მიგრანტების ეფექტი, ფაქტობრივად, ამოწურულია და წლის ბოლოს ეკონომიკა მათ გარეშე გააგრძელებს განვითარებას
თიკა სიბოშვილი
31.10.2023

საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში შთამბეჭდავად ვითარდებოდა, თუმცა უკვე მეორე თვეა, რაც ზრდის ტემპი ისეთი მაღალი არ არის, როგორც აქამდე იყო. აგვისტოდან მოყოლებული შენელება თვალში საცემია. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 5.1%-ით გაიზარდა. ეს უკვე ზედიზედ მეორე თვეა, როცა ეკონომიკის ზრდის ტემპი იკლებს. მიუხედავად ამისა, დადებითი ტრენდი მაინც შენარჩუნებულია. როგორი იქნება ბოლო თვეები და როგორ დასრულდება წელი, ეს ახლა ყველაზე მეტად საყურადღებოა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტია.

"საქსტატის" ცნობით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები; ხოლო კლება აღინიშნა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.

რაც შეეხება 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტი იყო.

ზრდის შენელება, ძირითადად, გამოწვეულია რუსეთიდან ნაკლები მიგრანტების შემოსვლისა და ტრანზაქციების შემცირებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის "მიგრანტების ეფექტი" ამოწურულია, რაც მოსალოდნელი ისედაც იყო. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს ეფექტი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო საგრძნობი იქნება, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებელი საპროგნოზომდე დავიდეს.

როგორც ეკონომისტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან გასული წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა არ იყო რაიმე განსაკუთრებული მოვლენებით გამოწვეული. ის იყო საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეული ნახტომი და ახლა ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება.

„2023 წელს ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელი იყო. შარშან, როცა მშპ ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა, ეს, ძირითადად, მიგრანტების გავლენით იყო გამოწვეული. როგორც საერთაშორიო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით დაახლოებით - 3% მოდიოდა მიგრანტების ხარჯზე.

შარშან რომ არ გვქონოდა მიგრანტების ეფექტი, 2022 წელსაც გვექნებოდა ერთნიშნა ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დაახლოებით 4-5%-ის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, ახლა ძველ რიტმს ვუბრუნდებით და ახლანდელი რეალობა ზუსტად ჯდება არსებული მაჩვენებელის ფარგლებში.

დღესდღეობით ომამდე და მიგრანტების შემოსვლამდე როგორც იყო, ისევ იგივე ტენდენციას დავუბრუნდით. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არაფერი  იცვლება, რადგან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ იყო გამოწვეული მთავრობის ეკონომიკური რეფორმებით ან რაიმე ინოვაციებით. ეს იყო არსებულს დამატებული მიგრანტების ეფექტი, რამაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოიტანა. ახლა, ეს ეფექტი განეიტრალდა და კვლავ დავუბრუნდით ერთნიშნა მაჩვენებელს, ეს მდგომარეობა არ ცვლის არაფერს, მივდივართ ისევ ძველი ეკონომიკური ტემპით, როგორც აქამდეც მივდიოდით“, - აღნიშნა მაკალათიამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

არსებული მაჩვენებელი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს ნამდვილად კარგია, თუმცა გასული 2021-22 წლის მაჩვენებლებს ჩამოუვარდება. მნიშვნელოვანი ერთი რამ არის, რომ ქვეყანამ ეკონომიკურად განვითარება განაგრძოს და ყველაფერი მოსახლეობაზე სასიკეთოდ აისახოს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის შეფასებით, მოლოდინი იმისა, რომ 2023 წელსაც ორნიშნა მაჩვენებელი გვექნებოდა არც წლის დასაწყისში ყოფილა, თუმცა ეკონომიკის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად ზრდას ხელი აუცილებლად უნდა შევუწყოთ.

„მშპ-ს ზრდის ტემპის წინასწარ პროგნოზირება რთულია. სხვა თვეებთან შედარებით, გარკვეულწილად სახეზე შემცირება, თუმცა კარგია, რომ ჯერ კიდევ მაღალი ეკონომიკური შედეგები ნარჩუნდება. პროგნოზირებულთან შედარებით, მაინც უფრო მაღალია.

ასევე ვხედავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მუდმივად ზრდის მიმართულებით ცვლიან საკუთარ პროგნოზებს. ამიტომ დანამდვილებით კარგია, ის მაჩვენებელი, რაც ახლა გვაქვს.

წელს არც ყოფილა იმის მოლოდინი, რომ ორნიშნა მაჩვენებელზე გავიდოდით. რთულია ყოველ წელს ამის მიღწევა. იმედია, შევინარჩუნებთ აღებულ ტემპს და შემდეგ თვეებში კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკული შედეგები გვექნება“, - აღნიშნა კაპანაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×