ქეთო გოგოხია
02.10.2023

საწვავის ბაზარზე დიდი არასტაბილურობაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეზღუდა, ქართველი იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზარზე გადართვის აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რამაც გარკვეული სხვაობა ფასშიც გამოიწვია. მით უმეეტს, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენციაა. სპეციალისტების ვარაუდით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საწვავი დაახლოებით კიდევ 15-25 თეთრით გაძვირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გლობალურ ბაზრებზე არსებული ფასები შენარჩუნდება.

ამ ეტაპზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 93 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება ,,პლატცის“ ფასს, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, 1 ტონა ბენზინის ღირებულება 969,5 დოლარია, ხოლო 1 ტონა დიზელის ფასმა 990 დოლარს მიაღწია.

ამ ეტაპზე საქართველოში, ძირითადად, თურქმენული და ევროპული საწვავი შემოდის. შეიძლება ითქვას, რომ  ალტერნატიულ ბაზრებზე სწრაფი გადართვა ვერ მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ამ მხრივ პრობლემას ვერ ხედავს. რისკი, რომ საწვავის ფასი 2 წლის წინანდელ ნიშნულს მიაღწევს, ჯერ კიდევ მაღალია.

ახლა 1 ლიტრი "რეგულარის ფასი ფაქტობრივად 3-3,15 ლარის ფარგლებშია. თუკი ამჟამად მთლიანად ევროპულ საწვავზე გადავალთ, შესაბამისად, გაიზრდება ღირებულება და ევროპულ ფასს დავუახლოვდებით, თუმცა ლარის კურსიდან გამომდინარე, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პანდემიამდელი მაჩვენებელი წესით, არ უნდა განმეორდეს.

იმპორტიორები ფასთან დაკავშირებით პროგნოზისგან თავს იკავებენ. ,,ახალგაზრდა  ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ  25 თეთრი ის მაქსიმალური მაჩვენებელია, რაც გაძვირების მხრივ საშუალოვადიან პერიოდში არ უნდა გადააჭარბოს.

,,საშუალოვადიან პერსპექტივაში საწვავის გაძვირების მოლოდინი შენარჩუნდება როგორც  ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრზებზე. უნდა ველოდოთ ადგილობრივ ბაზარზე 15-დან 25 თეთრამდე ფასების მატებას ყველა ტიპის  საწვავზე. ეს გამოწვეულიკია პირდაპირ იმ ტენდენციებით, რაც საერთაშორისო ბირჟებზე ფიქსირდება, ასევე რუსეთის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც, რასაც საქართველოში  რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის შეზღუდვა მოჰყვა. ესეც რომ არა,  საწვავზე ფასები მაინც გაიზრდებოდა, ვინაიდან გლობალურ ბაზრებზე გაძვირების პროცესი მიმდინარეობს.

საწვავზე ნავთობის ფასის დინამიკას თუ შევხედავთ, ასეთი ნიშნული პანდემიის შემდეგ, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ეს მიმდინარე წლის მაქსიმუმია და ისედაც აქეთკენ მიდიოდა საქმე რუსეთიდან აკრძალვის გარეშეც.

ამ ეტაპზე რუსეთის წყარო დაკეტილია, საწვავი აღარ შემოდის, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს და მარაგებს, რაც თითქმის ამოწურულია. ჩვენთან უკვე  ევროპული ნედლეული შემოდის, თუმცა 10-11 დოლარია სხვაობა რუსულ და ევროპულ საწვავს შორის. რომც არ დაკეტილიყო ეს ბაზარი, ფასების გადაზღვევა ვერ მოხდებოდა.

ახლა რაც ქსელში იყიდება ევროპული საწვავია, რომლის იმპორტიც სხვადასხვა ქვეყნდიან ხორციელდება, ფაქტობრივად, ახლა მიმდინარეობს ბაზრის გადაწყობის პროცესი, რაც არ ვიცით, როგორ დასრულდება. მთლიანობაში, რა ნიშნულს გადააჭარბებს ფასი, დამოკიდებული იქნება გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომელიც ჩამოყალიბდება ბაზარზე.

მოკლევადიან პერიოდში საქართველოში მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ტენდენცია იქნება გაძვირების, მაგრამ საბოლოოდ წინასწორობის რა ნიშნული ჩამოყალიბდება, რთულია წინასწარ განსაზღვრა“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ პაატა ბაირახტარმა.

რაც შეეხება სექტორის პოზიციას, კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ მფლობელის ზაალ იაკობიძის განცხადებით, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ საწვავი აუცილებლად გაძვირდება, ვინაიდან ბაზრებზე მოცემულობა ხშირად იცვლება და შეიძლება საპირისპირო პროცესიც დაიწყოს და გაძვირების ნაცვლად, გაიაფდეს.

იაკობიძე არ გამორიცხავს, რომ რუსული საწვავის ჩანაცვლება ნაწილობრივ თურქმენეთით მოხდეს, ასევე ყველა იმ ბაზრით, საიდანაც იმპორტი აქამდეც ხორციელდებოდა.

,,ახლა მთლიანად ,,პლატცის“ ფასზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ცოთათი შემცირდა ბოლო დღეების განმავლობაში. ყველგან გლობალური ფასების დიდი გავლენაა. ბოლო პერიოდში მცირე კლებაც კი დაფიქსირდა, თუ შენარჩუნდება ეს ტენდენცია, შეიძლება აქაც დაიკლოს ფასმა, არაფერია გამორიცხული.

რაც შეეხება რუსეთის ალტერნატივას, მაგალითად, ,,რომპეტროლს“ აქამდე ისედაც შემოჰქონდა ევროპიდან და ამ ხაზს გაჰყვება. ფასები ყველგან გაზრდილია, მათ შორის, რუსეთში, თუმცა დღეს ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ შეიძლება 3,50-ლარიან ნიშნულს მიაღწიოს, თუ ბაზარზე არსებული მოცემულობა შენარჩუნდება, ამჟამინდელთან შედარებით მცირე სხვაობა გვექნება, მაგრამ კონკრეტულად რამდენი, პროგნოზისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა იაკობიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

მისივე თქმით,  „სენტა პეტროლიუმი“ ცდილობს  საწვავის შემოტანას ევროპიდან, კერძოდ, რუმინეთიდან, რაზეც დაწყებულია მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, რომელიც  საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია, 21 სექტემბერს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

სექტემბრის მონაცემებით, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1.7 მილიონ ტონამდე შეამცირა.

ივლისში რუსეთიდან  91,118.32 ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა. აგვისტოში კი იმპორტმა იკლო და დაახლოებით 69,2 ათასი ტონა შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×