"დღეისათვის ყულევის ტერმინალი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის აკვატორში ერთ-ერთი საუკეთესოა"
ქეთო გოგოხია
26.10.2023

საქართველოს საზღვაო ტერმინალებს საქართველოს ეკონომიკაზე უდიდესი ეფექტი აქვს და ამ პოტენციალის სწორად განვითარებით შესაძლებელია ქვეყანამ უზარმაზარი სარგებელი მიიღოს. ყულევის, ბათუმის, სუფსისა და  ფოთის პორტებს,  რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ბიუჯეტში სერიოზული  შენატანები შეაქვს, ეკონომიკურ ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.

ამ სარგებლის მიუხედავად, საზღვაო ტერმინალების პოტენციალის დიდი ნაწილი  ჯერ კიდევ ასათვისებელია. მათ შორისაა, ყულევის ტერმინალი, რომელიც ექსპლუატაციაში 2008 წელს შევიდა და მისი საშუალებით ნედლი ნავთობი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები დასავლეთის ბაზრებზე გადის.

"სოკარმა" ყულევის დაუმთავრებელი ნავთობტერმინალი 2006 წლის ბოლოს შეიძინა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისგან. იმხანად "სოკარში" აცხადებდნენ, რომ 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ტერმინალის მშენებლობაში. დიდმა კაპიტალდაბანდებამ თავისი შედეგიც მოიტანა და დღესდღეობით ყულევის ნავთობტერმინალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია შავი ზღვისპირეთში.

რამდენიმე ხნის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სწორედ ყულევის ტერმინალის მნიშვნელობასა და  ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უამრავი ერთობლივი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკაში და ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვაღრმავებთ თანამშრომლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია.

დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი ჩავერთოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, შეგვიძლია ისიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველოში განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ყულევის ტერმინალის მნიშვნელობა შეაფასა  მედიასთან აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა.

„აზერბაიჯანს დღეს აქვს საშუალება, რომ თავისი ნავთობის გარდა, გადაამუშაოს თურქმენეთის, ყაზახეთის ნავთობი და შემდეგ, ევროპისკენ საქართველოს გავლით გაიტანოს“ –  აღნიშნა მან.

ბაბაევმა სწორედ მოთხოვნის ზრდით ახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადება, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ჩაერთოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ყულევის პორტის გაფართოებაც.

„კარგად იცით, რომ აზერბაიჯანი, თურქეთის შემდეგ, საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორია. დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული შემდეგ პროექტებში: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი; ბაქო–თბილისი–ერზრუმი; ბაქო–თბილისი–სუფსა; ბაქო-თბილისი–ყარსის რკინიგზა და "სოკარი", რომლის ინვესტიციის მოცულობა 1.6 მილიარდს აღწევს. ერთ–ერთი ასეთი დიდი ინვესტიციაა ყულევის ტერმინალიც. აზერბაიჯანიდან ნავთობი მიდის ყულევის ტერმინალში, ადგილზე ხდება გადამუშავება და მერე გადის საზღვარგარეთ

დღეს მეტის გადამუშავებაა შესაძლებელი, რაც თავისთავად მოითხოვს ტერმინალის გაფართოებას. ყულევის ტერმინალი პროექტით გათვალისწინებულ ანაკლიის პორტთან ახლოა, რაც შეიძლება ტვირთგამტარუნარიანობისთვის დამატებული ღირებულება აღმოჩნდეს.

თუ გაფართოვდება ყულევის ტერმინალი, მაშინ ეს ნავთობპროდუქტები ყულევიდანაც და ანაკლიის პორტიდანაც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებში. აზერბაიჯანისთვისაც მისაღები იქნება ეს პორტი,“  –  განაცხადა  ალი ბაბაევმა.

 ცხადია, როგორც ყულევის ტერმინალის, ასევე ყველა საზღვაო პორტის პოტენციალი უდიდესი მასშტაბისაა. საქართველოს, როგორ შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანას, სამომავლოდ ძლიერი პოერტები სჭირდება.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა ,,რეზონანსს"  განუცხადა, საქართველოს საზღვაო პორტებს ეკონომიკაზე უდიდესი ეფექტი აქვს, მაგრამ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის მიუხედავად, საზღვაო ტერმინალების პოტენციალის დიდი ნაწილი  აუთვისებელია.

"საქართველოს აქვს შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი უნიკალური პორტები, დიდ პოტენციალს მოიცავს. ბათუმი ძალიან დიდი მნიშვნელობის ნავსადგურია და დიდი შეცდომა იქნება, იგი არ გამოვიყენოთ, ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს.

გვაქვს ასევე სხვადასხვა საზღვაო ნავსადგურები. ბათუმის ტერმინალის ბრუნვა  შეადგენს 14 მილიონ ტონას წელიწადში, ყულევისა - 11 მილიონ ტონას, იქვე არის სუფსა 3-4-მილიონიანი ბრუნვით. მართალია, იგი  მშრალი ტვირთების ტერმინალი არ არის, სამაგიეროდ, გვაქვს ფოთი, სადაც  სხვადასხვა მნიშვნელობის ტვირთები შემოდის.

რაც შეეხება ყულევის ტერმინალს, როგორც ცნობილია, იგი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გაკეთდა. მოგვიანებით, მისი შეძენა ,,სოკარის" მიერ და მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ტერიტორიაზე, ნამდვილად იყო აზერბაიჯანის მიერ გადადგმული დიდი ეკონომიკური ნაბიჯი. დღეისათვის ყულევის ტერმინალი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის აკვატორში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა ბათუმის, სუფსის და ფოთის პორტები, რომლის პოტენციალიც ასევე არ არის ბოლომდე ათვისებული.

ფოთს, ალბათ, გაფართოების იმდენი საშუალება არ აქვს, რამდენიც ყულევს. მას აქვს ბრწყინვალე რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ქიმიური ტერმინალი თხევადი აირისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალები, შესაბამისად, ყულევის პორტის გაფართოებას მივესალმები და კარგი იქნება, თუ ქვეყანაში ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება და ამაში დიდია აზერბაიჯანის წვლილი ახლაც და მომავალშიც", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ტერმინალები და პორტები ქვეყნის სტრატეგიული კარიბჭეებია. ამიტომ აუცილებელია ქართულმა ბიზნესმა გამოიყენოს ყველა ადგილობრივი ტერმინალი და პორტი, რითაც ეკონომიკა გაიზრდება და ადამიანები დასაქმდებიან, რაც საბოლოოდ ეკონომიკური კეთილდღეობას გააუმჯობესებს და ქვეყანას გლობალური მასშტაბითაც გაცილებით კონკურენტუნარიანს გახდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყულევის ნავთობტერმინალს კომპანია "სოკარი" 2006 წლიდან ფლობს. ტერმინალში სულ 27 რეზერვუარია, რომელთა ჯამური მოცულობაც 402 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ამ ტერმინალების საერთო გამტარიანობა წლიურად 10 მილიონი ტონაა.

ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წელს შევიდა და მისი საშუალებით ნედლი ნავთობი და გადამუშავებული ნავთობპროდუქტები დასავლეთის ბაზრებზე გადის. უცნობია რა იყო ტერმინალის შემოსავალი 2022 წელს, თუმცა 2021 წელს ყულევის ტერმინალმა 64 მილიონი ლარის შემოსავალი და 19 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

ტერმინალის აქტივები 159 მილიონი ლარის ტოლია. ჯერჯერობით დადგენილი არ არის ზუსტად რა სახით განიხილება ამ ტერმინალის გაფართოების საკითხი და რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ამ მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×