ლევან მეხუზლა: „WWTG-ს წლიური შეხვედრა თბილისში იმართება, რაც არის განაცხადი, რომ მეღვინეობის დარგი და მისი პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“
ქეთო გოგოხია
27.10.2023

წლევანდელ რთველს კლიმატურმა პირობებმა პრობლემები შეუქმნა, თუმცა სახელმწიფოსთან კოორდინირებული მუშაობით რისკები მინიმუმამდე დავიდა და ყველაფერი გაკეთდა, რათა ამინდის გავლენას ნაკლები დანაკარგი მოჰყოლოდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა მთავარი საზრუნავი ღვინის ხარისხია, რათა გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მიერ დამკვიდრებული ნიშა უფრო მეტად განმტკიცდეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო. კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე  ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" გადაამუშავა. კახეთის რეგიონში, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 247 მლნ ლარს მიაღწია.

რაც შეეხება რაჭას, რეგიონში გადამუშავებულია 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალი  11,6 მლნ ლარს აღწევს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 50-მდე ღვინის კომპანია და მარანი.

ღვინის კერძო საწარმოებისა და მევენახე ფერმერების სტიმულირების, ასევე მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, ორივე რეგიონში მოქმედებდა რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა: რაჭის შემთხვევაში, სუბსიდია მიიღო ყველა იმ კომპანიამ, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი. ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცა.

კახეთის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდია მიიღო იმ კომპანიამ, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან/და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 90 თეთრი. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემმა სუბსიდიამ შეადგინა 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისთვის  - 20 თეთრი. ამასთან ერთად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ"  მევენახე ფერმერებს, კლიმატური პირობების გამო, დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარი გადაუხადა.

წლევანდელ მიღწევებზე ისაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ წელს სუბსიდია ძალიან დაეხმარა დარგს, რათა ფერმერებს დანაკარგი არ ეგრძნოთ და მოსავლის ჩაბარების მხრივ ხელი არ შეშლოდათ. მისი შეფასებით,  მეღვინეობისთვის, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რთული წელი იყო, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, რომ ხარისხის ნიშა შენარჩუნდეს და ქართული ღვინის ექსპორტი უფრო წარმატებული გახდეს.

,,წლევანდელი რთველი საკმაოდ ბევრი გამოწვევით ხასიათდებოდა. ეს უკავშირდებდა კლიმატურ პირობებს, ვინაიდან გაზაფხული და ზაფხული ძალიან ნესტიანი იყო, რამაც ხელი შეუწყო ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა ჭრაქი და ნაცარი. ამან მოსავალის რაოდენობაზე გავლენა იქონია.

ამის შემდეგ უშუალოდ რთველის დროს დაემატა სეტყვა კახეთში, რამაც უკვე მოწეულ ყურძენს დიდი ზიანი მიაყენა. კახეთში 204 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა მთლიანად ქვეყანაში 220 ათას ტონას მიაღწია მოსავლის რაოდენობამ, რაც, რა თქმა უნდა, ცოტაა. 2017 წლის მერე ასეთი მცირე მოსავალი არ ყოფილა. ბოლო წლების მოსავლიანობას თუ გავითვალისწინებთ, სტაბილურად 250-270 ათასი ტონის ფარგლებში იყო.

წელს სუბსიდია ძალიან დაეხმარა დარგს, რომ დანაკარგი არ ეგრძნოთ და ფერმერებს მოსავლის ჩაბარების მხრივ ხელი არ შეშლოდათ. მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, მიმაჩნია, რომ იგი საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. გერმანიაშიც არის რეგიონები, სადაც რთული კლიმატური პირობების გამო უწევს მთავრობას სუბსიდირება.

იქიდან გამომდინარე, რომ წელს მოთხოვნა მაღალი იყო, ამან შესაძლებლობა მოგვცა, სუბსიდირების მოცულობა გასულ წლებთან შედარებით, 1 კილოგრამ ყურძენზე 15 თეთრით შეგვემცირებინა და 20 თეთრამდე განგვესაზღვრა. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება, მერე შევეცდებით ნელ-ნელა გამოვიდეთ რთველის სუბსიდირებიდან და სხვა მიმართულებით გადავამისამართოთ სახსრები", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვენახის კადასტრის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კადასტრის ფარგლებში მუდმივად ხდება ვენახების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რაც დარგის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

,,წელს აქტიურად მიმდინარეოვს ვენახის აღწერა დასავლეთ საქართველოში, იმერეთსა და გურიაში. პროგრამა წელსვე დასრულდება და შესაბამისად, სრული სურათი გვექნება, რა ვენახები გვაქვს და რამდენია მათი მოცულობა. ყველა ვენახს მიენიჭება თავისი უნიკალური კოდი, რაც სამომავლოდ გააადვილებს მიკვლევადობას. საბოლოოდ, ეს დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბევრი საინტერესო ქართული ჯიში გამოჩნდა, რომელიც ნელ-ნელა ბრუნდება და პოპულარული ხდება. მათ შორის ისეთი ჯიშები, რომლის შესახებაც 2-3 წლის წინ შეიძლება არავინ იცოდა.

სასიამოვნო ფაქტია, რომ კარგად ვითარდება მევენახეობა დასავლეთ საქართველოში. იმერეთი ლიდერობს, თუმცა ზუგდიდში გამართულ ღვინის დღეებზეც არაჩვეულებრივი ქართული ჯიშები ჰქონდათ გამოფენილი ადგილობრივ მეღვინეებს", - დასძინა ლევან მეხუზლამ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა  ყურადღება გაამახვილა, არის ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) სხდომა თბილისში, რომლის თავმჯდომარეობასაც აშშ-სგან საქართველომ მიმდინარე წელს გადმოიბარა.

,,WWTG-ს წლიური შეხვედრა ოქტომბრის ბოლო დღეებში იმართება თბილისში. ეს არის ჩვენთვის განაცხადი, რომ მეღვინეობის დარგი და მისი პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის  ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.

ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრი საქართველო 2010 წლიდანაა. მასში წარმოდგენილი ქვეყნები ცდილობენ გააიოლონ ღვინით ვაჭრობა გლობალურ ბაზრებზე. ამ ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა სავაჭრო ბარიერებზე, ანუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო ადვილი გახდეს მეწარმისთვის ღვინის რეალიზაცია ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრია აშშ, რომელიც საინტერესო ბაზარია ღვინის ექსპორტისთვის. ხელმოწერილია ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა ეტიკეტების და სერტიფიკატების ურთიერთაღიარება და სხვა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს აღიარებს აშშ და მეწარმეს დამატებითი დოკუმენტაციას არ სთხოვს და ბარიერს არ უქმნის.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ათამდე ქვეყნიდან ეწვია სტუმრები, რომლებიც 2 დღის განმავლობაში დარგთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, გავაცანით მათ რა ხდება საქართველოში და რამდენად კარგი ღვინო მზადდება ღვინის სამშობლოში.

ღვინის დღეების ფარგლებში ძალიან საინტერესო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა ჩვენი ორგანიზებით. კონფერენცია - „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.  24 მეცნიერი გვყავდა ჩამოყვანილი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის,  აშშ-დან, კანადიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ა.შ. მეცნიერებმა იმსჯელეს ზოგადად ღვინისა და მათ შორის ქართული ღვინის ისტორიაზე", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 რაც შეეხება წლევანდელ რთველს და ქართველ ფერმერებს, რომლებიც სეზონის დასრულებით დიდწილად კმაყოფილნი დარჩნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თუკი ვინმეს ხარისხთან დაკავშირებით თუნდაც მცირე პრობლემა ჰქონდა, მთავრობის ხელშეწყობით გადაფარეს ისე, რომ დანაკარგი არ მიუღიათ და შემოსავლების გარკვეული ზრდაც მოახერხეს.

კომპანია ,,კახურის" დამფუძნებელმა გიორგი ფაშალიშვილმა ,,რეზონანსთან" დაადასტურა, რომ ამინდთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად, მევენახე ფერმერების მხრიდანაც დიდი აქტიურობა შეინიშნებოდა.

,,კარგი სეზონია იმ გაგებით, რომ ორგანიზაციული საკითხი მაღალ დონეზე გადაწყდა, მაქსიმალური ხელშეწყობა გვქონდა პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტს - ღვინის კომპანიებს და ფერმერებსაც. ჩვენ საკუთარი ვენახები გვაქვს სხვადასხვა ადგილწარმოშობის მიკროზონებში, გარკვეულ რაოდენობას იქიდან ვიღებთ, დანარჩენები კი იმ ფერმერებისგან შევისყიდეთ, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ. რაოდენობით ნაკლები ყურძენია, მაგრამ სადაც კი სეტყვას გადაურჩა მოსავალი, მაღალი ხარისხისაა. 

მნიშვნელოვანი იყო ღონისძიებებიც, რაც მთავრობის მხრიდან მევენახეობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა სუბსიდიაც, რისი საშუალებითაც კახეთში გლეხებმა მთელი მოსავლის გაყიდვა უპრობლემოდ შეძლეს, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩენილა ჩაუბარებელი. ყველაფერი გაკეთდა იმ მასშტაბების შესაბამისად, რაც ინდუსტრიას მოეთხოვება", - განაცხადა გიორგი ფაშალიშვილმა.

ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ ,,თელავის ღვინის მარანმა" წლევანდელ სეზონზე 4 ათასი ტონამდე ყურძენი ჩაიბარა.  კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ რამაზაშვილის თქმით, სუბსიდიის მიმართ მიდგომა უცვლელია, რაც სახელმწიფოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ასეთი მხარდაჭერა ჯერჯერობით სექტორისთვის აუცილებელია, რათა გამოწვევებს გაუმკლავდნენ.

,,სუბსიდია გვიმცირებს თვითღირებულებას, რაც მეღვინეებისთვის დიდი მხარდაჭერაა. ჯერჯერობით არის ამის აუცილებლობა, რის გამოც მთავრობა ამ მოდელს ვერ შეცვლის. ჩვენ 4 000 ტონამდე ყურძენი ჩავიბარეთ. მთლიანობაში არ არის ცუდი სეზონი, ახლა მთავარია გეოპოლიტიკურად დასტაბილურდეს სიტუაცია, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ექსპორტზე წარმატებას მივაღწიოთ, ამისთვის მშვიდობა უნდა იყოს მსოფლიოში, მით უმეტეს, იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი პროდუქცია გადის", - განუცხადა ,,რეზონანსს" რამაზაშვილმა.

ამდენად, რთველი-2023-ის წარმატებით დასრულებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ყველა ხელსაყრელი პირობაა. ფერმერებიც და საწარმოებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქართული ღვინო გლობალურ ბაზრებზე ღირსეულად წარადგინონ. ამ მხრივ ბოლო წლების მიღწევები თვალსაჩინოა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ  შედეგი წლიდან წლამდე უმჯობესდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×