2,72 შეიძლება იყოს ის მაქსიმალური მაჩვენებელი, რასაც გაცვლითი კურსი მიაღწევს, შემდეგ კი კვლავ გამყარება დაიწყება
ქეთო გოგოხია
20.09.2023

ლარის სტაბილურობას ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად დაემუქრა რეალური საფრთხე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ სანქციათია რეჟიმების შესრულების ნაწილში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, საფინანსო ბაზარი მკვეთრად შეარყია. ამას დაემატა სებ-დან  სამი ვიცე-პრეზიდენტის გასვლა,  რომლებმაც თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვეს.  ეროვნული ვალუტა, რომლის სტაბილურობა მეტწილად პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული, ერთ დღეში საგრძნობლად  გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, სავალუტო ბაზარზე პრობლემას ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ნაკლებად ელიან.

ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ სავალუტო რყევები დიდხანს არ გაგრძელდება და 2,71-2,72 იქნება ის მაქსიმალური ნიშნული, რასაც ლარმა უახლოეს დღეების შეიძლება მიაღწიოს. ასეთი შეფასების საფუძველს გარკვეულწილად იძლევა ის გარემოებაც, რომ ეროვნულმა ბანკმა 20 სექტემბერს 20 მლნ დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, რაც კურსის შესანარჩუნებლად გაკეთდა. ამით სებ-მა ნათლად მიანიშნა, რომ ლარის დევალვაციას არ დაუშვებს.

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ლარი გამყარების ტრენდს დაახლოებით 2-3  დღეში დაუბრუნდება და ძველ ნიშნულს აღიდგენს.

,,ის, რომ ეროვნული ბანკის მაღალი რანგის თანამშრომლები გადადგნენ, სისტემის რყევის ნიშნებია. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ინვესტორების მხრიდან გარკვეული მოთხოვნა დაფიქსირდა დოლარზე და ამან გამოიწვია პანიკა. სებ-მა უკვე გაყიდა 20 მლნ დოლარი და სავარაუდოდ, ხვალაც მოუწევს გაყიდოს. ამ შემთხვევაში ჩვენ 2-3 დღეში დასტაბილურებულ კურსს მივიღებთ.

მეორე მომენტია, თუკი ამ პროცესს მოჰყვა სავალუტო ფონდისგან  რაიმე სერიოზული შენიშვნები, ნეგატიური შეფასება, მაშინ ცოტა გაუფასურებას კიდევ უნდა ველოდოთ. გუშინ ,,ბლუმბერგის“ პლატფორმაზე 2,6850-ზე დაიხურა კურსი, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. პერიოდულ რყევებს ველოდებით. ბევრი რამ სავალუტო ფონდის გამოხმაურებებზეა დამოკდიებული. ჩემი აზრით,  2,72 ის მაქსიმალური მაჩვენებელია, ლარის გაცვლითი კურსი მიაღწევს“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ ლარის რყევაზე ეროვნულ ბანკში მომხდარ საკადრო ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია.

,,ლარის მერყეობა არის ჩვეულებრივი რამ, როდესაც ეროვნული ბანკი საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს, ძარცვონ ხალხი და ბიზნესი, ანუ იაფად ნაყიდი დოლარი მიყიდონ ძვირად  და ახლაც ეს მომენტია. უბრალოდ, რაც ახლა ხდება, გამოიყენეს კურსის შეთამაშებისთვის.

საერთოდ არ იყო საფუძველი, რომ ლარის რყევა გაგრძელებულიყო. ჩვენი პროგნოზი, იყო, რომ 20 სექტემბრამდე ლარი იმერყევებდა 2,57-267-ის დიაპაზონში, რაც ზუსტად შესრულდა. როგორც უკვე ვახსენე, ლარი დაუბრუნდება თავის ტრაექტორიას - 2,65-ის ფარგლებში.

კურსის გაუფასურება დროებითი ფაქტორია, რაშიც  ეროვნული ბანკი უკვე ჩაერია, როდესაც მოგვიანებით გამოქვეყნდება მონაცემები, ვნახავთ, რომ სებ-ს გარკვეულწილად მაღალი მოცულობით ექნება დოლარი ამოღებული სავალუტო ბაზრიდან. ვგულისხმობ იმ მდგომარეობას, რომ კომერციული ბანკები აწესებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და აძვირებენ მომსახურებას, რაც  უფრო მეტად საგანგაშოა, ვიდრე ამ დროისთვის დაფიქსირებული სავალუტო რყევა“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

ლართან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავაც, რომლის განცხადებითაც არც ეროვნულ ბანკს და არც ლარს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.

,,წმინდა პოლიტიკური საკითხია, რაც დღეს ეროვნულ ბანკში ხდება, თუმცა სტაბილურობაზე თუკი ვსაუბრობთ, არც მას და არც ლარს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება. სანამ ეროვნული ბანკი იქნება საერთაშორისო სავალუტო ბანკის მონა-მორჩილი, მანამდე ის სებ-ს ყოველთვის გადაეფარებიან. ამ თვალსაზრისით, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ლარისთვის საფრთხე არ იკვეთება.

შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს უკვე ძნელად პროგნოზირებადია. ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ წნეხი გაჩნდა. ეს სიტუაცია გავლენას ვერ მოახდენს. თუ დაიწყება ფულის გადინება, ნამდვილად დაემუქრება საფრთხე, სხვა შემთხვევაში, დღევანდელ პოზიციას შეინარჩუნებს. ასე იყო ყოველთვის.

როდესაც დიდი რაოდენობით ვალუტა გადის ქვეყნიდან, ეს ყოველთვის ახდენს გაცვლით კურსზე გარკვეულ ნეგატიურ გავლენას. იქნება ეს კერძო პირებისა თუ ბანკების ინიციატივა. ამდენად, თუკი ამ მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდებით, სავალუტო ბაზრის დინამიკა შეიცვლება. კადრების გადინება არანაირი პრობლემა არ არის. მალე მოინახება შემცვლელი. სებ-ი ათეული  წლების განმავლობაში არაკვალიფიციური კადრით კომპლექტდებოდა, ამიტომ ერთის წასვლა და მეორის მოსვლა ნამდვილად არ შეცვლის არაფერს და მით უფრო, ლარზე გავლენა არ ექნება“, - განაცხადა ლია ელიავამ ,,რეზონანსთან“.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.  ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის თაობაზე.

განვითარებულ მოვლენებს ბუნებრივად მოჰყვა ლარის გაუფასურება. 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ლარის გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით  ეროვნულმა ბანკმა გუშინ აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×