საქართველოში პირველი ლიცენზია უკვე გაიცა და ყველა ინტერესით ელოდება ახალი ორგანიზაციის სტარტს
გვანცა წულაია
14.11.2023

საქართველოში ციფრული ბანკისთვის საქმიანობის ლიცენზია გაიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო. ფინანსისტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ სებ-ის მიღებული გადაწყვეტილება ძალიან სწორი და თანამედროვე სტანდატრების შესაბამისია და თან იმ განსხვავებაზე საუბრობენ, რაც ჩვეულებრივ და ციფრულ ბანკს შორის არსებობს. მომავალში კონკურენცია დიდი იქნება და ციფრული ბანკები წინ პლანზე წამოიწევენ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს „ჰეშზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა, რომელიც თავდაპირველად 7-თვიანია.

„ჰეშ” ბანკი ჯერჯერობით მხოლოდ სატესტო რეჟიმით იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალური რეჟიმით განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ჰეში“ 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. ბანკის საწესდებო კაპიტალი 16 634 100 ლარს შეადგენს.

აქციონერები არიან: ვოლოდიმირ ნოსოვი - უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%; სულხან პაპაშვილი - საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%; ლაშა პაპაშვილი - საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%, ნანა ქებურია - საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე).

საბანკო სფეროს სპეციალისტები გოჩა თუთბერიძე სებ-ის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და იმ განსხვავებაზე საუბრობს, რომელიც ციფრულ და ჩვეულებრივ ბანკებს შორის არსებობს.

"გადაწყვეტილება ზოგადად მიღებული ჰქონდა სებ-ს, რომ ლიცენზია გაეცა ციფრულ ბანკებზე. განსხვავება ჩვეულებრივ ბანკსა და ციფრულ ბანკს შორის ის არის, რომ ვინაიდან ისინი იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, შესაბამისად, გადარიცხვები და სხვა ოპერაციები იქნება ძალიან იაფი ან შესაძლოა, საერთოდ უფასო იყოს. მაგალითად, თანხების გადარიცხვას მომხმარებლები შეძლებენ საკომისიოს გარეშე. ეს კი მნიშვნელოვან აიაფებს საბანკო მომსახურებას. სხვა დანარჩენი მიმართულებით - სესხები, დეპოზიტები და ა.შ. - მნიშვნელოვანი განსხვავება არ იქნება.

ციფრული ბანკები ნელ-ნელა შემოვა არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში და თავისთავად ცხადია, რომ შესაბამისი საზედამხედველო რეჟიმი ყველამ უნდა მოამზადოს, თუ როგორ უნდა გაიცეს ლიზენცია, რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ ასეთმა ბანკებმა და შემდეგ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ ადამიანების დეპოზიტები, რომლებიც ციფრულ ბანკებში განათავსებს თავიანთ სასხრებს.

გარკვეული გამოცდილებაც იქნება საჭირო. ეს სიახლეა, ადრე ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა, ამიტომ პრაქტიკის პროცესში ბევრი რამის სწავლება მოუწევთ საზედამხედველო ორგანოებს, რომ ისეთი რეგულაცია არ შემოიღონ, რომელიც ხელს შეუშლის ბანკების წარმატებულ მუშაობას, თუმცა ისეც არ უნდა მოხდეს, რომ ციფრული ბანკები გახდნენ საფრთხე ფინანსური სისტემისათვის. ასე რომ, მარტივი პროცესი არ იქნება, მაგრამ ალბათ, გარკვეულ კონსულტაციებს მიიღებენ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისაგან”, - განუცხადა "რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ და დასძინა, რომ ციფრული ბანკები ჩვეულებრივ ბანკებს კონკურენციას გაუწევენ.

"ციფრული ბანკები გააიაფებენ მომსახურებას და მათ ხარჯიც ნაკლები ექნებათ, თუნდაც პერსონალის მხრივ. ძირითადად თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, თუნდაც ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც უკვე თითქმის ყველა სფეროში შემოდის, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ისინი მნიშვნელოვანი კონკურენტები იქნებიან ტრადიციული ბანკებისთვის.

ჩვენ უბრალოდ არ ვითვლით რამდენ საკომისიოს გვაჭრის ბანკი, როდესაც თანხებს განვკარავთ. სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობისას ადამიანები ძალიან იშვიათად უყურებენ თუ რამდენია საკომისო, არადა ეს მნიშვნელოვანი თანხაა. ახალი ტექნოლოგიები კი იმის საშუალებას იძლევა, რომ გარკველწილად, საკომისიოები ან განულდეს, ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. ცხადია, ისინი კონკუტენტები გახდებიან ჩვულებრივი ტრადიციული ბანკებისთვის”, - აღნიშნა თუთბერიძემ.

ციფრული საქმიანობა ის ახალი პროდუქტია და სფეროა, რომელიც თანდათან იკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში და მისასალმებელია, რომ ამის პრეცედენტები უკვე შექმნილია საქართველოში. აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის გადაწყვეტილება მოიწონა და აღნიშნა, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი, რადგან საქართველო არ უნდა ჩამორჩეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„ციფრული ბანკის ლიცენზია მოიცავს საცდელ პერიოდს, პირველი შვიდი თვე მხოლოდ სატესტო ოპერაციები განხორციელდება. დეპოზიტების მოზიდვა, სესხების გაცემა და სხვა საბანკო ოპერაციები შეზღუდული იქნება, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის სტანდარტული მიდგომა ნებისმიერ ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ ახალ სფეროსთან, როგორიცაა ციფრული ბანკინგი“, - აღნიშნა პაპავამ და დასძინა, რომ 7-თვიანი საცდელი პერიოდი საერთაშორისო გამოცდილებით მიღებული პრაქტიკაა, მსგავსი საქმიანობა კი, როგორც წესი, თანხვედრაშია სავალუტო ფონდის სტანდარტებთან, შესაბამისად, ცალკეული ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები მკაცრად რეგლამენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით.

სებ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილიც. მისი თქმით, „ჰეშ ბანკისთვის“ ლიცენზიის გაცემა საერთაშორისო სტანდარტებით მოხდა, შესაბამისად, ყველანაირი აურზაური ამ თემაზე მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაცია და სიყალბეა.

"რამდენადაც ვხედავ ახალი ციფრული ბანკის დამფუძნებლების ვინაობას, მათი კვალიფიკაციის და კომპეტენციის გათვალისწინებით ეჭვი არ მეპარება რომ საცდელ შვიდ თვიან პერიოდში „ჰეში“ შეძლებს სალიცენზიო პირობების სწორად შესრულებას და დარწმუნებული ვარ რომ წარმატებით გააგრძელებს რეალურ სივრცეში საქმიანობას“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×