ირაკლი ღარიბაშვილი: "დღეს უდავოა, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი გახდა”
გვანცა წულაია
26.10.2023

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. ქვეყანაში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა. ითქვა, რომ ქართული სახელმწიფო მყარი და სტაბილური პატრნიორია და ეკონომიკური თანამშროლობა მომავალში უფრო მეტად გაღრამავდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი გუშინ გახსნა. იგი უკვე მეოთხედ ტარდება და საერთაშორისო მნიშვნელობის, მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც წელს მონაწილეობას იღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ორდღიანი ღონისძიება ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, როგორც ისტორიულ, ისე დღევანდელ განზომილებაში სცილდება უბრალო სავაჭრო ურთიერთობას.

"ცხრა წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ხაზგასმით აღვნიშნე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და მისი პოტენციალის გამოსაყენებლად საჭირო ერთობლივი ძალისხმევის აქტუალურობა. სულ რაღაც ერთ წელიწადში – 2015 წელს – აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი მოვიწვიე თბილისის გულში. მას შემდეგ ჩვენი ერი განუწყვეტლივ აშენებს მომავალს ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით და დღეს უდავოა, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი გახდა”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოში მშვიდობა ნარჩუნდება.

"ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. გონივრული პოლიტიკისა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, შეგვენარჩუნებინა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოება. თან დავრჩით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიან წევრად.

საქართველოს მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ მეშვეობით მზად ვართ, პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანი, რათა საბოლოოდ დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის შედეგებთან გამკლავებას. ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციისა და ასიათასობით ადამიანის სახლებიდან იძულებით გადასახლებაში.

საქართველოს ესმის ომის ფასი და მშვიდობის ფასეულობა. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო და შეუფერხებელი ათწლეული, რაც ნდობას მოუტანს ჩვენს ერსა და ჩვენს პარტნიორებს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ქართული ოცნების” ლიდერმა ფორუმზე შუა დერეფანზე და ამ მიმართულებით საქართველოს როლზე ისაუბრა.

"შუა დერეფანი საქართველოს გავლით სწრაფად ყალიბდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა. მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად, რათა აღმოვფხვრათ წინაღობები ინფრასტრუქტურაში, პროცედურების გამარტივებითა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის დანერგვით.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც გაფორმებულია ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს, როგორც რეგიონული ცენტრის, როლს. ეს შეთანხმებები ინვესტორებს უზარმაზარ ბაზრებზე ანიჭებს წვდომას”, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის წყალქვშა ელექტორკაბელის მასშტაბურ პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ელექტროკაბელი საქართველოს გავლით სატრანზიტო შესაძლებლობების გახსნას და მწვანე ენერგიით ვაჭრობას შეუწყობს ხელს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის. 

"სტრატეგიული შეთანხმება, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი 2022 წლის დეკემბერში, წარმოადგენს ენერგეტიკული პარტნიორობისა და წარმატებული პროექტის მყარ საფუძველს. მსოფლიო ბანკი მას უკვე მიიჩნევს ეკონომიკური მიზანშეწონილობის მქონე პროექტად.

წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ კავკასიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან, რაც ჩვენს მოქალაქეებს უზრუნველყოფს უფრო სწრაფი და სტაბილური ინტერნეტკავშირით”, - აღნიშნა პრემიერმა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ანდა დაგეგმილია.

"საქართველომ წამოიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. მთავრობა დიდ ინვესტიციებს დებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში.

მთავრობა საჰაერო კავშირსაც აუმჯობესებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრი იქნება და განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალურ ავიაციაში წამყვანი მოთამაშის, როლს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ჩვენი პრიორიტეტი საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. ეს ნოვატორული პროექტი, რომლითაც საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა შედგება, შექმნის უმაღლესი დონის ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასასრულს ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წინსვლას აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო ქართველების ცივილიზაციური გადაწყვეტილება. ჩვენი მთავრობის შესანიშნავი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება,  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და გასული წლის ივნისში აღიარებული ევროპული პერსპექტივა ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

წელს ევროპისგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესის მოსალოდნელი შეფასება ამ წლის ბოლოს გზას გაუხსნის კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას", - აღნიშნა პრემიერმა.

თბილისში მოწვეულმა სტუმრებმა საქართველო სტაბილურ, მშვიდობიან და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანად მოიხსენიეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას `მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი” წარადგინა, რაც, მისი თქმით, სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას და რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე იქნება დაფუძნებული.

"პირველი ასეთი პრინციპია: ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში სადაც ისინი გადიან.

მეორე პრინციპი: თითოეულ ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით, უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის, მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო, თუ სხვა საშუალებით.

მესამე პრინციპი: ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის.

მეოთხე პრინციპი: ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით”, - თქვა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პერმიერ-მინისტრის ალი ასადოვის გაცხადებით, ბათუმისა და ფოთის პორტები ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენენ შუა დერეფნისთვის. იმავდროულად ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, წვლილს შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში.

"ჩვენ კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან და ასევე, სხვა პარტნიორებთან. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველო დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში, ამის მაგალითია რკინიგზის მოდერნიზება, პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში, არის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტიც. ჩვენ მზად ვართ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას.

აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა აშშ-ს ახალმა ელჩმა და შეაფასა საქართველოს გადამწყვეტი როლი ამ მიმართულებით.

"ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ დერეფანში. ვფიქრობ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე. ასე რომ, მე ნამდვილად ვაფასებ პრემიერის და საქართველოს მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის“, - აღნიშნა ელჩმა, რობინ დანიგანმა.

„მსოფლიო ბანკის“ რეგიონალური დირექტორმა კი განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ საქონლის წარმოების კერა.

ასეთი მაღალი დონის შეხვედრები საქართველოსთვის საკმაო მნიშვნელობის მატარებელია. მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

ფორუმის მნიშვნელობას აფასებენ ქართველი ანალიტიკოსები. ეკონომისტი სოსო არჩვაძის აზრით, საქართველოსადმი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნისადმი, დაინტერესება იზრდება.

"საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და გეოპოლიტიკური პუნქტის მატარებელი ტერიტორიის როლი და მნიშვნელობა იზრდება, თანაც ორმაგი დატვირთვით - ერთი ის, რომ საქართველოს ვითარდება ეკონომიკურად და ინსიტიტუციონალურად, ამის დასტური არის საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის მიღწევები, ცალკეული პარამეტრების მიხედვით, იქნება სამართალდაცვა, ბიუჯეტის გამჭირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომლითაც უსწრებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკმაოდ დიდ ნაწილს. მეორეც - გარეფაქტორები ზრდიან დაინტერესებას საქართველოსადმი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნისადმი, იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ტექტონიკური ძვრები და სატრანსპორტო დერეფანს ენიჭება მნიშვნელოვანი როლი.

შემთხვევითი არ არის, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ტარდება რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ანალოგიური დატვირთვის ღონისძიება გაიმართა ჩინეთში, სადაც ასევე მრავალი ათული ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა.

საქართველო არის იმ ჯაჭვის საკმაოდ მყარი რგოლი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გლობალური ეკონომიკური სამეურნეო კავშირები. საქართველოს განიხილავენ, როგორც მყარი, სტაბილური, მდგრადი და განვითარებადი ეკონომიკის და ინსტიტუციების მქონე სახელმწიფოდ. სწორედ ამის დასტურია ეს ღონისძიება”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც ადასტურებს, რომ საქართველო მეზობელი სახელმწიფოების თვალში საკვანძო ქვეყანაა.

"ეს არის საერთაშორისო მასშტრაბის ფორუმი. ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი არის მოწვეული და მათი ინტერესი სწორედ ჩვენი დერეფნისკენ არის მიმართული. ეკონომიკური საკითხია, მაგრამ ამასთან ერთად პოლიტიკურიც.

ჩვენი დერეფანი ერთამანეთთან აკავშირებს ევროპის და აზიის ქვეყნებს. შუა აზიის და ევროპის ქვეყნებისთვის საქართველო უფრო მეტად გახდება საკვანძო ტერიტორია. ეს არის დამატებითი შემოსავალი და სამუშაო ადგილები.

საქართველო მეზობელ სახელმწიფოების თვალში საკვანძო ქვეყანაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. შუა დერეფანში საქართველოს შეუძლია ცალკეული მიმართულებების მიხედვით იყოს ჰაბი, რომლითაც დაინტერესებული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები. ყოველი ასეთი ფორუმი განამტკიცებს საქართველოს როლს”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×