ადგილობრივი ბაზარი გადაჯერებულია და მანქანების იმპორტის ტემპი ბევრად აღემატება რეალიზაციას
თიკა სიბოშვილი
05.09.2023

ავტობიზნესს ცვლილებები უკვე დაეტყო. აშშ-დან იმპორტირებული მანქანების რუსეთში შეყვანის აკრძალვა და უკვე სექტემბრიდან ასამოქმედებელი ახალი რეგულაცია, რომლიც ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რეეექსპორტსაც კრძალავს, ქართულ ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად  იმისა, რომ ადგილობრივი ბიზნესი რუსეთის სრულად ჩაკეტვით, მოცულობის მხოლოდ 5%-ს დაკარგავს, ბაზარი გადაჯერებულია, მოთხოვნა კი შემცირებული, რაც დარგისთვის ცუდია.

ცნობილია, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ლი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება. ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება:

„1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში; ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი" - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

რაც შეეხება ქართულ ბაზარზე გავლენას, აშკარაა, რომ ეს ყველაფერი თავისებურ ნეგატიურ ეფექტს მოიტანს, თუმცა, როგორც ავტოიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ლაშა დარბაისელი აღნიშნავს, რეგულაციები საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

„ის რეგულაციები, რაც საქართველოში გვაქვს შიდა ბაზარს არ წაადგება. ვგულისხმობ, 2013 წლამდე ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას. ვფიქრობ, თუ რუსეთის ბაზარი ჩვენი ავტობიზნესისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი, ადგილობრივ ბაზარს და რეექსპორტს რაიმე დიდი დანაკლისი არ ექნება, რადგან საქართველო რუსეთის ბაზარზე არ არის დამოკიდებული. ქვეყანა უფრო მეტად მიბმულია შუა აზის ქვეყნებზე, ამიტომაც, ავტოიმპორტიორების უმეტესობის ინტერესია, მანქანები ამ ქვეყნებში და ამ ქვეყნებიდან წამოსულ მომხმარებლებზე გაყიდონ.

ავტომობილების გაიაფებას რაც შეეხება, ეს, ძირითადად, დამოკიდებული იქნება სატრანსპორტო ხარჯებზე და სხვა დამატებით მომსახურებაზე. დანარჩენი ფაქტორი გაძვირება-გაიაფებაზე არ იმოქმედებს“, - აღნიშნა დარბაისელმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

საქართველოს ავტოიმპორტს ასობით მილიონი დოლარი მოაქვს ქვეყნისთვის და ათიათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქმნის. სფეროში პრობლემები პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე და იქ დასაქმებულ ადამიანებზე. როგორც კომპანია "ვიჯის" წარმომადგენელმა დავით ავლოხაშვილმა აღნიშნა, ბაზარზე მყიდველების დაბალი აქტივობაა და ოქტომბრიდან, შესაძლოა, მანქანების ფასი კიდევ შემცირდეს. ახლა მუშაობა ძალიან გართულებულია.

„დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ძალიან ცოტა მყიდველია. ჩვენთან ავტომობილების ფასი შემცირებულია და ვფიქრობ, ოქტომბერში კიდევ 25-30%-ით დაიკლებს. არსებული მდგომარეობის გამო, პირადი ბიზნესისთვის ავტომობილების ჩამოყვანა შევწყვიტე დროებით და იქამდე არ გავაგრძელებ საქმიანობას, სანამ მოსაზღვრე ქვეყნებში მდგომარეობა არ დარეგულირდება, რადგან ასე მუშაობა ძალიან რთულია“, - აღნიშნა ავლოხაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

აშკარაა, რომ ავტომობილების ბაზარი გადაჯერებულია და საქართველოდან პირდაპირი რეექსპორტი უკვე შეჩერებულია. სულ მალე ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციებიც თავის შედეგს გამოიღებს და ბაზარზე მოთხოვნა კიდევ შემცირდება, რაც ფასის ვარდნის წინაპირობაა. გამოდის, რომ ახლა მიწოდება უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნა.

როგორც „რობანი მოტორსის" დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, რუსეთში რეექსპორტის შეზღუდვამ ბაზრის გაჯერება გამოიწვია, რაც დიდი პრობლემაა.

„ბიზნესს დაარტყა სანქციებმა და ეს უკვე პრობლემაა. ჩვენი ქვეყნიდან ოფიციალურად ვეღარ გაიყვანენ მანქანებს. ჩემი კომპანიას რუსეთზე ისედაც არ მუშაობდა, თუმცა მესმის იმ ადამიანების, ვინც ამ ბაზარზე იყო დამოკიდებული.

რუსეთში რეექსპორტის შეჩერებამ გამოიწვია ბაზარის გაჯერება ავტომობილებით და კიდევ უფრო თვალნათელი იქნება პრობლემა პირველი აგვისტოს ამოქმედებული რეგულაციის გამო. ვინც ამერიკაში პირველი აგვისტოს ჩათვლით ავტომობილი იყიდა, შემოდგომაზე ჩამოვა ქვეყანაში, რისი რეალიზება კი გართულდება.

მანქანები მიჰყავდათ რუსეთში და ასევე გადიოდა უკრაინაშიც. ომის გამო უკრაიანში გაყვანაც ძნელია, რუსეთი კი სანქცირებულია. თუ ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, რომლებიც რუსეთთან ერთ საბაჟო სივრცეში არიან, აამოქმედებენ თავიანთ მექანიზმებს, (რომ ამ ქვეყნებიდან შევიდეს მანქანები), მაშინ  ეშეველება ბაზარს, თუ არადა ახლა ბაზარი მართლაც ძალიან გადაჯერებულია შემოყვანილი ავტომობილებით.

რუსეთში გასაგზავნ ავტომობილებს თითქმის არავინ ყიდულობს საქართველოში, რადგან ძვირია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათი ფასი იმ დონეზე ჩამოვიდეს, რომ ადგილობრივებმა შეიძინონ, რადგან ის რუსეთის ბაზარზე იყო გათვლილი და ფასიც ისეთი ჰქონდა, რასაც ამ ქვეყნის წარმომადგენლები გადაიხდიდნენ“, - აღნიშნა ჯამაგიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×