2024 წლის ბიუჯეტი, ეკონომიკასთან ერთად, პირდაპირ მოსახლეობაზეც მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას
გვანცა წულაია
02.10.2023

2024 წლის ბიუჯეტში უამრავი სიახლეა დაგეგმილი. მთავრობა რიგი მიმართულებით დაფინანსებას ზრდის, რაც მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზეა გათვლილი. მომავალი წლის ბიუჯეტი მოიცავს ყველა სეგმენტს და ხელფასებისა თუ პენსიების ზრდას. ასევე იქნება მხარდაჭერა და განვითარებისკენ მიმართული თანხები. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობა გაზრდილი ბიუჯეტით სარგებელს მიიღებს. 

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრების მიხედვით, მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ის ფარგლებშია დაგეგმილი. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს გადააჭარბებს.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,9%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2%-ის ფარგლებშია. 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 27,8 მლრდ ლარი იქნება.

2024 წლის ბიუჯეტის სოციალური მიმართულებები: ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც მომავალ წელს:  70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 498 ლარს; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 378 ლარს; გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით; გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება. ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს.

ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი.

განათლების მიმართულებით: განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც: გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350,0 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე - 225,0 მლნ ლარზე მეტი; 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები.

ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე საზოგადოება გაეცნობა აღნიშნული რეფორმის შედეგებს.

10%-ით გაიზრდება პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების თანამშრომელთა ხელფასები. თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე. თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი.

2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით. 

ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისთვის:  ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 2024 წელს მიიმართება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი,  მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 700,0 მლნ ლარზე მეტი; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 560,0 მლნ ლარზე მეტი.

გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე. 

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი.

ასეთი ცვლილებების ფონზე ეკონომისტების მოლოდინი საკმოდ დადებითია. მათი თქმის, 2024 წლის ბიუჯეტიდან მოსახლეობა დიდ სარგებელს მიიღებს.

როგორც ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძე აღნიშნა, საქართველოს ბიუჯეტს და ეკონომიკას იმხელა პოტენციალი გააჩნია, რომ განვითარება მოხდეს არა ერთი მიმართულებით, არამედ კომპლექსურად.

„ბიუჯეტის სიდიდე და მისი დინამიკა დამოკიდებულია ეკონომიკის კეთილდღეობასა და მისი ზრდის ტემპზე. ჯერ 2023 წელი არ დასრულებულა და ამ წლის ბიუჯეტი კიდევ 500 მილიონით გაიზარდა და მომავალ წელსაც ველოდებით საკმაოდ სოლიდურ მატებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მჭიდრო კავშირი ნარჩუნდება, ეკონომიკის ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლებს შორის.

ბიუჯეტი მხოლოდ ციფრების სვეტები არ არის, ეს არის კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ახორციელებს გარკვეულ სოციალურ-ეკონომოკურ პოლიტიკას.

ბიუჯეტს აქვს რამდენიმე მიმართულება, ეს არის წმინდა სოციალური ხარჯები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონალური განვითარება, ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ხარჯები და რიგი სხვა ასპექტები, ანუ ფაქტობრივად, ჩვენს ბიუჯეტს და ეკონომიკას იმხელა პოტენციალი გააჩნია, რომ განვითარება და გარღვევა მოხდეს არა ერთი რომელიმე მიმართულებით, არამედ კომპლექსურად, ანუ სეგენტური განვითარების გაცვლად, გვაქვს სისტემური განვითარების შესაძლებლობა და 2024 წლის ბიუჯეტი სწორედ ამის დადასტურებაა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ 2024 წლის ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.

„ჯერ, რა თქმა უნდა, ზუსტ პარამეტრებზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც წესი, პარლამენტში შესული კანონპროექტი იცვლება და პრაქტიკა მატებას მიუთითებს, ეს მატება შეიძლება საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდეს, არანაკლებ 3-4%-ის ფარგლებში. მე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ და სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკა და სტატისტიკა ადასტურებს, რომ მთელი რიგი პარამეტრები იზრდება, იცვლება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გვექნება ბიუჯეტის არა შემცირებისკენ, არამედ ზრდისკენ სვლა.

საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ქვეყანას აქვს იმის საშუალება, რომ ერთდროულად რამდენიმე პრონციპული მიმართულებით სერიოზული წინსვლა განიცადოს“, - დასძინა არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე კი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორზე, რომ ბიუჯეტი ყველა მიმართულებით არის დაბალანსებული და პლუს ამას ხდება ეკონომიკის მხარდაჭერა.

„რეალობაა, რომ საქართველოს ბიუჯეტი იზრდება და ჩვენ სწორედ ამის შეფასება უნდა მოვახდინოთ. მნიშვნელოვანია გაზრდილი ბიუჯეტი როგორ არის განაწილებული პროგრამულად. მიმაჩნია, რომ განაწილება, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, არის ოპტიმისტური, რადგან თახების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის განათლებაში, ჯანდაცვაში, რაც სწორედ რომ ბიუჯეტის ამოცანა უნდა იყოს.

საყურადღებოა ისიც, თუ რამდენად უწყობს ხელს ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკის განვითარებას, ანუ თანხის ნაწილი მიდის თუ არა ინფრასტრქტურულ პროექტებში, საინვესტიციო ნაწილში. ვხედავთ, რომ ამ მიმართულებითაც არის ცვლილებები და იგეგმება, როგორც ბაღებისა და სკოლების, ისე სხვადასხვა ინსტიტუტების რეაბილირაცია. ეს კარგია, რადგან განათლების რეფორმა არ არის მხოლოდ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა. ზოგადად, განათლების რეფორმა არის, მაგალითად, თანამედროვე აუდიტორიების შექმნა და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებს ვაფასებ პოზიტიურად.

რადგან ინფრასტრუქტურაში იდება თანხები, ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებასაც. ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკრ ზრდაში მონაწილეობს, მაგრამ ახალი სამუშაო ძალის შექმნასა და დასაქმებაში პირდაპირი როლი აქვს ინფრასტრუქტურაში თანხის ჩადებას.

საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია თავდაცვისა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებაზე. გამოდის, რომ ბიუჯეტი ყველა მხრივ არის დაბალანსებული და პლუს ხდება ეკონომიკის მხარდაჭერა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×