კარგი და ძლიერი ელექტრომობილი ძალიან ძვირი ღირს, ძველი კი საქართველოში არვის უნდა
გვანცა წულაია
01.11.2023

საქართველოში ელექტრომობილები ძალიან ცოტაა და ვერანაირი პოპულარობით ვერ სარგებლობს ეკოლოგიური ტრანსპორტი. მიზეზი სხვადასხვაა, რაც ძირითადად, მისი ექსპლუატაციის დისკომფორტს უკავშირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით ქვეყანაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებიდან ელექტრომობილების წილი მხოლოდ და მხოლოდ 0.4%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში 1 336 ერთეული (37,353 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 913 ერთეული (20,089 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერში - 251 ერთეული (4,782 მლნ აშშ დოლარი)

აღსანიშნავია, რომ საშუალოდ, ერთი ელექტრომობილის ღირებულება 27-28 ათასი დოლარია.

მიუხედავად გაზრდილი სტატისტიკისა, ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა მინიმალურია. დენზე მომუშავე ავტომობილის არაპოპულარობას სწორედ დამუხტვის დიდი დრო და მცირე მანძილის გავლის შესაძლებლობა განაპირობებს.

გარდა იმისა, რომ ელექტრომობილის დატენვა საკმაო დროს მოითხოვს, დასამუხტი პუნქტებიც ქვეყანაში ძალიან ცოტაა. სწორედ ასეთი ობიექტების სიმცირეზე საუბრობს ავტომობილების იმორტიორთა კავშირის თავჯდომარე ლაშა დარბაისელი და აცხადებს, რომ `დამტენები ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი”.

"საქართველოში ელექტომობილები პოპულარობით ვერ სარგებლობს და ამის მიზეზი, პირველ რიგში, არის ის, რომ სახელმწიფოსგან არ არსებობს ხელშეწყობა, რომ მეტი დამტენი იყოს, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც. დამტენები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თუ ჩვენ ვკრძალავთ 2013 წლამდე ავტომობილების განბაჟებას, მხოლოდ იმიტომ, რომ სუფთა გარემო გვინდა. მაშინ ამ მხრივ რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები?

საჭიროა რაც შეიძლება მეტი დამტენის დამონტაჟება და დანარჩენს შემდგომში ხალხის სურვილზე, მოტივაციაზე და ბიზნესზე იქნება დამოკიდებული.

საერთოდ, საქართველო და ქართველი მომხმარებელი, ამ ბიზნესში, სიახლეებს სწარფად ითვისებს. ამის სურვილიც გვაქვს და უნარიც. მოგეხსენებათ, ელექტრომობილი არის მომავლის მანქანა და შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად გადადგამს სახელმწიფო ნაბიჯს ხელშეწყობისკენ, რაც უფრო მეტ დამტენს დაამონტაჟებს, მით უფრო გაიზრდება ინტერესი. თუ მოქალაქეებისგან ინტერესი წამოვა, რა თქმა უნდა, ბიზნესი ამ ყველაფერს ფეხს აუწყობს.

ქალაქგარეთ, ფაქტიურად, არ შეგვხვდება ელექტომობილი, რადგან, მანქანა ერთი დამუხტვით გადის მცირე მანძილს, რაც ქალაქგარეთ წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად არ არის საკმარისი. დამტენებს შორის მანძილიც დიდია, ამიტომ საჭიროა მისი ოდენობის გაზრდა და ამ შემთხვევაში, ელექტრომობილის მფლობელის ქალაქგარეთ გასვლასაც არ იქნება პრობლემა. ახლა, როცა ქვეყანაში ელექტროდამტენების რაოდენობა ცოტაა, მის მფლობელბს ნერვიულობა და ფიქრი უწევს, ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციამდე თუ მიაღწევს”, - განუცხადა "რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა.

ისეთი ელექტრომობილები კი, რომლებსაც ერთი დამუხტვით შორ მანძილზე გავლის შესაძლებლობა აქვს, ძვირია. ამიტომ, როგორც ავტოიმპორტიორი, საავტომობილო დარგის სპეციალისტი ელგუჯა ჯამაგიძე მიიჩნევს, ასეთი ავტომობილი საქართველოში პოპულარული ვერ იქნება და ეს გასაკვირი სულაც არ არის.

"ახალი თაობის ელექტრომობილები კარგია, ბევრს მოსწონს, მაგრამ ძვირი ღირს. ჩვენ ინოვაციებს სწრაფად ვერგებით, თუმცა ფინანსური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს. ქვეყანაში ისეთი სოციალური მდგომარეობა არ არის, რომ მოქალაქეებმა ახალი ავტომობილები შეიძინონ. ძველი ელექტრომობილს კი თუ ვინმე ყიდის იმიტომ, რომ გამოცვალოს. ასეთ ელექტრომობილებში აკუმლატორების პრობლემაა და შესაბამისად, მისი ტექნიკური მომსახურება ძნელია. ამიტომ არარენტაბელურად ითვლება, რომ ასეთი ელექტომობილები, რომლებიც ევროპაში იყიდება, საქართველოში წამოვიღოთ.

ჩვენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ცოტა სხვაგვარად გვაქვს მოწყობილი. საქალაქთაშორისო მგზავრობისას ელექტრომობილები არ გამოგვადგება, ამიტომ მისი შეძენისგან ყველა თავს იკავებს. საშუალო გამავლობის ელექტრომობილი, რომელიც გადის 180 კილომეტრს, მაგალითად, იმერეთში ვერ ჩააღწევს. ამ ლოკაციამდე მისაღწევად მინიმუმ ერთი გაჩერებაა საჭირო, რომ მანქანა დაიტენოს. ერთ გაჩერებას და დატენვას მინიმუმ ერთი საათი სჭირდება და ეს დრო ხომ მოცდენაა. იგივეა საჭირო უკანა გზაზე და გამოდის, რომ ადამიანი იმერეთში წასასვლელად მინიუმ 2 საათს კარგავს ავტომობილის დამუხტვის გამო. ვინც უფრო შორს მიდის, მაგალითად, ბათუმში ან ზუგდიდში, მას ორი გაჩერება დასჭირდება. სხვათა შორის, ჩქარ დამტენზე რაც უფრო ხშირად დაიტენება ელექტრომობილი, მისი აკუმლატორის ხარისხი მით უფრო მალე დაეცემა.

არსებობს ე.წ. შორმანძილიანი გავლის ელექტრომობილები, რომლებიც 400 კილომეტრს, ზოგი 600 კილომეტრსაც გადის, მაგრად ძალიან ძვირია და ევროპაშიც არ მინახავს ასეთი ავტომობილი. საქართველოში რომ არ იქნება, ეს გასაკვირი სულაც არ არის.

ამასთან, ელექტრომობილში გათბობა, შუქები ნელ-ნელა აცლის აკუმულატორს ძალას, რადგან ყველაფერი მასზეა მიერთებული. გამოდის, რომ ელექტრომობილი რეალურად უფრო ცოტას გადის, ვიდრე ტექნიკურ მონაცემებში უწერია", - განუცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ "რეზონანსს”.

2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობამ 3,3 ათასი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 37.5%-იან ზრდაა. 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ყველაზე მეტი ელექტრომობილი თბილისში თავმოყრილი, სადაც რეგისტრირებულია ელექტრომანქანების 67%. მეორე ადგილზე იმერეთია, ხოლო მესამე ადგილს აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი იყოფენ.

რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელი - 0,9 ათასი, 2018 წელი - 1,3 ათასი, 2019 წელი - 1,9 ათასი, 2020 წელი - 2,2 ათასი, 2021 წელი - 2,4 ათასი, 2022 წელი - 3,3 ათასი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×