"არა მგონია, რომ ამ მიკრიკრიზისიდან გამოსვლა ვერ შევძლოთ... პროცესი ალბათ დაკონსერვდება"
გვანცა წულაია
20.09.2023

საქართველოს საფინანსო სექტორი სერიოზული რისკისა და დარტყმის ქვეშაა. ამის მიზეზი ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებია, რომელსაც ყველა ისე იყენებს, როგორც სურს. სებ-ი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა უკვე დატოვა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსულებელს კი სალომე სურაბიშვილმა გაგადგომისკენ მოუწოდა. უცნობია როგორ გაგრძელდება პროცესი და მოახერხებს თუ არა საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის ისე მოგერიებას, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არ ჩამოიშალოს, რაც უდიდეს ზიანს მიაყენს საფინანსო სისტემას.

როგორ დაიწყო ყველაფერ

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. 19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ, თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ხაზი გაუსვა, რომ მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს და ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ პირებზე მიბმა საკითხის პოლიტიზირების მცდელობაა.

"ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას, რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებიდან თავის არიდებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობაა.

ჩვენ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია ვართ -  საქართველოს ეროვნული ბანკი. ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა ჩვენს ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ ჩვენი საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად ჩვენი ვალდებულებაა საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს, კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსია. ამიტომ იყო შეტანილი შესაბამისი ცვლილება სანქციების აღსრულების წესში.

ეს გადაწყვეტილება იცავს და დაიცავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებებს და ვიდრე მათ წინააღმდეგ არ იქნება გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება შეჩერებული იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავამ გუშინდელ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ შემდგომ დღეებში უფრო მეტ ინფორმაცია მიეწოდება, როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

სებ-ის საბჭოს წევრების პოზიცია და 3 კაცის დემარში

სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრები არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა თანამდებობიდან გადადგნენ. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელ წევრებს - ეკატერინე გალდავას, ეკატერინე მიქაბაძეს და რობერტ სინგლეტერს, ისინი სებ-ის დატოვებას არ აპირებენ.

სებ-ის საბჭოს წევრი არ არის გიორგი ბაქრაძე, თუმცა მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა მაინც დატოვა.

გამოდის, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ამ დროისთვის 4 წევრი (ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტერი, ეკატერინე გალდავა) რჩება, რაც სებ-ის ქმედითუნარიანობისთვის საკმარისი არაა. კანონის მიხედვით, საბჭოს ახალი წევრების არჩევა 2 თვის ვადაში უნდა მოხდეს. შესაბამისად, თუ 2023 წლის 20 ნოემბრამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა მინიმუმ ერთი კაცით არ შეისვო, საბჭო ქვედითუუნარო გახდება.

ნათია თურნავას საბჭოს წევრად ყოფნის ვადა 2029 წლის ივლისში ეწურება, ეკატერინე გალდავას და ეკატერინე მიქაბაძეს 2028 წლის ივლისში, ხოლო რობერტ სინგლეტერი საბჭოს 2023 წლის დეკემბერში დატოვებს.

საქართველოში მოქმედი ბანკების გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

"საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი, "ლიბერთი ბანკი", "ტერა ბანკი", "ბაზისბანკი", "პროკრედიტ ბანკი", "კრედო ბანკი” და "ქართუ ბანკი” აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.

"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

"ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების, კერძოდ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისად", - განაცხადეს "თიბისი ბანკში".

"ლიბერთი ბანკი" სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.

სს "ლიბერთი ბანკი" ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და იმავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას”, - აღნიშნეს "ლიბერთი ბანკში”.

"ტერაბანკი საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს", - თქვეს "ტერა ბანკში”.

"ბაზისბანკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. "ბაზისბანკი" იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში", - განაცხადეს "ბაზისბანკში”.

"ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება”, - წერია `პროკრედიტ ბანკის” განცხადებაში.

"კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.

ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ "ქართუში" განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს ბანკი ქართუს დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე”, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ მარეგულირებლის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანა, რომელიმე ბანკისთვის რაიმეს დავალდებულებას არ გულისხმობს, არამედ ამ ჩანაწერით ბანკებს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის მომსახურება არ ეზღუდებათ.

„საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც გააგრძელებს სრულ შესაბამისობაში დაიცვას ყველა სანქცია, რომელიც იქნება გამოქვეყნებული.

ამასთან, საბანკო სისტემა იცავს ეროვნული ბანკის რეგულაციას და გააგრძელებს ამ რეგულაციების შესრულებას. აქვე აღვნიშნავ,  უკანასკნელი ცვლილება არ გულისხმობს რაიმეს დავალდებულებას, უკანასკნელი ცვლილება გულისხმობს საქართველოს მოქალაქისთვის განსაკუთრებული პირობის შეთავაზებას სანქციის შემთხვევაში, რაც ერთგვარად არის ის, რომ ეროვნული ბანკი სანქციის შემთხვევაში არ ამძიმებს სიტუაციას საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომ ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტს თუ აქვს სურვილი თავისი რისკაპეტიტის მიხედვით მოემსახუროს, ამ კანონის მიხედვით შეუზღუდოს. ეს არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ ეს რეგულაცია ვინმეს რამეს ავალდებულებს.

ბანკებს რისკის მატარებელი ანგარიშების ქონის ან რისკის მატარებელი პირის არსებობის შემთხვევაში შეუძლია უარი თქვას მომსახურებაზე. ნებისმიერი ადამიანისთვის ანგარიშის გახსნა ბანკის გადასაწყვეტია. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, როცა ცალსახად არ შეიძლება პირისთვის ანგარიშის გახსნა ან მომსახურება. კონკრეტულად ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი არ ზღუდავს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის მომსახურებას“, - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ.

რას ფიქრობენ საბანო სფეროს სპეციალისტები და ეკონომისტები?

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ვარაუდობს,, რომ მიმდინარე პროცესების დაკონსერვება მოხდება.

"სებ-ის საქმიანობა, სამწუხაროდ, კრიზისისკენ მიდის, თუმცა ძნელი სათქმელია როგორ განვთარდება მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად არის, ეროვნულ ბანკს ნამდვილად სჭირდება გადახალისება. სებ-ის ასეთი საქმიანობა ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს და ასეთ დროს მასთან ურთიერთობა, ალბათ, ბევრ ქვეყანას და საერთაშორისო სტრუქტურას გაუჭირდება ან კიდევ თავს აარიდებს. ეს კი მთალინობაში ქვეყნის იმიჯსა და ფინანსურ სარგებლობაზე იმოქმედებს

გამოსავალს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ალბათ, სებ-ის ინსტიტუციური ცვლილება უნდა მოხდეს, თან ისე, რომ ყველა მხრიდან იყოს კონსესუსი. ეს ცოტა რთული მისაღწევია. შეიძლება არც არაფერი მოხდეს, სნ პირიქით, მართლაც შეიცვალოს ვითარება. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ პროცესის დაკონსერვებას მოახერხებენ”, - განუცხადა "რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.

საბანკო სფეროს კიდევ ერთი ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სებ-ის დამოუკიდებლობა.

"ძალიან მაღალ რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში, საბანკო სისტემისთვის, რაც მას მომავალში გაურთულებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ქართული ბანკები დაკავშირებული არიან ევროპულ, ამერიკულ ბანკებთან და რეპუტაციული დარტყმა მათ ჩრდილს მიაყენებს.

მეორე მხრივ, შეიძლება იყოს გარკვეული სანქციები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის ფინანსურ სექტორს. თუ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი კონვენციებზე, მათი შესრულება აუცილებელია და საქართველოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვინმეს დამნაშავედ ცნობის ან არცნობის შესახებ არ არის პირველხარისხოვანი საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, მათ შესრულებას აუცილებლად მოგვთხოვენ. საერთაშორისო ხელშეკრულებები შიდა კანონდმებლობაზე აღმატებულია," - აღნიშნავა თუთბერიძემ.

ეკონომისტი კი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ახლა მოვლენების პოლიტიზირება მიმდინარეობს და ეს ძალიან დიდი რისკის შემცველია.

"ნებისმერი პროცესის, რომელიც დაკავშირებულია საბანკო-საფინანსო სისტემასთან, პოლიტიზირება არის აბსოლუტურად დაუშვებელი. საფინანსო სისტემის ყველაზე დიდი რისკი სწორედ ეს არის, როდესაც ხდება პროცესების პოლიტიზირება, ანუ გადადის პოლიტიკურ აქტივობაში.

პოლიტიკური განცხადებები, რომ უნდა მოხდეს ნათია თურნავას იმპიჩმენტი, იგივე ხაზარაძის განცხადება, რომ საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს, ყოფილი სახალხო დამცველის პოზიცია, რომ სებ-ის ბრძანება სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს, გუშიდელი პარლამენტის სხდომა, რომელიც მიმდინარეობდა მაღალი დუღილის ტემპერატურაზე, ეს ყველა მიანიშნებს იმაზე, რომ მცდელობაა პოლიტიკური პროცესების გაიყვანონ ქუჩაში. როდესაც ასეთი ტიპის პროცესები იწყება, ყველაზე დიდი დარტყმას იღებს საბანკო სექტორი. რა მიზნითაც ვითომ ცდილობენ საბანკო სექტორის დაცვას, პირიქით, სწორედ ეს იწვევს ყველაზე დიდ რყევას.

სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა საბანკო სექტორისთვის კარგი კი არ არის. შეეძლოთ დასაბუთებულად ეთქვათ, რომ ნათია თურნავას არ ეთანხმებიან და ამით ყველაფერი გაირკვევოდა. ამ მომენტში რყევებს ეროვნული ბანკის რომელიმე გადაწყვეტილება კი არ იწვევს, არამედ ზუსტად ასეთი მოვლენები არის ყველაზე სახიფათო. თუ აქ კრიზისი დაიწყო, ყველას შეეხება და ოპოზიცია, როდესაც რადიკალურ ნაბიჯს დგამს, ამ შედეგზე უნდა ფიქრობდეს პირველ რიგში.

არა მგონია, რომ ჩვენ ამ მიკრიკრიზისიდან გამოსვლა ვერ შევძლოთ. ოპოზიცია კი ცდილობს მოვლენები დიდ კრიზისში გადაიყვანოს, რისი ფორმაც მაგალითად ვალამდელი არჩევნები ან მთავრობის გადადგომაა. ხელისუფლება ვალდებულია ეს მოცემულობა მაქსიმალურად და დემოკრატიულად დააბრუნოს მშვიდ გარემოში”, - განუცხადა "რეზონანსს” ცუცქირიძემ.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ეკონომისტი სოსო ბერეკაშვილი თვლის, რომ ეროვნული ბანკის ინსტიტუცია დღეს ქვეყანაში დანგრეულია.

"ეროვნული ბანკის ინსტიტუცია ამ ეტაპზე დანგრეულია, სამწუხაროდ, ეს გააკეთა ნათია თურნავამ გუშინ თავისი გადაწყვეტილებით. ვიცით ყველამ ეროვნული ბანკის საბჭოში ვინ და როგორ არის მოხვედრილი.

ორივე ეს ადამიანი, არჩილ მესტვირიშვილიც და პაპუნა ლეჟავაც იყვნენ პროფესიული ნიშნით და არა პოლიტიკური ნიშნით შერჩეულები. მესტვირიშვილი განსაკუთრებით დიდი ხანია ეროვნულ ბანკშია და არანაირი პოლიტიკური აფილაცია მას არ ჰქონია. ესენი არიან კარგი ეკონომისტები, რომლებმაც იციან მაკროეკონომიკა და თან ვიცე-პრეზიდენტები იყვნენ. ისინი არ ეთანხმებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო გუშინ თურნავამ ერთპიროვნულად ან მათზე დაყრდნობით”, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

კიდევ ერთი ეკონომისტი სოსო არჩვაძე კი სხვაგვარად ფიქრობს. მისი აზრით, საზოგადოების ნებისმიერ წევრზე უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა გავრცელდეს, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული.

"დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. კანონი და სამართალი იცავს ქვეყნის მოქალაქეებს და ამ კუთხით უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ადგილი უკავია მას ამჟამად, რა პოსტი ეკავა ადრე და როგორი პოპულარობით ან რენომეთი სარგებლობს ამჟამად საზოგადოებაში. ამ ასპექტით უნდა შევხედოთ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი”, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კი პირობა დადო, რომ შემდგომ დღეებში სწორედ იმით იქნებიან დაკავებული, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე საზოგადოებასაც. კომერციულ ბანკებთან ერთად კი გაივლიან საკითხებს, თუ როგორ მოხდება აღსრულება ისე, რომ მათი საერთაშორისო ვალდებულებებიც შესრულებული იყოს და არც კითხვები გაჩნდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×