ზურაბიშვილი და ოპოზიცია, რომლებიც ცარიელ კარში გოლის გატანას აპირებდნენ, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ
გვანცა წულაია
21.09.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო მოვლენები ჯერჯერობით არ ცხრება. პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატურები სასწრაფო წესით დაამტკიცა. გამოდის, რომ 6 ადამიანამდე გაიზარდა სებ-ის საბჭოს წევრთა ოდენობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქმედითუუნარობას გადაურჩა.

იქამდე, სანამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს - ნანა ყეინიშვილს და თეიმურაზ ხომერიკს პარლამენტი მხარს დაუჭერდა, თავად სალომე ზურაბიშვილმა ორივე კანდიდატურის უკან გაწვევა მოისურვა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის მიერ წადგენილ კანდიდატებს დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, თუმცა მოგვიანებით პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი სებ-ის საბჭოს წევრებად აირჩია. ნანა ყეინიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა არც ერთი დეპუტატი, რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო უარი არც ერთ დეპუტატს არ განუცხადებია.

რამდენად ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს მის მიერვე წადგენილი კანდიდატების უკან გაწვევის შესაძლებლობა კანონით? იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ კანონში, პირდაპირი გაწერილი, ამ ტიპის უფლების თაობაზე არაფერი არ არის, მაგრამ იურიდიული ლოგიკით, თუ წარდგენის უფლება არსებობს, ვიდრე კანდიდატი არჩეული არ არის, საქართველოს პრეზიდენტს რჩება მისი უკან გამოწვევის უფლებაც.

"ვითარების განხივლა ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ. სებ-ში ორი ვაკანსია იყო და მაშინ პრეზიდენტმა კონკურსი გამოცხადა, რაშიც მონაწილებაობა 19-მა ადამიანმა მიიღო. ამის შემდეგ ოფიციალურად თქვეს, რომ გასაუბრების ბარიერი ყველამ ვერ გაიარა და პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების რაოდენობა იყო რვა. მათგან სალომე ზურაბიშვილა აირჩია ორი კანდიდატი (გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე) და წარუდგინა პარლამენტს. პარლამენტმა ეს კანდიდატურები ჩააგდო, არც ერთს არ დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ მოხდა ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან მოვალეობის შემსრულებლად დანიშნვა.

სალომე ზურაბიშვილმა 10 დღის წინ ისევ წარადგინა ორი კანდიდატი და იბადება ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, რის საფუძველზე, რა პროცედურის დაცვით და რა კრიტერიუმების შერჩევით მოხდა პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ამ ორი კანდიდატის წარდგენა? საინტერესოა, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი თუ არიან მაშინდელი შერჩეული კანდიდარები, რომელთაც თავის დროზე ბარიერი გადალახეს. როცა პარლამენტმა გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარი არ დაუჭირდა და დარჩა 6 კანდიდატი. ამ 6 კანდიდატში ხომ არ შედიოდნენ ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი? ასევე, ისიც უნდა იქნას ახსნილი, როდის გააკეთეს მათ საერთოდ განაცხადი, საქართველოს პრეზიდენტის აპარატში და როდის მოხდა სალომე ზურაბიშვილთან შუამდგომლობა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურაზე.

საერთოდ აქვს თუ არა ზურაბიშვილის წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევის უფლება? კანონში, პირდაპირი გაწერილი, ამ ტიპის უფლების თაობაზე არაფერი არ არის, მაგრამ იურიდიული ლოგიკით, რომელსაც სამართალმცოდნეები გავდივართ, თუკი წარდგენის უფლება არსებობს, ვიდრე კანდიდატი არჩეული არ არის, პრეზიდენტს რჩება მისი უკან გამოწვევის უფლებაც. შეიძლება პრეზიდენტმა იფიქრა, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა, ეს კანდიდატები არ უნდა წარედგინა და შემდგომ გამოიწვია, რა მიზეზით და რისთვის, ეს უკვე სალომე ზურაბიშვილის განსამარტია, მაგრამ კანონში ეს არ წერია, თუმცა წარდგენის უფლებიდან გამომდინარეობს”, - განუცხადა "რეზონანსს” აკაკი ჩარგეიშვილმა. 

ახლა საინტერესოა თავად კანდიდატებს თუ აქვთ სებ-ის წევრობაზე უარის თქმის შესაძლებლობა?

"რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათ უარი განაცხადონ. უბრალოდ, ჩვენ ამ შემთხვევაში არა უარი, არამედ მათი პოზიცია გვაინტერესებს, როდის დაუკავშირდნენ პრეზიდენტს, რომ შემდგომ ზურაბიშვილს წარედგინა ისინი კანდიდატებად”, - უთხრა `რეზონანსს” ჩარგეიშვილმა.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებით, ამიტომ მათი პოზიცია უცნობია.

ცნობილია, რომ კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის ამბობს, რომ იმედია, პრეზიდენტთან შეთანხმდებიან, თუმცა არის გზები რომ სებ-ის მუშაობას ხელი არც მომავალში შეეშალოს.

"პრეზიდენტმა კვლავ კონსულტაციების გარეშე წარმოგვიდგინა კანდიდატები. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, როგორც კანონი ითვალისწინებს სამი დღით ადრე გამოვაქვეყნეთ საიტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას შევატყობინეთ და მათაც დაგვიდასტურეს კანდიდატების მოსვლა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრძანა, რომ გამოიწვევენ (კანდიდატებს). კანონში ან რეგლამენტში არსად არ არის პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატის გაწვევის საკითხი. ასეთი მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც არ დაგვიფასეს და არ მოვიდნენ. კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი, მაგრამ სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება.

წარმოუდგენელია პრეზიდენტს არ ესმოდეს, საბჭოს ფუნქციურობის მნიშვნელობა. ამიტომ მაქვს იმედი, რომ მაინც შევთანხმდებით, თუმცა არის გზები იმისთვის, რომ ბანკის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდება. გპირდებით, ბანკი ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციობას", - თქვა კვიჟინაძემ.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ვითარება შედარებით დამშვიდებულია და სებ-ის ქმედითუნარიანობა საფრთხის ქვეშ აღარ არის.  როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ განაცხადა, ამ კანდიდატების არჩევა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო და მის გარეშე ეროვნული ბანკის უწყვეტ ფუნქციონირებას რისკები შეექმნებოდა.

მიმდინარე პროცესების პარალელურად, ლარის კურსი უფასურდება. ამერიკული დოლარი დღეისთვის 2.68 ლარი ღირს, სებ-ში ვითარების დაძაბვამდე კი 2.63 ლარი ღირდა. ამიტომ სებ-მა ბოლო ორ დღეში ორი სავალუტო ინტერვენცია განახორიციელა, გუშინ წინ გასაყიდად 20 მლნ დოლარი გამოიტანა, გუშინ კი 50 მლნ და ბაზარმა მხოლოდ 37 მლნ აითვისა.

როგორც ეკონომისტი პაატა შეშელიძე აცხადებს, 57 მლნ დაიხარჯა იმაზე, რომ ჭორაობა განეეიტრალებინათ და ვერც გაანეიტრალეს. 

"უცნობი ადამიანების წარდგენა, მით უმეტეს, როგორც ერთ-ერთ მათგანზე გავიგე, `ოცნების” ყოფილი დეპუტატია და მათთან დაახლოებული პირია, მინიმუმ იმას აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სულაც არ არის დამოუკიდებელი ადამიანი. მისი მანევრები შეთანხმებულია და მმართველი პატრიის ინტერესებშია, მიუხედავად იმისა, რასაც საუბრობს.

არ ვიცი ეს ადამიანები რას ფიქრობენ და როგორი წარმოდგენა აქვთ მონეტარულ პოლიტიკაზე, შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, რომ რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. როგორც ვხედავ, სებ-ში გაგრძელდება ის პოლიტიკა, რომელიც აქამდე სულ იყო, ანუ მთავრობაზე დამოკიდებულება და მთავრობისთვის კუდის ქიცინი.

არასწორია იმის თქმა, რომ ვინც გადადგა, ისინი რაიმე განსხვავებულს აკეთებდნენ, პირიქით, ყველაფერში, რაც ამ ბოლო წლებში მოხდა - ინფლაცია, ფულის მასის ზრდა, სესხების შეზღუდვა, ლარიზაციის უაზრო პროექტი და ა.შ. თავიდან-ბოლომდე მონაწილეობნენ და ხელს აწერდნენ. ამიტომ მათი გმირად გამოყვანა არის უდიდესი შეცდომა. ახლა ვადა ეწურებოდათ და უბრალოდ, უთხრეს წასულიყვნენ და წამოვიდნენ.

აჟიოტაჟი ზემდეტია, არანაირი აუცილებლობა ამისა არ არის. სავალუტო სპეკულაიებით, რა თქმა უნდა, გამოცდილი ადამიანები ისარგებლებენ, მაგრამ გრძელვადიანად ნუ შევხედავთ. საბანკო სისტემას გრძელვადიანი საფრთხე არ ემუქრება და არავინ დაასანქცირებს. არც საერთაშორისო გადარიცხვებს ემუქრება საფრთხე, თუკი თვითონ ქვეყანა არ იქნება ბრალდებული რამეში.

ლარი უფასურდება და 57 მილიონი დაიხარჯა იმაზე, რომ ეს ჭორაობა განეეიტრალებინათ და ვერც გაანეიტრალეს. სებ-ის ყველა პრეზიდენტის დროს, დვალიშვილამდე რომ ჩავიდეთ, იყო მთავრობაზე დამოკიდებული და ასრულებმა მის დავალებებს. ყველა ჩვენს ჯიბეში იყო ხელჩაყოფილი და ასრულებდა მთავრობის დავალებას”, - განუცხადა შეშელიძემ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×