შეძლებს კი ქართველი დამსაქმებელი გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც ჩვენი თანამემამულეები ითხოვენ და სხვა ქვეყნებში იღებენ?
ქეთო გოგოხია
13.11.2023

საქართველოში წლიდან წლამდე მცირდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ეკონომიკური დოვლათის შემქმნელებად მიიჩნევიან. მაღალი მიგრაციის გამო შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვმა იკლო, რაც უკვე ოფიციალური კვლევებითაც დასტურდება. ეკონომისტები შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, გარდა იმისა, რომ პროექტები უნდა გაააქტიურდეს და რეალური სეტორის განვითარებას მიექცეს ყურადღება, რაც დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. დემოგრაფების თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადგილობრივების უცხო ქვეყნების მოქალაქეებით ჩანაცვლება, რადგან ეს კატასტროფას გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალა მცირედით გაიზარდა, მდგომარეობა ამ ფონზეც საკმაოდ დამაფიქრებელია. დასტურდება, რომ  საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა 3 მლნ-ზე ქვემოთ რჩება, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს სამუშაო ძალის სტაბილურობის შესახებ.

"ფიემსიჯის" კვლევის მიხედვით, შრომის ბაზრის მაჩვენებლები ნელი ტემპით უმჯობესდება:

„2023 წლის მე-2 კვარტალში, 2022 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, სამუშაო ძალა 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობა 3.7%-ით შემცირდა.

საქართველოში 15 წელზე უფროსი ასაკის მთლიანი მოსახლეობა 3 მილიონზე ქვემოთ რჩება (15 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის რაოდენობა ამ ნიშნულს პირველად 2022 წელს ჩამოსცდა), რაც კითხვის ნიშნებს ბადებს მომავალში სამუშაო ძალის სტაბილურობასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

ეკონომიკურად აქტიური მუშახელის სიმცირეს დიდ გამოწვევად მიიჩნევს ეკონომისტი რამაზ გერლიანი, რომლის ინფორმაციითაც, გადინების პროცესი უზარმაზარ პრობლემას ქმნის როგორც დემოგრაფიულად, ასევე შრომის ბაზარზე, სადაც ყველა კადრის სიმცირეა.

,,ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ვინც უნდა შექმნას დოვლათი და კეთილდღეობის გარანტი გახდეს, ქვეყნიდან გადის. კვლევამ ის სიტუაცია აჩვენა, რაც ეკონომიკისთის  დიდი პრობლემა და გამოწვევაა. პირველ რიგში, ამ დანაკარგს გრძნობს შრომის ბაზარი, სადაც კადრები დეფიციტურია ყველა დონეზე - ეს ეხება წარმოებას, სოფლის მეურნეობას, ტექნოლოგიებს და სხვა. მით უფრო, რომ მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რთულია მასშტაბური პროექტების მენეჯერების, სპეცტექნიკის ოპერატორების, ტექნიკოსების თუ დამხმარე სპეციალისტების მოძიება. შესაბამისად, წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება სერიოზული გამოწვევაა ეკონომიკაში", - აღნიშნა ეკონომისტმა და დასძინა, რომ  მთელ რიგ მუნიციპალიტეტებსა და დაბებში არაერთი სოფელი, სადაც  შრომისუნარიანი ადამიანები, ფაქტობრივად, აღარც დარჩნენ.

,,ვინც წასულია სოფლიდან, ურჩევნია იაფ მუშახელად წავიდეს სხვა ქვეყანაში.  ცხადია, არის შემთხვევებიც, რომ სწავლის მისაღებად მიდიან და არცთუ მცირე რაოდენობაა, მაგრამ უცხოეთში კურსდამნთავრებულთა რა ნაწილი ჩამოდის საქართველოში და რა ნაწილი რცება, ამაზე ცალკე კვლევა უნდა გაკეთდეს. ადგილობრივ ბაზარზე პრობლემურია შრომის ანაზღაურების საკითხი. მთავრობამ უნდა გაკეთოს ანალიზი, რა სამუშაოებზე საქმდებიან უცხოეთში ქართველები. 

მუშახელი რომ ჩავანაცვლოთ, აუცილებელია რეალური სექტორი განვითარდეს და მოთხოვნა გაჩნდეს. მეორე მხარეა, შეძლებს თუ არა ქართველი დამსაქმებელი გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც ჩვენი თანამემამულეები ითხოვენ და სხვა ქვეყნებში იღებენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი ქართველებს სხვა ქვეყნებში დასაქმება მონური პირობის ხარჯზე არ მოუწევთ, მაგრამ ამ ცვლილებას ჯერჯერობით ვერ ვამჩნევ“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" რამაზ გერლიანმა.

შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება დიდ დემოგრაფიულ პრობლემასაც შექმნის ქვეყანაში. შესაბამისად, როგორმე არსებული სურათი უნდა შეიცვალოს. დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის შეფასებით, გათვალისწინებული უნდა იყოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ეკონომიკური კეთილდღეობისკენაა მიმართული.

,,ევროპის ქვეყნებში დემოგრაფიული "დივიდენდი" რომ მცირდება, მიგრაციით ავსებენ.  ამის გარდა, ახალი პროექტები და დებულებები მკვიდრდება. შემოდის  ცნება ,,ვერცხლისფერი ეკონომიკა". ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ აქტივობაში ერთვება ხანდაზმული მოსახლეობა. ეს მოდელია შექმნილი და მიდის დამუშავება, რაზეც პრაღაში დიდი კონფერენცია მოეწყო.

ჩვენი ერი დაბერებულად ითვლება, თუმცა ცალკე პრობლემაა ისიც, რომ არ ვიცით, რამდენია უცხოეთში დაბერებული. ვინ დაბრუნდება და ვინ - არა. ეკონომიკაში წინსვლა და  ზრდის ტემპებია, მაგრამ დემოგრაფიაში კლებაა, რაც განაპირობებს  უკვე დეფიციტს შრომის ბაზარზე. უცხოეთის ქვეყნები სწორედ ამიტომ იწყებენ ,,ვერცხლისფერი ეკონომიკის" მოდელზე მუშაობას, მე შეგნებულად მოვიყვანე მაგალითი.

ევროპის ქვეყნები ზრუნავენ ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე, ჩვენ ამ მხრივაც დაბალ დონეზე ვართ. შეიძლება ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარება, რაც ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, მთავარია სამუშაო ადგილები შეიქმნას", - განაცხადა სულაბერიძემ.

.დემოგრაფს პრინციპული პოზიცია გააჩნია იაფ სამუშაო ძალასთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში შემოდის საქართველოში და ეროვნული თვითმყოფადობისთვის საფრთხედ მიიჩნევა.

,,იაფი სამუშაო ძალის შემოყვანა დიდ პრობლემას შექმნის, სახელმწიფომ ეს არ უნდა დაუშვას. უნდა დაწესდეს მიგრაციულკი კვოტა - ვინ შემოვიდეს და ვინ - არა. უნდა მიეხედოს ამ საკითხს, ჯერ ერთი ეროვნული სტრუქტურა იცვლება, ამასთან ვინც შემოდის, მოაქვს თუ არა რაიმე დივიდენდი, ესეც გასარკვევია. ღარიბი და გაღატაკებული აქაც ბევრი გვყავს, გარედან ამ კონტიგენტის დამატება არ გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ხალხი  მერე ვიღაცის იაფი მუშა გახდეს. ევროპამ უარი თქვა და მიგრანტების შემცირების პოლიტიკაზე მუშაობს.

დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები უნდა გააქტიურდეს. მზარეულების პროფესიაზე არავინ მიდიოდა, მაგრამ ახლა კონკურსია, განვითარდა ეს მიმართულება და უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან მომზადებულები.  კომპიუტერული ტექნოლოგიები ვითარდება და ამ ბაზარზე ჩვენ ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეები ვერ გამოგვადგებიან. ზუსტად უნდა ჩამოყალიბდეს რა გვინდა.

ცოდნის ეკონომიკას უნდა დაეფუძნოს ყველაფერი, რომ ადამიანური კაპიტალის  იმპორტი მოვახდინოთ. ეს ყველაფერი დემოგრაფიულ პრობლემასაც მოგვიგვარებს და ეკონომიკასაც ეშველება", - აღნიშნა ავთანდილ სულაბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 35%-მა 2023 წლის მესამე კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობასთან.

ეროვნული ბანკის ანალიზისი თანახმად, ბოლო პერიოდში კომპანიებმა ხელფასები გაზარდეს მათი მოგების ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოში ხელფასი-ფასის სპირალის განვითარებას ადგილი არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×