოდიოდა  პროდუქტი, რუსებმა საკუთრარ ქვეყანაშივე ექსპორტიორებს გადასახადი დაუწესეს, მაგრამ ამანაც ვერ უშველა, იაფი შაქარი ამ გზით მაინც შემოდიოდა საქართველოში. ახლა უკვე 1 კგ-ზე 40 თეთრი დაუწესდა შაქარს, ამ პირობით შესაძლებელია გაძვირდეს, თუმცა ფასი არ მოიმატებს, თუ ,,აგარა“ შეინარჩუნებს არსებულ ფასს.

რუსეთიდან ერთმნიშვნელოვნად აღარ შემოვა პროდუქტი, ვფიქრობ, ადგილობრივ წარმოებაზე ეს არ აისახება. ხელოვნურ მიზეზს საბაბად თუ არ გამოიყენებენ, აქვთ იმხელა რესურსი, რომ წარმოებაზე არ აისახოს ცვლილება. მთავარია, რომ ძალიან დაბალ ფასად ვეღარ შემოვა პროდუქტი“, - განუცხადა,,რეზონანსს“ იმპორტიორმა.

შედარებისთვის, 1 ტომარა ქართული შაქარი 116 ლარი ღირს და იგი 118 ლარად იყიდებოდა ობიექტებში. რუსული შაქარი კი 112 ლარი ჯდებოდა და 115 ლარად იყიდებოდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.  დაბეგვრის შემთხვევაში მინიმუმ 20 ლარით გაძვირდება შემოტანილი პროდუქტი და ფასი 130 ლარს მიაღწევს, რაც უკვე იმპორტს გამორიცხავს.

აქედან გამომდინარე, რუსული შაქრის იმპორტი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ახლა მთავარია, ,,აგარის შაქარი“ შეინარჩუნებს თუ არა ფასს, რაზეც კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

რაც  შეეხება საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებლებს, მათი განცხადებით, წარმოებაში, ძირითადად, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან იმპორტირებული შაქარი გამოიყენება, რაზეც გადასახადი არ გავრცელდება. შესაბამისად, კომპანიებში პროდუქციის გაძვირებას გამორიცხავენ.

კომპანია ,,ტკბილი ქვეყნის" წარმომადგენელმა კახა ყრუაშვილმა ,,რეზონანსთან" დაადასტურა, რომ წარმოებაში საფასო პოლიტიკის გადახედვა არ მოუწევთ.

,,ჩვენ  შაქარი, ძირითადად, პოლონეთიდან  შემოგვაქვს, რომელიც ხარისხით გამოირჩევა და წარმოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. საფასო ცვლილებას  არ ვგეგმავთ და არც ვხედავთ ამის აუცილებლობას.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რატომ გახდა აუცილებელი, არ მაქვს ინფორმაცია. თუკი გლობალურ ბაზრებზე ფასი არ შეიცვლება და ლარის კურსის მხრივ სტაბილურობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება, ფასებს, სავარაუდოდ, შევინარჩუნებთ", - აღნიშნა ყრუაშვილმა.

ანალოგიური მოსაზრებისაა ,,ბუმ გრუპის" კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, ევროპულ ნედლეულზე იმპორტის გადასახადი  არ იმოქმედებს და შესაბამისად, არც კომპანიის წარმოებას ელის ამ კუთხით ცვლილება.

"საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა შაქრის ფასი 700 დოლარს აღემატება. ამ თანხას ემატება 200 დოლარი საზღვაო და საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფი, სადილერო მომსახურება და სხვა. დღგ-ს ჩათვლით, რაც შემოგვაქვს, 1 ტონა შაქრის ხარჯი 1000 დოლარამდეა. ამ ფასს შევინარჩუნებთ, საგადასახადო ცვლილება ჩვენ არ გვეხება. თვითღირებულებაში შიგთავსის ნახევარი შაქარზეა. მთლიან პროდუქტში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს. ნედლეულის გაძვირება ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, კარგია, რომ ცვლილება ჩვენს წარმოებაზე არ იმოქმედებს", - აღნიშნა ურუმაშვილმა.

ცნობისთვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებიდან ირკვევა, რომ 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას (სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის შემთხვევებში) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.

დასახელებული ცვლილება და მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე გამოყენებულ იქნება საგადასახადო შეღავათი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×