ლევან მეხუზლა: „ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა არის ქართული ღვინის პოპულარიზაცია, სახელის დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე“
ქეთო გოგოხია
25.09.2023

რთველი 2023 პიკურ ფაზაში შედის. ამ დროისთვის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. მთავრობის მხრიდან  ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. მიმდინარე ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას ინფორმაციით,  სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი.

უფრო ვრცლად, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა, როგორია შედეგი და რა იგეგმება დარგის განვითარების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან, ,,ბიზნეს-რეზონანსის" კითხვებს ლევან მეხუზლა პასუხობს.

,,ბიზნეს-რეზონანსი":  როგორ მიმდინარეობს სეზონი, როგორია ფასი და რამდენად მობილიზებულია ბიზნესი?

ლევან მეხუზლა: ამ ეტაპზე რთველი მთელი კახეთის  მასშტაბით აქტიურ ფაზაშია შესული. ერთადერთი მუნიციპალიტეტი საგარეჯოა, სადაც არ არის აქტიური მოსავლის დაბინავება, ტრადიციულად იგი ყველაზე ბოლოს ერთვება ხოლმე რთველში. გადამუშავებამ 145 ათას  ტონას მიაღწია. ამდენად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი ჩართულია და აქტიურად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა და გადამუშავება.

მოგეხსენებათ, ექსპორტი იზრდება, ამიტომ კერძო სექტორი ძალიან დაინტერესებულია ყურძნის შესყიდვით. რა თქმა უნდა,  ხარისხის მიმართ არის მოთხოვნა, რაც ასეც უნდა იყოს. ღვინო, რომელიც გავა ექსპორტზე, სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, ამისთვის კი  ნედლეული საუკეთესო ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს. აქედან გამომდინარე, ხარისხიან ყურძენს ფასიც მეტი აქვს - რქაწითელზე 1,05-1,15-ის ფარგლებშია. რაც შეეხება საფერავს, თავისუფალ ბაზარზე  სრულად ჩაბარება მიმდინარეობს და მისი ფასი 1,30 ლარიდან 1,70 ლარამდე მერყეობს.

,,ბ-რ": ამ დროისთვის მოსავლის რა ნაწილია გადამუშავებული?

ლ. მ: მოსავალს კერძო სექტორი იბარებს ან დაზიანებული მოსავლის ნაწილი კი გადამამუშავებელი მრეწველობისკენ მიიმართება. ასეთი ყურძენი ტრადიციულად 90 თეთრად იყიდება. რაც შესაძლებელია, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, დაზიანებულ მოსავალს 90 თეთრად ვიბარებთ და შემდეგში ხდება მისი გადამუშავება სპირტის დამზადების მიზნით. ამ ეტაპზე დაზიანებული ყურძნის გადამუშავება ასცდა 18 ათას ტონას, სანამ ეს ყურძენი სრულად არ დაბინავდება, სახელმწიფო ჩაიბარებს ამ პროდუქტს.

,,ბ-რ": რა ღონისძიებები მიმდინარეობს დარგის პოპულარიზაციის მიზნით, რათა ამაღლდეს ქართული ღვინის ცნობადობა, რა გაკეთდა კონკრეტულად ამ მიზნით სახელმწიფოს მხრიდან?

ლ. მ: დიახ, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა არის სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაცია, სახელის დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე.  ამ მიზნით ვმუშაობთ იმ ქვეყნებში, სადაც ღვინო ტრადიციულად გადის: ევროპის სახელმწიფოები, აშშ, შორეული აზიის ქვეყნები და სხვა. ყველა ამ ქვეყანაში ვაწყობთ ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, ვმონაწილეობთ გამოფენებში, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის აქ სტუმრების ჩამოყვანა და  ქართული ღვინის კულტურის ადგილზე გაცნობა. ეს გვეხმარება, რომ საქართველოს მეღვინეობის ტრადიციები, უნიკალური ვაზის ჯიშები უკეთ გავაცნოთ მსოფლიოს.

სექტემბრის თვეში სტუმრები მოწვეული გვყავდა სამი ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და გერმანიიდან. ასევე შემდეგ ტურებში მონაწილეობისთვის ველოდებით სტუმრებს ჩინეთიდან, რაც ქართულ ღვინოს უფრო ცნობადს და პოპულარულს გახდის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

,,ბ-რ“: როგორც ცნობილია, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ამ მიმართულებით რა სიახლე გაქვთ?

ლ. მ: ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენებში, ღვინის წარდგენებსა და დეგუსტაციებში. ასევე ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სტუმრების ჩამოყვანა, მასპინძლობა.  ვგულისხმობ, ღვინის სპეციალისტებს, პოტენციურ შემსყიდველებს და იმპორტიორებს. დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს - ქართული ღვინო კიდევ უფრო ცნობადი გახდება მსოფლიო ბაზარზე და კიდევ მეტად მოიმატებს ქართული ღვინის რეალიზაცია ქვეყნის გარეთ.

ტურების ფარგლებში, უცხოელი ვიზიტორები, მათ შორის, ცნობილი ღვინის მაგისტრები, კახეთსა და ქართლში, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იმყოფებოდნენ, სადაც  ქართულ ღვინოებს და  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს გაეცნენ. მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები  გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე ვრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წელს  ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო მარნის პროდუქცია წარდგენილი იყო აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, ჩინეთში, პოლონეთში, დიდი ბრიტანეთში, სამხრეთ კორეასა და დანიაში, სულ 11 ქვეყანაში.

ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიცაა: „VinExpo Paris“, „Foodex Japan“, „Vinexpo New York“, „ProWein“, „The 108th China Food & Drinks Fair“, ”London Wine Fair“, „Seoul Wine and Spirits Expo“ და სხვა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ჯამში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 11 საერთაშორისო გამოფენაზე, 9 ფესტივალსა და 20-ზე მეტ დეგუსტაციაზე. მსგავს გამოფენებში მონაწილეობით, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებს, სავაჭრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლებს, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის 2023 წლის  ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის  ბიუჯეტს.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად შერჩეულია ამერიკის შეერთებულ შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. გარდა სტრატეგიული ბაზრებისა, ქართული ღვინო წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებზე.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები იმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, 2023 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაერთო. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მარკეტინგული ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სამხრეთ კორეაში იმართება.

ცნობილია, რომ სექტემბერში საქართველოს  გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმიც სტუმრობდა და ქართული ღვინის საწარმოებს კახეთში გაეცნო. კონსტანტინ ბაუმი გერმანიაში ყველაზე ახალგაზრდა ღვინის მაგისტრი და მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის „იუტუბ-არხის“ მფლობელია (120 000 გამომწერით და 6 მილიონზე მეტი ნახვით). ბაუმის ონლაინ მაღაზიაში გაყიდვაში ქართული ღვინოებიც ჩაეშვება, ქართული ღვინის შესახებ რამდენიმე 10-წუთიანი ვიდეო ნოემბერში მის არხზე განთავსდება.

გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე "Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 15 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი. საქართველო წელს ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე  ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა. 

გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეის ბაზარი, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×