სამომავლოდ საექსპორტო პოტენციალი დამოკიდებული იქნება რეალური სექტორის განვითარებაზე
რეზონანსი
14.11.2023

2023 წლის ექსპორტის მოცულობა 6 მილირდ დოლარს გადააჭარბებს. ასეთია ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინი და არც ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოსთვის მსგავსი შედეგი შესაძლოა, მართლაც დადგეს. საინტერესოა, ქვეყანას რა პოტენციალი გააჩნია და მართლაც შეძლებს თუ არა რეკორდული 6 მილიარადი დოლარის ნიშნულზე გასვლას? 

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში (10 თვეში) საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიარდ 786 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 5 მილიარდ 102 მილიონი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 12 683.4 მლნ დოლარი. წლიურად ექსპორტის მაჩვენებელი 12.5%-ით, იმპორტი კი 17.8%-ით გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 580 მილიონი დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%.

ასეთი მოცემულობის ფონზე, ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინით, 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, რომ ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდა.

„ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, გაზრდილია 10.4%-ით და მისი მოცულობა 495 მლნ დოლარს აღემატება“, - განაცხადა ცინცაძემ.

ასევე ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის ათ თვეში ექსპორტი, ჯამურად 12.5%-ით გაიზარდა და 5.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ათი თვის მონაცემებით მნიშვნელოვნად - 16.2%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც და 17.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ექსპორტის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და ასევე დასძინა, რომ ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობას, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალის ზრდისა და ეფექტიანი გამოყენების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ.

სპეციალისტები ეკონომიკის სამინტროს მოლოდინს რეალურად აღიქვამენ და ამბობენ, რომ ქვეყანა 6 მილიარდი დოლარი ექსპორტს მიმდინარე წელს უპრობლემოდ შეასრულებს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძის შეფასებით, საქართველოს ექსპორტის მიმართულებით ჯერ ასეთი შედეგი არ ჰქონია და 6 მილიარდი დოლარი რეკორდული იქნება.

"მოლოდინი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს რეალურია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მაჩვენებელში შედის რეექსპორტის მოცულობაც და ეს ნიშნავს, რომ საქართველო განიხილება, როგორც საკმაოდ მყარი და საიმედო პატრნიორი, რომელსაც შესწევს უნარი, უსაფრთხოდ და უდანაკარგოთ, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოახდინოს საჭირო ტვირთიების საჭირო მიმართულებით გადატანა.

ჩვენი შედეგი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა მსოფლიო საბაზრო კუნუქტურის ერთგვარი გაუარესება იმ პროდუქტების ფასების მიმართ, რომლის მსხვილმასშტაბიანი ექსპორტიორიც არის საქართველო. მხედველობაში მაქვს აზოტოვანი სასუქები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრანტები. ამ წლის 9 თვის მაჩვენებლის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 700 მილიონი დოლარით ნაკლები ექსპორტი გვაქვს ამ პროდუქტების კუთხით. ეს მოხდა ფასების ვარდნის გამო და ეს რომ არა, ჩვენ გაციელბით უფრო მასშტაბურ წარმატებებს მივაღწევდით საექსპორტო ფრონტზე”, - განუცხადა `რეზონანსს” სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ `ადგილობრივი ექსპორტის პოტენციალი დამოკიდებულია რეალური სექტორის განვითარებაზე”.

"რეალურ სექტორში იგულისხმება მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწვლობა, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა. დიდწილად ამ დარგების განვითარებაზეა დამოკიდებული ადგილობრივი ექსპორტი. ჩვენ რაც უფრო მეტ პროდუქციის წარმოებას შევძლებთ, აგრარული სექტორი იქნება, თუ მრეწველობა, მით უფრო მეტი პოტენციალი გვექნება იმისათვის, რომ ექსპორტზე უფრო სრულყოფილად ვიყოთ წარმოდგენილი”, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ "რეზონანსთან”.

ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით, მომავალი წლიდან ბიზნესისთვის საექსპორტო პროცედურები კიდევ უფრო გამარტივდება.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ განაცხადა, გაისად საქართველო „ახალ კომპიუტერიზირებულ სატრანზიტო სისტემას“ შეუერთდება.

როგორც ცნობილია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულია ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების", ,,ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“, ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის" კონვენციასთან მიერთების შესახებ.

როგორც კაჭარავა აცხადებს, კერძო სექტორი შეძლებს, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით, ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის  უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას.

სწორედ ამას ითვალისწინებს „ახალ კომპიუტერიზირებულ სატრანზიტო სისტემასთან“ მიერთება და ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელზეც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, "იუესაიდის” ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობა, ნაკლები შემოწმება, ტვირთის პრიორიტეტულად მიჩნევა - ეს იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები სარგებლობენ. ამგვარი ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საბაჟოსთან. ის ექსპორტიორი თუ იმპორტიორი, რომელიც დააკმაყოფილებს კონკრეტულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, მიიღებს სტატუსს და ისარგებლებს შესაბამისი უპირატესობებით.

რაც შეეხება თავად ბიზნესსექტორის პოზიციას, ამბობენ, რომ საბაჟო პროცედურების გამარტივება მათთვის მთავარი მოტივაციაა, შესაბამისად, ამ სტატუსის მიღებით სულ უფრო მეტი ბიზნესოპერატორი ინტერესდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×