"ქვეყანაში ნავთობპროდუქტების შემოტანის საკითხი ბოლომდე დაწყობილ-დალაგებული არ არის"
ქეთო გოგოხია
30.10.2023

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ღირებულება თითქმის 10%-ით არის გაიაფებული. ფაქტობრივად  ყველა მოცემულობაა, რაც ფასზე დადებითად მოქმედებს. ამ მომენტისთვის ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საწვავი  საქართველოში არ გაძვირდეს, თუმცა ფასის კლება ამ ეტაპზე წარმოუდგენელია. იმპორტიორებს ეს მოლოდინი არც აქვთ, მთავარია გლობალური ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიაფდება საწვავი ქართველი მომხმარებლებისთვის.

1 ბარელი ნავთობის ფასი ღირებულება 88 დოლარის ფარგლებშია. ბოლო 2 კვირაა, საწვავის საცალო ფასიც არ იცვლება და ერთსა და იმავე დონეზეა.ის კი არა, ,,პლატცის“ფასი ცოტა დაბლაც არის ჩამოსული და 1 ტონა ბენზინზე 803 დოლარს შეადგენს, იმავე მოცულობის დიზელის შემთხვევაში კი 865 დოლარია.

სავარაუდოდ, თუკი დეფიციტის პრობლემა საქართველოში აღმოფხვრილია, საწვავის გაიაფების პროცესი უნდა დაიწყოს. გლობალურ ბაზრებზე დიდ იმედს იძლევა საუდის არაბეთის განცხადება, რომ ახალი წლიდან გაზრდის მოპოვებას. ახლო აღმოსავლეთში  მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე არის შიში, რომ შეიძლება მასშტაბური ომი დაიწყოს  და ნავთობზე მოთხოვნა შემცირდეს.

ადგილობრივ ბაზარზე გაძვირების პროცესი რომ დასრულებულია, ამას კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძეც ადასტურებს, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ შეუძლებელია პროგნოზი, რამდენ ხანს გასტანს არსებული ტენდენცია და როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე.

"ბაზარზე პლატცის ფასი ნამდვილად დაბლა წამოვიდა, მაგრამ შემოტანის საკითხი  ბოლომდე დაწყობილ-დალაგებული არ არის. ძნელი სათქმელია, საერთოდ, რამდენად მოახდენს გავლენას ან როგორ მოახდენს, რა ცვლილებები გატარდება მომავალში. ნამდვილად შეიცვალა ვითარება და შეიძლება აღარ გახდეს საჭირო ფასის გაზრდა.

ახლა მნიშვნელოვანია, ქართველი იმპორტიორები რამდენად სწრაფად მოვახერხებთ რეაგირებას და შემოტანას საერთაშორისო ბაზარზე დაკლებული ფასის პირობებში. თუ მოხერხდება, შესაბამისად, საცალო ღირებულებაზეც აისახება. მოლოდინი ყოველთვის ოპტიმისტურია, თუმცა ის, რომ ფასი დაბლა წამოვა, ამაზე მყარი პროგნოზის გაკეთება ძნელია“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ.

ადგილობრივ ბაზარზე გაიაფების მოლოდინი არც დარგის სპეციალისტებს აქვთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთის ბაზარი ბოლომდე ჩანაცვლებული არ არის. მართალია, მიწოდების კუთხით საფრთხე არ იკვეთება, მაგრამ რუსეთის ალტერნატივა რომელი ქვეყანა გახდება, ქართველი იმპორტიორებისთვის ეს ჯერ კიდევ უცნობია.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე რაიმე სერიოზული ცვლილების იმედი არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ შეიცვლება ტენდენცია როგორც მიმდინარე პროცესების, ასევე ვადიანობის კუთხით, რაც დროთა განმავლობაში გამოიკვეთება.

,,მსოფლიო ბირჟებზე რა მდგომარეობაცაა, ეს საწვავის გაიაფების მოლოდინს ვერ ქმნის. დაახლოებით 6-7%-იანი ფასების კლებაა ნავთობზე, რაც არ არის ის ნიშნული, რამაც შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე ცვლილება მოიტანოს. ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ, რომ პერსპექტივაში ადგილობრივ ბაზარსაც გადაეცემა. ასეთ შემთხვევაში  ყურადღება უნდა მიექცეს არა ვადებს, არამედ თვითონ ტენდენციას, თუ რა მსვლელობა ექნება პროცესებს გლობალურ ბაზრებზე და საერთოდ გაგრძელდება თუ არა ფასების კლების დინამიკა.

ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო ტენდენიის გადაცემას 2-დან 3 კვირამდე სჭირდება. ეს დროს, მუდმივად უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ნაწილი სხვა პლატფორმაზე, ე.წ. ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთო“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, რუსეთის ბაზრის ფაქტორის გავლენა ამ ეტაპზე არ არის საგრძნობი, ვინაიდან, ფასმა მეზობელ ბაზარზეც მოიმატა. შეიძლება დღეს, ცოტათი ნაკლები ფასი გვქონოდა, მაგრამ არა იმ სხვაობის, რომ ბაზრისთვის მნიშვნელოვან პოზიტივად ჩაგვეთვალა.

,,ახლა მთავარია, თუ რამდენად მოხერხდება საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციების შენარჩუნება და როგორია ეს პროცესი. რუსეთის ბაზარზე რა შეზღუდვებიც იმპორტზე თავად დააწესეს, ჯერჯერობით რაიმე დიდ პრობლემას არ გვიქმნის. თანაც, შეზღუდვა არ მოქმედებს დიზელზე, თუმცა ბენზინზე ნარჩუნდება. შესაბამისად, კომპანიების ნაწილი სხვა ბაზრებზე გადაერთო.

ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი ჩანაცვლდა, მიმდინარეობს ეს პროცესი და სამომავლოდ გამოიკვეთება. გასათვალისწინებელია რუსული საწვავის ფასი, რაც გაზრდილია. ჩვენ იმპორტი რომ არ შეგვზღვუდოდა, ისედაც გაძვირდებოდა 5-10 თეთრით დამატებით. ამდენად, ეს არ არის რაიმე გავლენის მომხდენი ფაქტორი ქართული ბაზრისთვის.

რაც შეეხება საუდის არაბეთის პოზიციას, დინამიკაში გადაცემას ჰპოვებს, თუმცა ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია. მოკლევადიანი დინამიკა  უფრო მოქმედებს, ვიდრე გრძელვადიანის სცენარი. ცხადია, საუდის არაბეთის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, მიუხედავად იმისა, რომ არაოფიციალური იყო, ამასაც ჰქონდა ზეგავლენა, ვინაიდან  ბირჟები საცალო ბაზრებზე ძალიან მგრძნობიარეა. მოკლევადიან პერსპოექტივაში საწვავის ფასზე იმდენი ფაქტორი მოქმედებს, რომ ამას ნამდვილად არ შეუძლია მოქმედება ღირებულების ფორმირებაზე“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×