"2024 წლის განმავლობაში ეს საკითხი ნამდვილად დაიძვრება. ტვირთბრუნვა 150%-ითაც კი შეიძლება გაიზარდოს"
ქეთო გოგოხია
06.11.2023

ანაკლიის პროექტის განხორციელების საკითხი კიდევ ერთხელ დგება დღის წესრიგში. 2024 წლის გაზაფხული ის ვადაა, როცა მთავრობამ, წესით, პროექტზე მუშაობა უნდა დაიწყოს, თუმცა დასახელებული თანხა დიდ ეჭვს იწვევს. სპეციალისტების განცხადებით 70 მილიონი ლარი მოსამზადებელი სამუშაოებისთვისაც არასაკმარისია. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ანაკლიის პორტი აღმოჩნდეს იმ მასშტაბურ პროექტებს შორის, რომლის დაწყებაზეც მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, თუმცა საქმე არათუ ბოლომდე ვერ მივიდა, საკითხი იდეის დონეს ვერ გასცდა.

ის, რომ ანაკლიის პორტი შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების და ტვირთების გადაზიდვის გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, ამაზეც ყველა თანხმდება, თუმცა პროექტის პერსპექტივას სექტორში არაერთგვაროვნად აფასებენ.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო პორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მშენებლობისთვის ჯამში, 70 მლნ ლარია ბიუჯეტიდან გათვალისწინებული.

„ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და ჯამში 800 მლნ ლარამდე იქნება ბიუჯეტი. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელთან შედარებით გაზრდილი არის 326 მლნ ლარით. მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად გათვალისწინებული იქნება 70 მლნ ლარი. 50 მლნ ლარი იქნება ჩადებული 2024 წელს და 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით. ანუ, ჩვენი მხრიდან მობილიზებულია თანხები და ასეთი გეგმის მიხედვით, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება. მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტ-აპრილში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სასიცხოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიაჩნია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორს პაატა ცაგარეიშვილს, თუმცა ფიქრობს, რომ ამ ფორმით პროექტის განხორციელება რეალურად შეუძლებელია.

,,არაფერი დაწყებულა, ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, რა უნდა გაკეთდეს. დაიწყოს პროექტი და მერე ვნახოთ. ვეებერთელა პროექტისთვის 70 მილიონი არაფერს ნიშნავს. რამდენადაც ვიცი, ანაკლიის პროექტი, ხაზარაძისეული გეგმის მიხედვით,  8 ფაზისგან შედგებოდა, თითოეულ ეტაპზე გადასვლა დამოკიდებული იყო გადასაზიდი ტვირთის მოცულობაზე. პირველი ფაზა 400 მილიონიდან იწყებოდა. პროექტის მიხედვით, ეტაპობრივი განვითარება ხდებოდა - დაიწყებოდა ნავთობპროდუქტებით და მშრალი, ქიმიური ტვირთები დაემატებოდა, ბორნები და ა.შ. საკონტეინერო მიმართულება სწორად იყო შერჩეული, ფოთში მასშტაბურად გაიზარდა გადაზიდვების მოცულობა, იმდენად ბევრი ტვირთი მოდის. ვვარაუდობ, რომ ანაკლიის პორტის გააქტიურების საკიტხი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რასაც ჯერჯერობით მომავალი არ აქვს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ 20-მდე ინფარსტრუქტურული პროექტია, რომლის განხორციელებაზეც განცხადება გაკეთდა, მაგრამ საკითხი ვერ დაიძრა.

,,მთავრობა დაგვპირდა, მაგრამ ბევრ პროექტზე მუშაობა არ დაწყებულა ან დაიწყო და ვერ გაგრძელდა. ოცი პროექტი მაინც არის ასეთი, მაგალითად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ჯერ კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ აშენდებოდა, მერე  სხვა მინისტრებიც, მაგრამ საქმე ვერ დაძრეს. ასევეა სამი ჰესის, გაზსაცავის, თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები. შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს ფინანსურად ტევადი მოცულობის პროექტების განხორციელება ან პოლიტიკური წენეხის ქვეშ. რა თანხაც დაასხელდა, ანაკლიის მოსამზადებელ სამუშაოებსაც არ ეყოფა. 

საყურადღებოა ერთი დეტალი: შუაა აზიის ქვეყნებმა თქვეს, რომ იწყებენ დერეფნის გამართვას და რუსეთის ჩახსნას, ეს მარტივი არ არის, მოითხოვს ალტერნატიული ინფასტრუქტურის მოწყობას, რაც დიდ ხარჯს უკავშირდება. 8-10 წელი გვჭირდება რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა შევქმნათ. რაც უნდა ვისაუბროთ, რომ ნაკადები მოტრიალდება, ამას დრო სჭირდება. ასე მარტივად არ არის საქმე", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ  10 წელი მაქსიმალურად საკმარისია საქართველოსთვის, რომ შუა აზიაში არსებული ტერმინალების ადეკვატური პორტი აქაც აშენდეს.

,,ადეკვატური ინფასტრქტურის გასამართად დაახლოებით 10 წელი დაგვჭირდება.  როგორც წესი, შუა აზიის ქვცეყნებში ნებისმიერი ტვირთის გადაზიდვა პოლიტიკურ ვერტიკალთან არის დაკავშირებული, კომერციული ტვირთებიც მათ შორის. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილი აადვილებს ამოცანას, მაგრამ გადაწყვეტილებას იქ პოლიტიკურ დონეზე იღებენ, სავარაუდოდ, შესაძლებელია ჩვენი მთავრობაც ჩაერთოს. ანაკლიის პორტს თუ არ ავაშენებთ, დაზარალდებიან ცენტრალური აზიის ქვეყენები, რომელიც ტვირთების გადაზიდვებში დიდ როლს ასრულებენ. ისინი თუ აშენებენ, ჩვენ განზე ვერ განვდგებით. ამდენად, აუცილებელზე აუცილებელია ანაკლიის პორტის მშენებლობა", - დასძინა პაატა ცაგარეიშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება ,,ივექს ლოჯისტიკის" დირექტორმა ლევან თათარაშვილმა. მისი აზრით, მომავალი პორტი სტრატეგიული დანიშნულებით მნიშვნელოვანია. არა მარტო ჩვენთვის მთლიანად რეგიონისთვის.

"რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს, მივესალმებით. შეიძლება მოსამზადებელი სამუშაობი გაზაფხულზე ვერ დაიწყოს, მაგრამ წლის განმავლობაში ეს საკითხი, სავარაუდოდ, დაიძვრება. მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიკვეთა. ქვეყნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად ანაკლიის პორტი აუცილებლი პროექტია. რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და სხვა, ამ საკითხებს ეტაპობრივად გაეცემა პასუხი, როცა პროექტზე მუშაობა დაიწყება. სანამ საქართველოში შუა დერეფნის განვითარებაზე მიდის საუბარი და სანამ ჯერ კიდევ ომია რეგიონში, ანაკლიის პორტის პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანია. უნდა მოესწროს, სანამ ჩვენს დერეფანზე დიდი მოთხოვნაა, ეს აუციელებლია, რომ სამომავლოდ  შევინარჩუნოთ ის ტვირთები, რომლის გატარებაც დაიწყება", - აღნიშნა ლევან თათარაშვილმა და დასძინა, რომ  ანაკლია იძლევა საშუალებას, რომ ტვირტნაკადები, არსებულ მაჩვენებლთან შედარებით, მინიმუმ, 150%-ით გაიზარდოს.

,,პრემიერის ინიცირებით, სულ ცოტა ხნის წინ, აბრეშუმის გზის ფორუმში მოწვეული ვიყავით დელეგატის სტატუსით. ფორუმის ფარგლებში, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით სხვადასხვა კომპანიასთან. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რაც შუა დერეფნის როლის გაძლიერების მიმართულებით გადაიდგმება. ახლა რა ტვირთბრუნვაც არის, 150%-მდეც კი შეიძლება გაიზარდოს. ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო", - აღნიშნა,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ლევან თათარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×