დღემდე საცხოვრებელ კორპუსებში არც დეტექტორებია დაყენებული და სათანადოდ არც უსაფრთხოების სისტემაა შემოწმებული
ქეთო გოგოხია
30.10.2023

საცხოვრებელ ბინებში გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობლემაა. ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და უკვე არის მსხვერპლი, რაც  გვაფიქრებს, რომ სიტუაცია სეზონის განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს. საკმაოდ დიდია რისკი, რომ გაზით მოწამვლისა და დანადგარების აფეთქების შემთხვევები გახშირდება.

პრობლემა მასშტაბურია, ვინაიდან სახლის გასათბობად და წყლის გასაცხელებლად დღემდე ბევრი ადამიანი იყენებს გაზის ე.წ. „მკვლელ მოწყობილობებს“. დღემდე საცხოვრებელ კორპუსებში არც დეტექტორებია დაყენებული და სათანადოდ არც უსაფრთხოების სისტემაა შემოწმებული.

კონტროლის აუცილებლობაზე უკვე ალაპარაკდა ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რომლის განცხადებითაც, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ვიდრე მოსახლეობა გამათბობლების გამოყენებას დაიწყებს, საჭიროა, რომ მისი გამართულობა შემოწმდეს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ვარდიაშვილმა განმარტა, რომ  აუცილებელია სახლი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიავდეს და დეტექტორები დამონტაჟდეს, რაც ნელ-ნელა უსაფრთხო გარემოს ჩამოაყალიბებს.

„უნდა მივეჩვიოთ, რომ წელიწადში ერთხელ, ვიდრე ჩვენს დანადგარებს ჩავრთავთ, ცენტრალური იქნება ეს თუ ადგილობრივი ან წყლის გამათბობელი და ა.შ. მოვიყვანოთ სპეციალისტი და მთლიანად შეამოწმოს ისინი. ვიდრე გათბობას ჩავრთავთ ან რაიმე გამაცხელებლის მოხმარებას აქტიურად დავიწყებთ, გავიგოთ რა მდგომარეობაშია, ხომ არ არის გასაწმენდი, მწყობრიდან ხომ არ გამოვიდა.

საერთოდაც, უნდა გავითავისოთ, რომ რაღაც პატარა ღიობი მაინც უნდა იყოს მუდმივად სახლში გახსნილი, ეს მთლიანად აგვარიდებს ყველანაირ უბედურებას. ასევე, ჩვენივე ინიციატივით დეტექტორების დამონტაჟება უნდა დავიწყოთ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს იქამდე, რომ უსაფრთხო გარემოს შევქმნით",- განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

დარგის სპეციალისტები დაუფარავად ამბობენ, რომ წელს კიდევ უფრო რთულ ვითარებას უნდა ველოდოთ, ვინაიდან არსებული გაყვანილობა და სისტემა უფრო და უფრო ძველდება. გაზის მეურნეობის სპეციალისტის ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ (ამჟამად ,,თბილისი ენერჯი“) ყოფილი თანამშრომლის სოსო სიმონიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ  გამათბობლების ხარისხი არ მოწმდება, არც ხალხი ინტერესდება ტექნიკის გამართულობით და ასეთ არასწორ დამოკიდებულებას მოქალაქეები ეწირებიან. პრობლემას სოსო სიმონიშვილი კონტროლის დაბალ დონეს უკავშირებს.

,,გაზის სპეციალისტები ყველა ოჯახში უნდა შედიოდნენ და ამოწმებდნენ უსაფრთხოებას. სანამ უბედურება არ მოხდება, ამას არავინ აკეთებს. ადრე ამ დანიშნულებას ასე თუ ისე ასრულებდა ინკასატორი, მაგრამ ახლა მრიცხველები გარეთ არის გამოტანილი და მომხმარებელთან კომუნიკაცია, ფაქტობრივად, არავის აქვს.

მთელ ქალაქში გაზის დანადგარების შემოწმება უნდა ხდებოდეს სეზონის წინ, აუცილებლად უნდა მივიდეს ტექნიკური მუშაკი და შეამოწმოს ოჯახი გათბობის რა საშუალებას იყენებს და რამდენად უსაფრთხოა. არაფრით არ შეიძლება  უსაფრთხოების უგულებელყოფა, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უბედური შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში ასე გახშირდა", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" სიმონიშვილმა.

ერთ-ერთი გამოსავალი, რაზეც სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს, გაზის დეტექტორებია, რომლის დამონტაჟება თითქოს სავალდებულო უნდა ყოფილიყო, თუმცა დღემდე ყველაფერი ძველებურადაა.

,,ხალხს ისღა დარჩენია, გაზის დეტექტორები თვითონ იყიდოს და მიაქციოს ყურადღება. არც ამ მხრივ შეიმჩნევა მაინც და მაინც დიდი დაინტერესება. არც სავენტილაციო და გაზის სისტემები მოწმდება წინასწარ, ფანჯარას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარკმელი და არასდროს უნდა იხურებოდეს. ასეთ შემთხვევაში  საერთოდაც რომ გადაიხსნას მილი, არც მოწამვლა იქნება და არც აფეთქება. მთავარია, ოთახი ნიავდებოდეს“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული  უბედური შემთხვევების გახშირებაზე გაამახვილა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ყურადღება ინჟინერმა, გაზის ხარისხის ექსპერტმა სიმონ ბარამიძემ. იგი მოითხოვს, რომ ბუნებრივ აირში აუცილებლად შეერიოს ოდორანტი, რომ სუნი საგრძნობი იყოს, რაც რისკს მაქსიმალურად შეამცირებს.

,,კონტროლი მაქსიმალურად არის გასამკაცრებელი, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ სიტუაცია არ იცვლება, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. ისედაც რთულ სიტუაციაში ვართ. ვითარება მძჳმდება, ძირითადად, იმის გამო, რომ არაპროფესიონალურად მონტაჟდება დანადგარები, ზოგ შემთხვევაში, თვითნებურადაც. ასევე, ზედამხედველობის გარეშეა დატოვებული ქსელი. არ მოწმდება ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხლებლები.

მთავარი მიზეზი, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ, არის ოდორანტის არარსებობა. მოსახლეობის გაზმომარაგების ქსელი და ქალაქში დამონტაჟებული გაზგასამართი სადგურები ერთი მაგისტრალით მარაგდება. წარმოიდგინეთ, როგორი სუნი იქნება მთელ თბილისში იმ შემთხვევაში, ოდორანტი მთელ სისტემას რომ დაემატოს. ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე „იდგა“ და ისე იყო, როგორც სტანდარტია, დღეს დასვეს ერთ ქსელზე.

მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტები და ამიტომაა, რომ სეზონის განმავლობაში გაზის აფეთქებისა და მოწამვლის ათეულობით შემთხვევებია. არც წელს ვართ ამ საფრთხისგან დაზღვეული", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" ბარამიძემ.

ცალკე პრობლემა გაზის დაბალი ხარისხია, რაზეც მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს. საქართველოს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში უხარისხო ბუნებრივი აირი მოიწოდება.

,,ჩვენ ისედაც დაბალი ხარისხის გაზი მოგვეწოდება, გაუფილტრავი, დაუმუშავებელი აირი. რაც შემოდიოდა რუსეთიდან, სტანდარტთან სულ თანხვედრაში იყო - 1 კუბ/მ გაზის წვისგან 9 კვტ/სთ ელექტროენერგიას ვიღებდით. ახლა ეს მაჩვენებელი 6 კვტ/სთ-ს შეადგენს, ვინაიდან გაზი არ სუფთავდება. 

საბოლოოდ ცუდი შედეგი გვაქვს. სერიოზული  რისკის ზონებია საქართველოში, განსაკუთრებით ძველი სახლები, სადაც კუსტარულად მოწყობილი დანადგარების დიდი რაოდენობაა", - დასძინა სიმონ ბარამიძემ ჩვენთან საუბრისას.

ცნოიბისთვის, „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მოქალაქეებს მოწყობილობების შემოწმებას სრულიად უფასოდ სთავაზობს. მიუხედავად ამისა, ყოველი ზამთრის დადგომის წინ უამრავი საცხოვრებელი სახლი შეუმოწმებელი რჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×