გვანცა წულაია
25.10.2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა და რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე დატოვა. შესაბამისმა გადაწყვეტილებამ ეკონომისტების თუ საბანკო სპეციალისტების მოლოდინი გაამართლა. მათი აზრით, სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან არსებობს რისკი, მათ შორის ლარის გაუფასურების და ამიტომ ჯერჯერობით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მინიმალურ დონეზეა ჩამოსული, იქამდე, სანამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა არ გაიმართება, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე იქნება. ქვეყნის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ამჟამად არსებული მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ასევე საწვავის ფასების მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ განაკვეთი უცვლელ დონეზე შენარჩუნდეს.

"მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკს დაემატა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციაც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც, ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციაც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნესსესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს.

გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს," – წერია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ეკონომისტები ქვეყნის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. რისკების ჩამონათვალში, გლობალური ფაქტორების გარდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაცაა. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, ზამთრის პერიოდი ახლოვდება და სავარაუდოდ, სავალუტო შემოდინება შემცირდება, რაც ლარზე გარკვეულ ზეწოლას მოახდენს, ამიტომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი უნდა დარჩენილიყო.

"მე სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი. ერთი შემცირება გააკეთეს და ეს გადაწყვეტილება ცოტა ნაჩქარევი იყო და ახლა ბუნებრვია, რომ უცვლელად დატოვებდნენ, რადგან გაცვლითი კურსის პრობლემაა.

სავალუტო შემოდინება მცირდება. წინაა კვერტლებში საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ახლა შემცირებულია. ზამთრის პერიოდი მოდის და სავარაუდოდ, ამ პერიოდშიც არ მოიმატებს, არამედ კიდევ უფრო დაკლებს უცხოური ვალუტის ნაკადი, რაც ლარზე ზეწოლას გააძლიერებს. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი უნდა დარჩენილიყო უცვლელი, ანდა გაზრდილიყო. ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ისევ უცვლელად დატოვება სჯობს. დაელოდონ მოვლენებს, რომ შემდგომ მიიღონ ახალი გადაწყვეტილება”, - განუცხადა "რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ.

ეროვნული ბანკის ამგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდა ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძესაც, რომელიც ფიქრობს, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორებია მიზეზი, რის გამოც მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ძალაში დარჩა.

"ველოდებოდი, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ დაწევდა და იგივე ნიშნულზე დატოვებდა, მიუხედავად დაბალი ინფლაციისაა. თუ გავითვალისწინებთ იმ გაურვევლობას, რაც მსოფლიოშია, ვგულისხმობ არა მხოლოდ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე ომს, არამედ ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ესკალაციას, მაშინ შეგვიძლია იმის თქმა, რომ დაძაბულობის ახალმა კერამ შეიძლება სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკაზეც, რაც აისახება საქართველოზეც.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც სებ-ის ამ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება, არის მაკროეკონომიკური ფაქტორები. ეროვნული ბანკი ბაზარზე აქტიურად ერეოდა, იმდენად ჭარბი დოლარი იყო ქვეყანაში შემოსული, თუმცა ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ სებ-ი რეინვესტირებას ახორციელებს და დოლარი გამოაქვს ლარის სტაბილიზაციისთვის, რადგან კურსი არ გაუფასურდეს. ეს გარემოებაც მაქვს მხედველობაში, როცა რისკ-ფაქტორები ვიგულისხმე.

ეროვნული ბანკი ტენდენციას დააკვირდება, თუ როგორი იქნება ზეგავლენა გლობალური შოკისქ საქართველოში და შემდგომ სხდომაზეც ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ ტენდენცია იქნება პოზიტიური, ბუნებრივია, შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.

მონეტარული პოლიტიკა ბოლოს სექტემბრის დასაწუსში შერბილდა. მაშინ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ლი პუნქტით, 10%-მდე დასწია.

"გალტ ენდ თაგარტში” რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას არასწორად მიიჩნევენ. როგორც ორგანიზაციის ეკონომიტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, გუშინდელი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის გაცხადებულ პოლიტიკასთან შესაბამისობაში ნაკლებად მოდის.

"თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ინფლაციის დონეს, ეკონომიკურ აქტივობასა და სხვა პარამატრებს შევხედავთ, ყველანაირი საფუძველი არსებობდა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება გაგრძელებულიყო და 0.25%-ით შეემცირებინა.

არის არგუმენტი, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, ახლო აღმოსავლეთის ფაქტორი დაემატა, თუმცა ეს რისკები მომავალ წელს თუ რეალიზდა, ეკონომიკური ზრდის ტემპს დიდი რისკი ექნება და შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოუწიოს. ამ რისკის რეალიზების შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოსათოკად განაკვეთის შემცირებას ყველა ერთობლივად დაიწყებს, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. შესაბამისად, იმ აზრზე ვარ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შერბილება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა", - აღნიშნა ქავთარაძემ.

ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ეკონომიკაში არსებულ შემდეგ ტენდენციებთან: ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინფლაციის შემცირების ტენდენცია და სამომავლო რეცესიის თავიდან ასაცილებლად ეროვნული ბანკი ეტაპობრივად ამცირებდა საპროცენტო განაკვეთებს. თუმცა, ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის მცირედი გაუფასურება და შემდგომი გაუფასურების მოლოდინი ზრდის ინფლაციურ რისკებს. ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონში მომატებული რისკები და საქართველოს მოსახლეობის გაზრდილი ხარჯები, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რომელთა შემოსავალი ნაკლებად იზრდება და ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯები მნიშვნელოვნად არის მომატებული მიგრანტების ნაკადების და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდის ფონზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×