"რამდენად გაუმჯობესდა მათი საქმიანობით მოსახლეობის მდგომარეობა, ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული"
ქეთო გოგოხია
02.11.2023

პარლამენტის წევრების ანაზღაურება გაიზრდება და არსებულ განაკვეთთან შედარებით, 40-80%-ის ფარგლებში მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობენ და უფასო საწვავი, მობილური ტელეფონი და სხვა სიკეთეც მრავლად აქვთ, ახლა მათი შრომის ანაზღაურების გაზრდის საკითხი დადგა დღის წესრიგში. სპეციალისტები ამის ეკონომიკურ საფუძველს აშკარად ხედავენ, მაგრამ გამოდიან რეკომენდაციით, დეპუტატების ხელფასი მიებას ეკონომიკურ ზრდას, ანდა იმის კრიტერიუმის მიხედვით, თუ რამდენად გაუმჯობესდება მათი საქმიანობით მოსახლეობის კეთილდღეობა და ცხოვრების პირობები.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორი თავად არის. თუკი ცვლილება დამტკიცდება, პარლამენტის წევრების ანაზღაურება, რომელიც ახლა 4 000-დან 7 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, 8 000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

„საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურის სისტემაზე. მათ შორის, ის 10%-იანი ზრდა რაც საჯარო სექტორში არის, პარლამენტის წევრებს არ ეხება. ამან შედეგად გამოიღო, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის, იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომელთა ხელფასი არის უფრო მაღალი, ვიდრე პარლამენტის წევრის. შესაბამისად, არის საჭიროება, რომ ყველაფერი შესაბამისობაში მოვიდეს.

ამიტომ ჩემი ინიციატივა ასეთია, რომ მართალია არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, ანუ 2025 წელის პირველი იანვრიდან, ანაზღაურება შესაბამისობაში მოვიდეს იმ კოეფიციენტებთან, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

იურისტები და ფინანსისტები პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ,,რეზონანსთან" აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ეკონომიკურად ამას საკმაოდ მყარი არგუმენტი აქვს, თუმცა რამდენიმე ნიუანსია გასათვალისწინებელი. იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, კორუფციული რისკების მართვისა და შემცირებისთვის მნიშვნელოვანია დეპუტატების არადეკვატური მატერიალური სოციალური უზრუნველყოფა, თუმცა სწორი იქნება, დეპუტატების ხელფასი იყო არა ფიქსირებული, არამედ ეკონომიკურ ზრდას მიებას და ამ პარამეტრის შესაბამისად განისაზღვროს.

"დეპუტატების ანაზღაურების ზრდა მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩნდეს ცდუნება, თავიანთი ფინანსური მდგომარეობა თანამდებობის გამოყენებით გაიუმჯობესონ. შესაბამისად, ამ მიმართულებით წარმოშობილი რისკი მუდმივად უნდა იყოს ზრუნვის საგანი.

რაც შეეხება რაოდენობას, ამაზე მეტი დასაბუთებაა საჭირო. თუკი 2025 წლიდან გეგმავენ ცვლილებას, გამოდის, რომ მომავალ პარლამენტარებს განუსაზღვრავენ ხელფასის ოდენობას, რაც მეტ დასასაბუთებელია. იდეა კორუიფციული რისკების შესამცირებლად მისაღებია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს არგუმენტირებული და  ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის ადეკვატური", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.

იგი მომხრეა, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასი იყოს 3-4-ჯერ მეტი იმასთან შედარებით, ვიდრე საჯარო მოსამსახურის მინიმალური ხელფასის მოცულობაა.

,,მაგალითისთის, საჯარო მოსამსახურის ხელფასი, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს, თუ არის 1500 ლარი, მაშინ მისაღებია 3-4-ჯერ მეტი  იყოს მაღალი რანგის მოხელის შრომის ანაზღაურება. აქ ვგულისხმობ პროპორციას. თუკი მშპ-ს მიებმება და გაიზრდება ეკონომიკა, მათი ხელფასიც მოიმატებს.  ფიქსირებული ხელფასის მომხრე არ ვარ,  კარგი იქნება, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახელფასო უზრუნველყოფის ზრდა მიაბან ეკონომიკის, საერთო კეთილდღეობის ზრდას", - დასძინა ლევან ალაფიშვილმა.

არსებობს სრულიად განსხვავებული შეფასება და შეხედულება. ის, რაც ეკონომიკურად გამართლებულია, მორალური თვალსაზრისით, გაუმართლებლად მიაჩნია ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს.

,,ეს თანხა ბიუჯეტისთვის ძალიან ცოტაა, იქ ნამდვილად არის შესაძლებლობა, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტორი არ უნდა იყოს გადამწყვეტი. გასათვალისწინებელია ის,  რომ ამ ადამიანების ხელფასი პირდაპირ იყოს დაკავშირებული, თუ როგორ მუშაობს სისტემა, იქნება ეს ხელისუფლების ზედა შტოები თუ  საშუალო რგოლის პერსონალი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა მაკროპარამეტრი იმის  მიხედვით, როგორ ასრულებს ხელისუფლება დაკისრებულ მოვალეობას.

 სხვა თანაბარ პირობებში არ არის პრობლემა, გაზარდონ ხელფასები. ეკონომიკურად აქვს ამას საფუძველი, მაგრამ  რამდენად გამართლებულია მორალურად, რამდენად გაუმჯობესდა მათი საქმიანობით მოსახლეობის მდგომარეობა, ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული. 

80%-იან მატებაზე თუ არის საუბარი, ეს ზრდაც აღნიშნულ ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს. როდესაც ეკონომიკა 4-5%-ით იზრდება და ნომინალური საშუალო ხელფასი  გაიზარდა 10-20 ლარით, ამ დროს ჩინოვნიკებისთვის 40-80%-ით გაზრდილი ხელფასი მორალურადაც მიუღებელი  უნდა იყოს", - უთხრა ,,რეზონანსს" ზვიად ხორგუაშვილმა.

მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ბიუჯეტის ხარჯვს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:

პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით),

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით),

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი (იზრდება 2 910 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი (იზრდება 3 460 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 8 750 ლარი (იზრდება 3 950 ლარით),

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 500 ლარი (იზრდება 3 760 ლარით),

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი - (იზრდება 3 626 ლარით).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×