"თუ ქვეყანაში ფონდის პროგრამები და რჩევები არ იქნება, უკეთესიც კი არის, რადგან უმეტესად სისულელეებს გვთავაზობენ"
გვანცა წულაია
27.09.2023

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი არ იქნება. ასე ფიქრობს ეკონომისტთა ერთ ნაწილი და კითხვასაც სვამენ, საერთოდ საჭირო თუ არა ქვეყანაში სსფ-ს არსებობა. თუ თანამშრომლობის შეჩერების სურვილი არსებობს, მაშინ, ჯერ ვალების გადახდა უნდა მოხდეს. ასეთი პრაქტიკა კი საქართველოს უახლოეს ისტორიას ნამდვილად გააჩნია.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქათველოსთვის პროგრამა შეაჩერა. მიზეზად პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები დასახელდა, თუმცა თვეების წინ მიღებული გადაწყვეტილება რატომღაც ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე მაშინ.

საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ შეჩერებული პროგრამა მიმდინარე წლის ბოლოს აღდგება.

„სავალუტო ფონდის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის შეწყვეტილი - პროგრამის მიმოხილვა არის დროებით შეჩერებული. შეწყვეტასა და შეჩერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა - არ შედგა მიმოხილვა და არის შეჩერებული! დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მიმოხილვის გაგრძელება შესაძლებელი იქნება და სავალუტო ფონდის ბორდზე ჩვენი პროგრამის გაგრძელება მოხდება.

იმის მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მივყვებით - მათ შორის დეფიციტის, ვალისა და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი. ტექნიკური მისიები არ შეჩერებულა, ტექნიკური მისია აქ არის. ნოემბრის ბოლოსთვის ცნობილი იქნება მათი მოსაზრება თუ როგორი ცვლილებებია განსახორციელებელი სებ-ის საბჭოში იმისთვის, რომ საბჭოს ფუნქცია მეტად გაიზარდოს. აქ მხოლოდ დამოუკიდებლობა არ არის - საუბარია ეროვნული ბანკის საბჭოს მოწყობაზე, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს მასს. დაახლოებით, ექვსი თვეა ამაზე ტექნიკური მისია მუშაობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ და დასძინა, რომ თუ სავალუტო ფონდი პროგრამის საბოლოოდ შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საქართველოს სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან გარკვეულ პრობლემას შეუქმნის.

"თუ არ გვექნება პროგრამა, სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან მოგვიწევს მტკიცება, ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თაობაზე. სავალუტო ფონდი არის ამის დამადასტურებელი, როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“, - განაცხადა კაკაურიძემ.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა ყველაფერი გაირკვეს და შემდეგ პროგრამა დამტკიცდეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, მათ სავალუტო ფონდიდან ჩვენ რამდენიმე წელია თანხები არ აუღიათ, რადგან ამის საჭიროება არ იყო.

"არავითარი შენიშვნა არ ჰქონიათ, ეროვნულ ბანკთან მათი საქმიანობის მიხედვით. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის, რომ ყველაფერი გაირკვეს რათა დამტკიცდეს.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ რაღაც თანხები დაიკარგა, მინდა გითხრათ, რომ სავალუტო ფონდიდან ჩვენ რამდენიმე წელია თანხა არ აგვიღია, არ გვჭირდება და იმიტომ" - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სებ-ის პოზიციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს. თურნავამ ეს განცხადება ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თავად ელჩიც იმედოვნებს, რომ საქართველოში სსფ-ს შეჩერებული პროგრამა განახლდება.

მიმდინარე პროცესების ფონზე, ეკონომისტები საერთოდ იმას ფიქრობენ, საჭიროა თუ არა საქართველოში საერთშორისო სავალუტო ფონდის არსებობა. ეკონომისტი პაატა შეშელიძე სულაც არ ეწინააღმდეგება იმ მოცემულობას, თუკი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ იქნება წარმოდგენილი.

"როგორც ჩანს, ეს პროგრამა შეჩერდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა გავლენა იქონია ამ ინსტიტუტის ნდობაზე. ცხადია, ეს დამოკიდებულება აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სტატუსზე, მაგრამ აქ მეორე ამბავია. თვითონ სავალუტო ფონდის პროგრამა და საქართველოში მისი არსებობა კრიტიკულად მქონდა შეფასებული და 2008 წლისთვის, ქვეყანამ საერთოდ დახურა და შეაჩერა მათი პროგრამები, საკუთარი ინიციატივით. თუ ქვეყანაში სავალუტო ფონდი არ იქნება, არც მათი პროგრამები და რჩევები, ეს პრობლემად არ მიმაჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესიც კი არის, რადგან უმეტესად სისულელეებს გვთავაზობენ.

ახლა სებ-ი ფაქტიურად მოთქვამს, რომ მართალია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რომ დაბრუნდეს. ეს ხდება ნაცვლად იმაზე საუბრისა, რომ საერთაოდ გვჭირდება თუ არა ეს ორგანიზაცია და მათი დამხარება. გამოდის, რომ მათი ფული სჭირდებათ და მოსმენა - არა”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

კიდევ ერთი ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონის გარეშე არსებობა შესაძლებელია და თუ ამის სურვილია, ჯერ ვალების დაფარვა უნდა მოხდეს და შემდეგ მათი ქვეყნიდან გაშვება.

"პირველ რიგში, ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, საერთაშორისო სავლუტო ფონდი გვინდა, თუ არ გვინდა. რამდენიმე წლის წინ ისიც მოხდა, რომ ვალები გადავუხადეთ და ქვეყნიდან გავუშვით. აქ ორი საკითხია: ერთი ის, რომ თუ სავალუტო ფონდის ქვეყანაში არსებობს და მათი დახმარება სურთ, მაშინ, უნდა ვიცოდეთ, რომ ორგანიზაცია რაღაც მოთხოვნებს წამოაყენებს. თუ საქართველოში მათი არსებობა არ უნდათ, მაშინ შეუძლიათ ვალი გადაუხადონ და გაუშვან ქვეყნიდან, ანუ მათ გარეშე ცხოვრება თავისუფლად შესაძლებელია.

სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა შეიძლება კარგადაც იყოს გამოყენებული და, პირიქით, შეიძლება ეკონომიკაც დაზიანდეს. სიმართლე რომ გითხრათ, ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა მოთხოვნებს ძალიან აჭარბებენ და მთავრობას სერიოზულად ზღუდავენ ხოლმე, თუნდაც რაიმე ეკონომიკური რეფორმის განხორციელებაში, თუმცა ჩვენთან ეს ძალიან არ შეიმჩნევა, რადგან მთავრობა თავს დიდად არ იკლავს ეკონომიკური რეფორმების შემოღებისთვის.

ხელისუფლების გადასაწყვეტია, გვჭირდება თუ არა ფონდი, მაგრამ როგორც მახსოვს, ჩვენი ყველაზე მსხვილი მოვალეა და შესაბამისად, თუ ვუშვებთ, ჯერ ვალი უნდა გადავუხადოთ. ეს არ იქნება პრობლემა, მაგრამ ისიცაა, რომ თუ არ გვჭირდება, რატომ გვაქვს მათი ვალი?”, - განუცხადა "რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×