რა მიზეზები განაპირობებს ეროვნული ვალუტის ვარდნას და რა ნიშნულთან იტრიალებს კურსი წლის ბოლომდე?
გვანცა წულაია
02.11.2023

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ლარი მყარდებოდა და ტენდენცია სტაბილურად ნარჩუნდებოდა, ახლა ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა და გაუფასურების გზას დაადგა. ეროვნული ვალუტა 2023 წლის ყველქაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ფინანსისტთა ნაწილი ტენდენციის გაგრძელებას პროგნოზირებს და ვარაუდობს, რომ კურსი 2.75-იან ნიშნულის ფარგლებსი იტრიალებს.

ლარის კურსი დღეისათვის იმ ნიშნულზე დაბლაა, რა მაჩვენებელზეც მიმდინარე წლის დასაწყისში იყო. თუ კი 1-ელ იანვარს 1 აშშ დოლარი 2.71 ლარი ღირდა, დღეისათვის კურსი 2.7150-ია, როგორც ოფიციალურად, ისე "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე. არადა მთელი წლის განმავლობაში კურსი ისე მყარდებოდა, რომ 2.47-ზეც კი ჩამოვიდა, თუმცა მას შემდეგ სიტუცია სრულიად რადიკალურად შეიცვალა.

თანდათანობითი გაუფასურება სხვადასხვა გარემოებით აიხსნება. მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში გადმორიხცვები შემცირებულია, გაცილებით დაბალია მიგრანტების ეფექტიც და თანაც ამ დროს იმპორტიორები საახალწლოდ საქონლის დამარაგებას იწყებენ, ვაჭრობა კი ხდება დოლარში, ანუ ხდება დიდი მოთხოვნაა დოლარზე და ქვეყნიდან უცხოური ვალუტა გაედინება.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ეროვნული ვალუტის გაუფასურებას კიდევ მოელის და აცხადებს, რომ ნოემბრის ბოლოსთვის კურსი დაახლოებით 2.75-იან ნიშნულზე იქნება.

"ლარის კურსის გამყარებაზე რა ფაქტორებიც მოქმედებდა, ეს გარემოებები ახლა ფაქტიურად განახევრებულია. მაგალითად, სავალუტო ტრანზანქციები. ჩვენ, ნოემბრის ბოლოსათვის, ეროვნულ ვალუტას 2.75-ის ფარგლებში ველოდებით”, - განუცხადა "რეზონანსს” შენგელიამ.

გარდა ამ ფაქტორებისა, კურსზე თავისი გავლენა ექნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასაც სტატისთან დაკავშირებით. როგორც ნიკა შენგელია ვარაუდობს, თუკი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ლარზე ამ გადაწყვეტილების გადაცემა ნამდვილად ექნება, თუმცა არა მკვეთრი.

"საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი თუ არ მისცეს, ეს გარემოება უარყოფითად იმოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, თუმცა არა ისე, რომ ნახტომისებური ცვლილება და გაუფასურება მივიღოთ. როგორც გითხარით, ნოემბრის ბოლოსთვის დაახლოებით 2.75-იან ნიშნულზე ველოდებით ლარის კურსს”, - დასძინა `რეზონანსთან” ნიკა შენგელიამ.

შეიძლება ითქვას, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა უკვე ეკონომიკისთვის გამოწვევად იქცა. ეროვნული ვალუტის გამყარებას ახლა არავინ მოელის. ეკონომისტები მკვეთრ ცვლილებას არ მოელიან, თუმცა ამბობენ, რომ გაუფასურების ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაშიც გვექნება, რაც ასევე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

სპეციალისტთა მეორე ნაწილის მოსაზრებით ლარის კურსის გაუფასურება დროებითია და არც საპანიკოა რაიმე. ეკონომისტს გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ლარი მცირედით არის გაუფასურებული, რაც არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რაიმე კატასტროფა ხდება.

"საერთოდ, კურსის დინამიკა გარკვეულწილად დამოკიდებულია საგადასახდელო ბალანსზე, ანუ როგორი არის სავალუტო შემოდინება და როგორია გადინება. სავალუტო შემოდინება დაკავშირებულია ექსპორტთან, ტურიზმთან, გადმორიცხვებთან. გადინება კი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი აქვთ გადასახდელი ქართულ კომპანიების, მათ შორის ბანკებს, მოკლევადიანი დავალიანება საერთაშორისო კრედიტორებთან. ამიტომ სიტუაციას ისე კი არ უნდა შევაფასოდ, კურსმა აიწია თუ დაიწია, არამედ უნდა შევხედოთ როგორია ლარის ბალანსი უცხოურ ვალუტასთან. თუ უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინება, წინა თვესთან შედარებით, არის უფრო ნაკლებია, ბუნებრივია, ეს აისახება სავალუტო კურსზე და მის შედარებით გაუფასურებაზე. თუ სიტუაცია პირიქითაა, ანუ ნეტო ბალანსი არის დადებითი, მაშინ ლარი მყარდება.

არაფერი კატასტროფული არ ხდება, თუ ლარი ცოტათი გაუფასურდა. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რაც ახასიათებს ნებისმიერ ეკონომიკას, ამიტომ მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ. ბოლო პერიოდზეა საუბარი, რაც ლარი გაუფასურდა და ეს დრო არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება.

საერთოდ, არც ძალიან გამაყრებული ვალუტაა კარგი და არც გაუფასურებული. ლარს ჩვენს უნდა შევხედოთ არა დოლართან მიმართებით როგორია, არამედ როგორია ჩვენს ძირითად სავაჭრო პატრნიორებთან - თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, აზერბაიჯანულ მანათთან, ევროსთან”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე აზრით, თუკი ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭება. მოკლევადიან პერიოდში ამ გარემოებას გავლენა ექნება კურსზე, მაგრამ საქართველოს ეროვნულ ბანკს ბერკეტი გააჩნია, რომ ინტერვენცია განახორციელოს და ლარის კურსი არ წავიდეს სპეკულაციისკენ და არ მოხდეს დიდი რყევა.

"მოლოდინი არის, რომ საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს და თუ ასე არ მოხდება, ეს უარყოფითად იმოქმედებს კურსზე, თუმცა აქაც უნდა განვმარტოთ, რომ გავლენა იქნება მოკლევადიან ჭრილში. ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში - არა. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტი, რომ თუნდაც ჩვენთვის ამ ყველაზე ცუდი სცენარისას, სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია განახორციელოს და ლარის საქმე არ წავიდეს სპეკულაციისკენ, ანუ არ მოხდეს მისი მკვეთრი რყევა.

ისტორიული მაქსიმუმი - 5.7 მილიარდი დოლარია საერთაშორისო რეზერვები, ამიტომ სებ-ს უპრობლემოდ შეუძლია ინტერვენცია განახორციელოს ისე, რომ საერთაშორისო რეზერვების სერიოზული კლება არ ჰქონდეს.

თუ არის მოლოდინი, რომ სტატუსს მოგვცემენ და ასეც იქნება, რაც მოსალოდნელია, მაშინ, ბუნებრივია, რომ ლარზე ზემოქმედება იქნება პოზიტიური”, - დასძინა "რეზონანსთან” ცუცქირიძემ.

ორგანიზაციების პროგნოზი, კურსთან დაკავშირებით, სტაბილურია. "გალტ ენდ თაგარტში” ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ, საშუალოდ, 2.70-ის ფარგლებშია იქნება.

საინვესტიციო კომპანიის შეფასებითვე, 2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში ლარი მცირედით გაუფასურდა, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია.

„რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ლარის სტაბილურობას განაპირობებს ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრები. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ, საშუალოდ, 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია "გალტ ენდ თაგარტის” მიმოხილვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×