"შეიძლება ორივე ქვეყანასთან შეგვიმცირდეს საგარეო ვაჭრობა და რეგიონში კონფლიქტმა საფრთხე შეუქმნას სატრანზიტო მარშრუტებსაც"
გვანცა წულაია
19.09.2023

საქართველოს გარშემო კიდევ ერთი ომი დაიწყო. თბილისიდან 300 კილომეტრში, აზერბაიჯან-სომხეთში შორის დროებით გაყინული კონფლიქტი გუშინ აქტიურ სამხედრო ოპერაციებში გადაიზარდა. საქართველოსთვის ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი სავაჭრო პერტნიორია, ამიტომ მხარეებს შორის არსებულ დაპირისპირებას შედეგი საქართველოზეც ექნება. ეს გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუკი ესკალაცია გაღრმავდება და მხარეები რაიმე სახის შეთანხმებას ვერ მიღწევენ.

საქართველოს გარშემო საკმაოდ ცუდი სცენარი თამაშდება. რუსეთ-უკაინის ომსს, აზერბაიჯან-სოხმეთს შორის დაპირისპირება დაემატა. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა გუშინ შეტევა დაიწყო. ბაქოში თქვეს, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. სტეფანაკერტში გუშინ მთელი დღის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმის, მოსახლეობა კი ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა. მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანთან საომარ მოქმედებებს არ აწარმოებს და ბაქოს მიზანია, რომ ერევანი სამხედრო ოპერაციაში ჩაითრიოს.

მოსკოვი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს უკვე გამოეხმაურა. რუსეთი კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ სამხედრო მოქმედებები და დიპლომატიურ რეგულირებას დაუბრუნდნენ.

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ გამოცხადებას და საბრძოლო მოქმედებების დაწყებას საერთაშორისო საზოგადოებაშიც ეხმაურებიან. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას და აზერბაიჯანს სამხედრო ქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

საქართველოსთვის ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი სავაჭრო პატრნიორია. ამას ის სტატისტიკაც ამტკიცებს, რომელიც გუშინ სავაჭრო მიმართულების კუთხით "საქსტატმა" გამოაქვეყნა. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი პირველ და მეორე ნომერ ქვეყნები არიან საქართველოს საექსპორტო მიმართულებით. კონფლიქტის მეტად გაღრმავების და გაგრძელების შემთხვევაში ყველანაირ ეკონომიკურ მიმართულებას საფრთხე შეექმნება.

როგორც ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე ქვეყანასთან შემცირდეს საგარეო ვაჭრობა და საფრთხე შეექმნას ისეთ სატრანზიტო მარშრუტებს, რომელიც საქართველოს ინტერესშია.

"ზოგადად გაყინული კონფლიქტების გამო, უცხოური ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გარემოა კავკასია და არ ვითვლებით სტაბილურ რეგიონად. ეტყობა კიდეც, გრძელვადიან ინვესტიციებს არავინ დებს. უცხოური კაპიტალი უმეტესწილად მოდის ისეთ სფეროებზე, რომლებიც მოკლე პერიოდში დიდ მოგებას იძლევიან. 

რაც შეეხება აღნიშნულ კონფლიქტს, შედეგი უფრო იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სახის დაპირისპირება იქნებადა რამდენ ხანს გაგრძელდება. ორივე ქვეყანა ჩვენი მეზობელია, ორივესთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, აზერბაიჯანიც და სომხეთიც ყოველთვის ტოპ ხუთეულში შედის. საქართველოს ინტერესიც არის, რომ დაპირისპირება რაც შეიძლება მალე დასრულდეს და რეგიონში ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გაგრძელდეს. ჩვენ სამივე ქვეყანა ბევრად სერიოზულ სარგებელს მივიღევთ, კავკასიაში მშვიდობით.

ორივე ქვეყნისთვის ევროპასთან და დასავლეთთან დამაკავშირებელი გზა გადის საქართველოზე. აზერბაიჯანს მხოლოდ საქართველოს გავლით შეუძლია ნავთობპროდუქტები და ბოლო დროს ელექტროენერგიაც გაიტანოს დასავლეთში. სომხეთისთვის კი სახმელეთო საზღვარი, საიდანაც შეიძლება რაიმე მიიღოს, მთლიანად საქართველოზე გადის. ასე რომ, ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული პატრნიორი ვართ და ჩვენთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ერთი მხრივ, შეიძლება, თვითონ ამ ორ ქვეყანასთან შეგვიმცირდეს საგარეო ვაჭრობა და მეორე კუთხით, რეგიონში კონფლიქტმა საფრთხე შეუქმნას იმ სატრანზიტო მარშრუტებს, რომელიც გვინდა, რომ აზიურ და აღმოსავლურ ქვეყნებთან გვქონდეს. ნებისმიერი არასტაბილური გარემო, დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი ეკონომიკის განვითარების პირველი მტერია”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯანიაშვილმა.

ჯერჯერობით ყველაფერი კონფლიქტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული და შედეგიც მისი გათვალისწინებით მიიღება. კიდევ ერთი ეკონომისტი რამაზ გერლიანის აზრით, კავკასიის რეგიონი ერთიანი თვალთახედვით აღიქმება.

"ფაქტია, რომ დესტაბილიზაციაა რეგიონში. გარედან, კავკასიის რეგიონი ერთიანი თვალთახედვით აღიქმება. ორივე ქვეყანა სარგებლობს ჩვენი ტერიტორიით და ეს კონფლიქტი ამ მიმართულებას შეიძლება შეეტყოს კიდეც. სავაჭრო პატრნიორობის თვალსაზრისითაც შეიძლება ზეგავლენა მოხდეს, თუ, რა თქმა უნდა, კონფლიქტი შევა ღრმა ესკალაციაში, ვგულისმობ, რამდენიმეთვიან დაპირისპირებას.

საერთოდ, აზებაიჯანელებსა და სომხებს ხშირად ჰქონიათ გარკვეული ტიპის შეხლა-შემოხლა და ამას ეკონომიკურ კავშირებზე ზეგავლენა არ მოუხდენია, ამიტომ გააჩნია, რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

პოლიტიკურ დატვირთას ნამდვილად გაზრდის, რაც ეკონომიკაზე იქონიებს გავლენას, რადგან მოგეხსენაბთ, რომ ამ პროცესში ორივე ქვეყანას ექნება იმის სურვილი, რომ რომელიმე მხარის სასარგებოდ რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული, იგივე სამხედრო, თუ სხვა ტიპის საქონლის გატარებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ესკალაცია გაღრმავდება”, - უთხრა რამაზ გერლიანმა "რეზონანსს”.

გუშინ დღის ბოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის განცხადება გავრცელდა, სადაც წერია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ამოცანის საბოლოო შესრულებამდე გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×