ნავთობპროდუქტების დეფიციტი ქვეყანას არ ემუქრება, მაგრამ ფასი იქნება სხვაგვარი
გვანცა წულაია
21.09.2023

საქართველოში საწვავის კიდევ უფრო მეტად გაძვირება გარდაუვალია. 3-ლარიანი ნიშნულის გადაცდენამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ასეთი მოცემულობა და მეტად სიძვირის მოლოდინი რუსეთიდან შექმნილ პრობლემასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებასთანაა დაკავშირებული.

რუსეთიდან ბოლო პერიოდში საწვავის დეფიციტი შეიქმნა, რადგან, ერთი მხრივ, შიდა ბაზარზე მოხმარება გაიზარდა და თანაც რუსეთმა შუა აზიის ქვეყნებზე საწვავის მიწოდება დაიწყო აქტიურად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზეა.

ამასთან ერთად, გუშინ ისიც გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. შესაბამის დადგენილებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. მთავრობის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია შიდა ბაზარზე საწვავის ფასის სტაბილიზაციის მიზნით.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრაბზე არსებულ ვითარებას, გუშინ ნავთობის ფასი 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 93 დოლარს შეადგენს, ამერიკული "ლაითის" ღირებულება კი 91 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ჯერ კიდევ ორი დღის წინ "ბრენტის" ფასი 95 დოლარს აჭარბებდა და ის ერთწლიან მაქსიმუმს აღწევდა. ფასის კლების მიუხედავად, ბოლო დროის ტენდენცია გაძვირებისკენაა მიმართული და შესაბამისად, ნავთობის ღირებულება მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.

სწორედ ამ ფაქტორების გამო ძვირდება საქართველოში საწვავი და როგორც დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, მისი ღირებულება კიდევ მოიმატებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, შესაძლოა, ახლო მომავალში საწვავის ფასი კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს.

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია ნავთობპროდუქტები.

აქამდე რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს. ახლა საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა.

წინდაწინ ვერავინ განსაზღვრავს რა იქნება ხვალ. არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, კიდევ მოიმატოს, მაგრამ შეიძლება დაიკლოს კიდეც, ასეთი არითმიები სანავთობო ბაზარს ყოველთვის თან ახლავს“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

გაძვირების მოლოდინია ანალიტიკოსებშიც. ისინი უკვე აღარ გამორიცხავენ, რომ საწვავი 3-ლარიან ნიშნულს ისევ გადასცდეს. ეკონომისტ პაატა ბაირახტარის აზრით, არსებულ ვითარებაში ერთადერთი რისკი არის ფასის კომპონენტში და დანარჩენ მიმართულებაში რაიმე შეზღუდვა და პრობლემა არ არსებობს.

"დეფიციტის შექმნის რისკი არანაირად არ არსებობს. იმპორტს ისედაც პრობლემები ჰქონდა, ბოლო პერიოდში, ამიტომ ექსპორტის აკრძალვის ნაწილს არსებითი ზეგავლენა არ ექნება, მით უმეტაეს მაშინ, როდესაც ჩვენ რუსეთის გარდა, ძალიან ბევრი ალტერნატივა გვაქვს, რომ შემოვიტანოთ საწვავი. ერთადერთი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ფასის კუთხით და ამ მიმართულებით თუ შევხედავთ სიტუაციას, რუსული ნავთობი იმდენად არის გაძვირებული, რომ სხვაობა ევროპულთან არის უკვე მცირე, თუმცა მაინც არსებობს.

ამიტომ, ვფიქრობ, ერთადერთი რისკი არის ფასის მხრივ, დანარჩენი მიმართულებით რაიმე შეზღუდვას, პრობლემას და რისკს ვერ ვხედავ და არც ველოდები”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.

ინფლაციის ფორმირებაში საწვავის კომპონენტი დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ნავთობპროდუქტების გაძვირება სამომსხმარებლო კალათაზე მოახდენს გავლენას.

სწორედ ასე ფიქრობს აფბა-ს ვიც-პრეზიდენტი, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ინფლაციის რიკს ეროვნული ვალუტის ბოლო დღეების მერყეობა უფრო ქმნის, ვიდრე საწვავის ფასი.

"დიზელი, როგორც წესი, ინდუსტრიული კომპონენტი და საწვავია. მას უფრო მეტი ასახვა ხოლმე აქვს ზოგადად სამომხმარებლო კალათაზე. ჩვენთანაც ინფლაციაზე ექნება რაღაც ტიპის ზეგავლენა, თუმცა ფასების საერთო დონის ინდექსი ძალიან ბევრი კომპონენტით ფორმირდება ქვეყანაში არსებული პროცესების გათვალისწინებით.

ინფლაციის რიკს ეროვნული ვალუტის ბოლო დღეების ტურბოლენტურობა უფრო ქმნის, ვიდრე დიზელის ფასი, მაგრამ რასაკვირველია, ნებისმიერი ტიპის საწვავზე ღირებულების ცვალებადობა აისახება ინფლაციის კომპონენტში”, - აღნიშნა ბაირახტარმა "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×