სებ-ს სავალუტო აუქციონებზე დოლარი გამოაქვს გასაყიდად, რამაც ლარი უნდა გაამყაროს, ამ დროს დოლარს არ ყიდულობენ და კურსი მაღალი რჩება
გვანცა წულაია
26.09.2023

სებ-ში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ეროვნულ ბანკს დოლარი გამოაქვს გასაყიდად, თუმცა ინტერვენციების ბოლომდე ათვისება ვერ ხერხდება და ამასობაში კურსი მაღალ ნიშნულზე რჩება. საბანკო სფეროს სფეციალისტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი. სებ-ი ცდილობს გაცვლითი კურსი რეალურ წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნოს, მაგრამ მას ამაში ეწინააღმდეგებიან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სტრუქტურაში დაძაბულობის ფონზე, მიმდინარე წლის რიგით მეორე ინტერვენცია 20 სექტემბერს განახორცეილა. სებ-მა მაშინ ბაზარზე 20 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა და კომერციულმა ბანკებმა თანხა მთლიანად შეისყიდეს. კურსი იმ დროისთვის 2.68-იან ნიშნულზე იყო.

მორიგი ინტერვენცია მეორე დღესზე, 21 სექტემბერს შედგა, თუმცა განსხვავებულად. სებ-მა ამჯერად ბაზარზე 50 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა მხოლოდ 37.1 მლნ დოლარი აითვისეს. იმ დროისთვისაც ლარი 2.68 დოლარი ღირდა.

სებ-ში პრობლემების მოსაგვარებლად და ლარის გასამყარებლად მესამე ინტერვენცია 2 დღის წინ, 25 სექტემბერს შედგა. გასაყიდად გამოტანილი იყო 30 მილიონი დოლარი, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 7.1 მილიონის ათვისება მოხდა და კურსი ისევ მაღალ ნიშნულზე დარჩა, იმ დროისთვის ერთი ლარი 2.67 დოლარი ღირდა.

გამოდის, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო ერთ კვირაში 3 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა საერთო მოცულობმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა მხოლო 64 მილიონი დოლარი შეისყიდეს. კურსი კი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და თუ სებ-ში დაძაბულობამდე ერთი ლარი 2.63 დოლარი ღირდა, დღეისთვის 2.67 ღირს.

ასეთი მოცემულობის გამო, ფინანსისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან სპეკკულაციას აქვს ადგილი. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ პირდაპირ განაცხადა, რომ კომერციული ბანკები სებ-ს `ეჭიდავებიან” და თითქოს შეთქმულების ნიშნებიც იკვეთება.

"აქ იკვეთება ან კომერციული ბანკების საბოტაჟის ნიშნები, ანდა სებ-მა არასასურველი კურსით შესთავაზა დოლარი, რომელსაც ჩვენ არავინ გვეტყვის. ყოველ შემთხვევაში, სახეზეა მოცემულობა, რომ ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. საბოტაჟი სად არის, სებ-ში თუ კომერციულ ბანკებში, ეს მეორე საკითხია. ბანკები ერთმანეთში ვაჭრობენ, ამ დროს ეროვნული ბანკი უხვად აწვდის მათ დოლარს, მაგრამ კურსი დაბლა მაინც არ ჩამოდის. ეს არის საბოტაჟის პირდაპირ ნიშნები, პოლიტიკური ელფერია.

კომერციული ბანკები სებ-ს ეჭიდავებიან და თითქოსდა შეთქმულება იკვეთება. არ არსებობს ასეთი რამე, რომ დოლარის ჭარბად გამოტანისას კურსი არ გამყარდეს. ისე კი, საერთოდ მიშვებულია ყველაფერი. უნდა იყიდიან, უნდა გაყიდიან.

რაც შეეხება ლარს, კურსი უახლოეს ერთ თვენახევრის განმავლობაში 2.63-2.70-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, არ დაასანქცირებენ ცნობილ პოლტიკოსს ან არაპოლიტკოსს, ვისაც გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე ან სხვა რაიმე გარემოებას არ მივიღეთ ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, კურსი ნახტომისებურად გაუფასურდება. სხვა შემთხვევაში იმ პარამეტრებში იმოძრავებს, რომელიც ზევით დაგისახელეთ”, - განუცხადა "რეზონანსს” შენგელიამ და დასძინა, რომ სპეციალისტების რჩევებს არავინ იზიარებს.

"სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ მთავრობაში ისეთი მრჩევლები ჰყავდეთ, ვინც ყველაფერს გათვლის. მე თვითონ, ერთი ადამიანი, 8 თვის წინ, პირდაპირ ვწერდი, რომ ნავთობი გაძვირდებოდა და შესაბამისად, მოიმატებდა საწვავის ღირებულებაც. ამიტომ დროულად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, ჩამოეყალიბებინათ სახელმწიფო ნავთობპროდუქტების სააგენტო. ასეთ რჩევების გაგონება არავის უნდა, გახვეულნი არიან თავიანთ ნაჭუჭში.

კარგად ვიცით, სებ-ის საბჭოში რა კანდიდატურებიც წარადგინეს. ეს არასერიოზული მიდგომაა. რაც შეეხება სამი პიროვნების წასვლას, ამით ქვეყანა დიდად არაფერს დაკარგავს, რადგან სებ-ი არც ახლა ზრუნავს ქართული ეკონომიკის განვითარებაზე და არც მანამდე ზრუნავდა”, - აღნიშნა შენგელიამ "რეზონანსთან” საუბრისას.

განსხვავებული პოზიცია აქვს სპეციალისტთა მეორე ნაწილს, ისინი სპეკულაციებს გამორიცხავენ. პროფესორი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქვეყნიდან ფულის გადინება გამოიწვია, შესაბამისად, კომერციულ ბანკებს დოლარი დააკლდათ, რისი შევსებაც სებ-მა ინტერვენციებით მოახდინა.

"მწვავე პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია ქვეყნიდან ფულის გადინება, ეს არის ბიზნესის ფული, რომელიც უცხოურ ანარიშებზე გადადის საქართველოდან. თავად კომერციულმა ბანკებმაც ალბათ გადაინახეს უცხოეთში ფული. ეს არის ბიზნესის შიში, პოლიტიკური არეულობის წინაშე, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

ახლა კომერციულ ბანკებს დააკლდათ დოლარი და ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც სწორედ ამის შევსებას ემსახურება. ამ დღეებში, სებ-მა მთლიანობაში რაც დახარჯა, ზუსტად ეს მოცულობა არის ქვეყნიდან გასული.

დოლარის ის ოდენობა, რომელიც ეროვნულბა ბანკმა ვერ გაყიდა, უბრალოდ, არ იყო მასზე მოთხოვნა კომერციული ბანკების მხრიდან. აქ ტრაგიკული აბსოლუტურად არაფერი არ არის, რადგან რა მოცულობიდ ფულიც გავიდა ქვეყნიდან, იმდენი მიაწოდა სებ-მა კომერციულ ბანკებს. ეს ყველა პროცედურა გამიზნულია ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. პატარა მერყეობა არის, მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურობა შენარჩუნებულია.

თუ პოლიტიკური სიტუაცია არ დაწყნარდება, ველოდები, რომ ქვეყნიდან ფულის კიდევ გავა. შესაბამისად, სებ-ს კომერციული ბანკებისთვის სავალუტო რეზერვების მიწოდება კვლავაც მოუწევს. თუ ყველაფერი დალაგდება, არ არის გამორიცხული, რომ ის ფულიც უკან დაბრუნდეს, რომელიც ქვეყნიდან გავიდა.

არა მგონია, რომ სებ-თან დაკავშირებით რაიმე ექსტრაორდინალური მოხდეს, რადგან მათ არაფერი გაუკეთბიათ არც კანონსაწინააღმდეგო და არც ქვეყნის ინტერესების საზიანოთ მიუღიათ რაიმე გადაწყვეტილება. საერთოდ, ქადაგიძის პერიოდიდან მოყოლებული, სებ-ი ყოველთვის პოლიტიზირებული სტრუქტურა იყო და თუ გაიწმინდება ამ ნაწილისაგან და აპოლიტიკური ხალხი მოვა, ძალიან კარგი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ლია ელიავამ. 

ინტერვენციების აზრი ლარის კურსის გამყარება და სტაბილურობაა, თუმცა კომერციული ბანკებისთვის 100 მილიონის მიწოდების შემდეგაც ლარი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×