შეიძლება ეს დროში ცერ მოესწროს და წლები დასჭირდეს, მაგრამ აუცილებელად გასაკეთეველია
ქეთო გოგოხია
31.10.2023

დედაქალაქში მალე მიწის სისტემური რეფისტრაცია დაიწყება. თბილისის მერია უკანონოდ მიტაცებული ნაკვეთების პრობლემის გადაჭრას ამ გზითაც შეეცდება. ურბანისტები ამბობენ, რომ ქალაქის გეგეგმარების თვალსაზრისით პროგრამა აუცილებლად განსასახორიებელია, რაც მოქალაქეებისთვისაც კარგი იქნება, უბრალოდ, დიდ დროს და რესურსს მოითხოვს.

თბილისის მერიის ინიციატივით უკვე განისაზღვრა მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალები. აღნიშნულ პროცესში თავდაპირველად ჩაერთვება ახალდაბა, ბეთანია, კვესეთი, კიკეთი და საღორისი, დეკემბრიდან - წყნეთი, მომავალი წლის თებერვალში - კოჯორი, აპრილში - ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, ივლისში - ძველი ვეძისი, დიდგორი და დიღომი.

შერჩეულ არეალებში პროექტი შეეხება დაახლოებით 27 684 მიწის ნაკვეთს. დედაქალაქში პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში მწვავე პრობლემა იყო მიწების მიზანმიმართული მიტაცება, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ბევრი ნაკვეთი, რომელზეც საკუთრების უფლების დადგენა აღემატება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.

„მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერად ამირჩიეს, ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, მე და ჩემი გუნდი არაერთხელ შევეჯახეთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის მაგალითად, უკანონოდ დაკავებულ სახელმწიფო და მუნიციპალურ მიწებზე გარკვეული მშენებლობები და აღნიშნული მიწების მიზანმიმართული მიტაცება.

ყოველ ჯერზე, კანონის აღსრულებას მოსდევდა აჟიოტაჟი, რომ თითქოს დედაქალაქის მერია მოქალაქეებს ართმევდა და უნგრევდა საცხოვრებლებს. არადა, ყველამ კარგად დაინახა, რომ ასეთი ფაქტების უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამით სარგებლობდნენ. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ მიიტაცონ სახელმწიფო და მუნიციპალური მიწები”, - განაცხადა თბილისის მერმა და დასძინა, რომ რეფორმის ფარგლებში სრულებით უფასოდ აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

აღსანიშნავია, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები, თუმცა აქ გასათვალისწინებელია გარკვეული წინაპირობები, რის შესახებაც მოქალაქეები იქნებიან ინფორმირებული.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია, თუ მიწის ნაკვეთი მოქალაქეს 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად აქვს დაკავებული და მას სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის მომენტისთვის ფლობს, ხოლო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და/ან მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო კატეგორიისაა. ამ შემთხვევაში დასაშვებია მასზე შენობა-ნაგებობა განთავსებული არ იყოს, ან საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ ემიჯნებოდეს. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 5 ჰექტარს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში ეხება მიწის ნაკვეთების მფლობელებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრირებული საკუთრების უფლება.

ურბანისტები თბილისის მერიის გადწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ რეფორმა აუცილებლად ბოლომდე უნდა მივისწა. სწორედ ასეთი პოზიცია აქვს თბილისის გენერალური გეგმის თანაავტორ მერაბ ბოლქვაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ასეთი საკითხების მოგვარების დროს იურისტების ჩართვაც საჭიროა. 

"სისტემური რეგისტრაცია თავიდანვე ძნელი დასაწყები იყო, რადგან ჩვენთან მიწები მიტაცებულიც არის, გადასვლებიც ფიქსირდება და გადაპარვებიც, ზოგადად, ეს აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა, რადგან ადრე თუ გვიან პრობლემა გასასწორებელია. ვფიქრობ, ასეთი საკითების მოგვარების დროს იურისტების ჩართვაც საჭიროა. 

ქალაქგეგმარების თვალსაზრისით ეს ნამდვილად შესასრულებელი სამუშაოა, უბრალოდ, დიდ დროს წაიღებს, რადგან ამხელა და ამდენ ტერიტორიაზე არ ხდება პრობლემის უცბად გადაჭრა, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა და თანმიმდევრობით მწყობრში თუ მოვა, ძალიან კარგი იქნება, რადგან ბევრი პროექტი ხშირად ამ პრობლემის გამო ფერხდება. პროექტის შესრულებამდე მიწის საკითხი უნდა მოწესრიდგეს, გასწორდეს წითელი ხაზები, დაზუსტდეს ყველაფერი, ზოგი შეუსაბამო ნაკვეთია და უნდა გაირკვეს არის თუ არა მისი შესაბამისობაში მოყვანის საშუალება.

მოქალაქეებისთვის კარგია, რადგან ზოგს რაღაც შეზღუდული უფლებები აქვთ და ეს მიმართულებაც მოვა წესრიგში, ამიტომ ამ კუთხითაც დადებითია მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყება, თუმცა, როგორც გითხარით, მალე ვერ მოგვარდება და ამისთვის წლები იქნება საჭირო”, - განუცხადა "რეზონანსს” ბოლქვაძემ.

რეფორმას იწონებს დედაქალაქის გენგეგმარების კიდევ ერთი თანაავტორი მამუკა სალუქვაძე. მისი მოსაზრებით, არარეგისტრირებული მიწა უამრავ პროექტს აფერხებს, მათ შორის, ლეგალურს.

"რეგისტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი რამისთვის და სხვადასხვა ნაბიჯებისთვის, მათ შორის თავად მესაკუთრეებისთვისაც. რა სჯობს, როდესაც გაქვს მიწა ნაკვეთი და შეგიძლია მისი განკარგა თუ გაქვს ნაკვეთი, მაგრამ არ შეგიძლია მისი მოხმარება?

სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი გადაუფორმებელი მიწის ნაკვეთია. თბილისი გენგეგმაზე მუშაობის დროსაც ვიძიებდით ამგვარ ტერიტორიებს. მაგალითად, დიდგორისკენ დიდი დიღმის მიმდებარედ. მებაღეობები არსებობდა, სააგარაკეო მეურნეობებიც, მოკლედ რომ გითხართ, ბევრნაირი ფორმა არსებობს, თუ როგორ აქვს მოქალაქეს მიწა მიტაცებული.

არარეგისტრირებული მიწა უამრავ პროექტს აფერხებს, მათ შორის, ლეგალურს. როდესაც ქალაქის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არ ვიცით და ვერ ვპოულობთ რეგისტრირებულ მიწას, ძალიან რთული ხდება შემდგომი ეტაპის ქალაქს გენგეგმარების დოკუმენტების გაკეთება. იგივე განაშენიანების რეგულირების გაგმის და ა.შ. მოკლედ, არარეგისტრირებული ნაკვეთები ძალიან აფერხებს პროცესებს, გარდა იმისა, რომ თავად მესაკუთრეებისთვისაც არ არის ხელსაყრელი.

სახელმწიფოს მხრიდან დახმარება თუ იქნება, და უნდა იყოს, ეს ძალიან კარგია, მხოლოდ მივესალმებით, არ შეიძლება ვინმე სსხვა აზრი გააჩნდეს. ეს არის იმის ლეგალიზაცია, რაც ბევრ ადამიანს გააჩნია, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ახერხებს დაკანონებას. 

დიდი დრო დასჭირდება. მიმართვაინობა იქნება საკმაოდ დიდი, მაგრამ გააჩნია, რას სთავაზობს მერია მოქალაქეებს. რეფორმა კარგად უნდა იყოს ორგანიზებული, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ამ საქმეში დახმარებას. თუ ყველაფერი სწორად გათვლილია, ბუნებრივია, ეფექტური იქნება და ნაკლები დრო დაიხარჯება, მაგრამ თუ პროცესი ქაოსური აღმოჩნდება და სხვა რამეზე იქნება დამოკიდებული, გარდა გეგმისა, მაშინ დიდი დრო დასჭირდება”, - უთხრა "რეზონანსს” მამუკა სალუქვაძემ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-24 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულიად უფასოდ არეგისტრირებს.

სისტემური რეგისტრაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით, ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.

იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეფორმის დაწყებამდე ვერ არეგისტრირებდნენ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციის არქონის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის, აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის ან სხვა დაბრკოლების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის და მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×