დიდი შეღავათის მიუხედავად, პროდუქციაზე ფასის შემცირებას არავინ აპირებს
ქეთო გოგოხია
04.09.2023

ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი გაიაფდა, მაგრამ მწარმოებელი კომპანიები ფასების შემცირების საკითხს არც განიხილავენ. ამ დროს სწორედ გაზის გაძვირება იყო მიზეზი იმისა, რის გამოც პროდუქცია საბრძნობლად გაძვირდა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ საფასო პოლიტიკას არ შეეხებიან და ფასები არ გადაიხედება. ეკონომისტები მომხმარებლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის უქონლობით ხსნიან.

მომხმარებელთა უფლებადამცველები სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ განუკითხაობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერი ქმედებას, რომელიც უფრო მორალური პასუხისმგებლობის ნიშნებს შეიცავს, ვიდრე დანაშაულებრივს.

რაც შეეხება ბიზნესი პოზიციას, საკონდიტრო „სანდომში“თბილისში ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის შემცირების ფონზე, პროდუქციის ფასების მნიშვნელოვან კლებას არ ელიან.  როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეკლა თალაკვაძემ განაცხადა, ფასი გარკვეულ პოზიციებზე დაკორექტირდება, მაგრამ არა ხელშესახებად. ტარიფის ცვლილების ასახვას საკონდიტროში უფრო მომდევნო თვეებში ელიან.

გაიაფება გამოირიცხა პურის წარმოებაშიც. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ახლა სხვა პრიორიტეტებია, პირველ რიგში, კადრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და გამოთავისუფლებულ რესურსს ამ საკითხის მოსაგვარებლად გამოიყენებენ. აღნიშნული მოსაზრება პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" დაადასტურა.

,,გადასახადთან დაკავშირებული შეღავათი, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ხაზის უფრო განვითარებას, რესურსის ნაწილი სწორედ ამისკენ იქნება მიმართული. გაზის ტარიფი შემცირდა, მაგრამ მანამდე 86 თეთრიდან 1,40 ლარამდე მოიმატა, რასაც რატომღაც არავინ ითვალისწინებს.

პურის ამჟამინდელ ფასს შევინარჩუნებთ, გაიაფებაზე საუბარი ზედმეტია. მთავარია სტაბილურად შევინარჩუნოთ ფასი და წარმოებაში დასაქმებული კვალიფიციური მუშახელი. არ გამოვრიცხავთ, ხელფასი გავზარდოთ, ამ ეტაპზე ეს არის დარგის მთავარი საზრუნავი", - აღნიშნა დოლიძემ.

სპეციალისტების ბიზნესის მხრიდან არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი სოციალური პასუხისმგებლობის დეფიციტზე საუბრობს.

,,მიდგომა ნამდვილად არ არის კეთილსინდისიერი. ამ შემთხვევაში ბიზნესი სოციალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. საქართველოს მაგალითზე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. როდესაც ამა თუ იმ ინდიკატორიდან, სხვადასხვა პარამეტრიდან გამომდინარე, ფასები მცირდება, ამ მოცემულობის დროსაც კი, ფასების კორექტირებაზე არავინ ფიქრობს. ეროვნული ვალუტის გამყარებაც ამის დასტურია. ძველ ნიშნულზე ფასებს აღარავინ აბრუნებს.

მიმაჩნია, რომ ამ საკითხის რეგულირება შუძლებელია, ეს არ არის კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივა. თავისუფალი ბაზარია და  ყველა კომპანია რაც უნდა იმ ფასად გაყიდის პროდუქტს, მთავარია კონკურენციის პირობების დარღვევა არ დაუფიქსირდეს", - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

მომხმარებელთა უფლებადამცველები კი ფიქრობენ, რომ ბიზნესის არაკეთილსინდისიერი ქმედება მომხმარებლებს აზარალებს და ამავე დროს არღვევს მათ უფლებას. თუმცა, როგორც კომპანია ,,ეტიკის" დამფუძნებელმა ამირან შენგელიამ განაცხადა, მოქალაქეები მწარმოებლებს ვერ მოსთხოვენ ფასების შემცირებას, ეს რეალურად შეუძლებელია დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე.

,,მორალური საკითხი უფროა, ვიდრე კანონდარღვევა. ბიზნესი ფასებთან დაკავშირებით თავისუფალია და რაც "აწყობს", იმდენს დააწესებს. შეიძლება ვიდავოთ, რომ ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ დამოკდიებულებას, ვინაიდან ცალსახად შესაძლებელი იყო ფასის კლება. ენერგომატარებლები მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვითღირებულებაში, ამიტომ 11-თეთრიანი სხვაობა  მცირე ნამდვილად არ არის და გაიაფების კუთხით ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს ხარჯების შემცირების მიმართულებით მოგება გაეზრდებათ.

ასეთ დროს  შეღავათი მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, მით უმეტეს, რომ ფასები თავის დროზე სწორედ გადასახადების გაძვირების გამო გაიზარდა. ბიზნესის დამოკიდებულებაა გამაოგნებელი, რომელთაც გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მომხმარებლებთან  ურთიერთობისას", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ამირან შენგელიამ.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაზის კომერციული ტარიფი 11 თეთრით შემცირდა, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის უცვლელი დარჩა.

შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×