საწვავი მკვეთრად ძვირდება, სურსათზეც ფასი არასტაბილურია, ამიტომ წლის ბოლომდე ამ მხრივ ვითარება უფრო გაუარესდება
ქეთო გოგოხია
04.09.2023

ინფლაციამ გეზი ზრდისკენ აიღო. მაღალია მკვეთრი ცვლილება ჯერ არ შეიმჩნევა, თუმცა ტენდენცია აშკარაა. ფასების ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, რაც ინფლაციისთვის სტიმულის მიმცემია. პირველ რიგში, ეს არის მათ შორის საწვავის ნახტომისებური გაძვირება და სურსათზე არასტაბილური ფასი, რომლის ადგილობრივი მარაგებიც ნოემბრიდან იწურება და დიდი შანსია, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აგრარული პროდუქციის ღირებულება გაიზარდოს. სახარბიელო ვიტარება არც საერთაშორისო ბირჟებზეა, რაც ინფლაციის რისკს ერთიორად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ინფლაცია ბოლო 3 თვის განმავლობაში,  თითქმის ნულოვანი იყო, აგვისტოში კი დაახლოებით 1%-მდე მოიმატა.  შესაბამისად, ალბათობა დიდია, რომ წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელამდე ვერ დავიდეს. ფასებთან ერთად რისკს ლარის კურსის ზრდის. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე გასვლა გაგვიჭირდება. ნაწილი უფრო ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ინფლაციის კუთხით წელს რისკი მინიმალურია.

სტატისტიკოს გივი მომცელიძის აზრით, აუცილებელია ფასების ზრდისა და ლარის კურსის სტაბილურობაზე უფრო მეტად გამახვილდეს ყურადღება. მით უმეტეს, რომ საერთშორისო ინსტიტუტების  ბოლო დროინდელი დასკვნით, გლობალურად ინფლაციის რისკი გაზრდილია, რასაც საქართველოშიც ექნება გამოძახილი და ნამდვილად მოიტანს არასასურველ შედეგს. თუკი შესაბამისი ღონისძიებები არ დაგეგმება და სათანადო ნაბიჯები არ გადაიდმება, წლის ბოლოდ ვითარება გაუარესდება.

,,მიმდინარე წელი ინფლაციის მხრივ მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მეეჭვება, მიზნობრივ მაჩვენებელს გასცდეს. დღესდღეობით  საკმაოდ დაბალია ფასების ინდექსი, წინა წლებისგან განსხვავებით, რაც იმედს იძლევა, რომ პრობლემებს თავიდან ავირიდებთ. ინფლაცია რომ გაგვექცეს,  რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რომ არასტაბილურობის განცდა შეიქმნას. მაგალითად, ლარის კურსმა დაიწყოს სერიოზული რყევა ან სამეზობლოში არსებული ვითარება დამძიმდეს. ამ მხრივ გარკვეული არასტაბილურობა არის, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ჩვენშთან ინფლაციის მკვეთრი ზრდის საფუძველი გახდეს", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" მომცელიძემ.

მისი შეფასებით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ინფლაციასთან დაკავშირებით ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა საერთაშორისო ფასები გამოწვევად რჩება.

,,არ მგონია, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს გასცდეს, თუმცა რისკი გაზრდილია. იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ძალიან გვიჭირს ხოლმე, როდესაც გლობალურ ბაზრებზე პროდუქტი ძვირდება. სამეზობლოშიც დიდი ინფლაციაა და ესეც დამატებითი საფრთხეა.

მთავარია, სტრატეგიული პროდუქტების ფასი შენარჩუნდეს. საერთაშორისო ბირჟებზე ამის საშიშროება თუ გაჩნდა, შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ბაზარს დაიცავს. მაგალითად, გადასახადების შერბილების კუთხით ან სხვა, რომ ნეგატიური გავლენა განეიტრალდეს. საწვავი ძვირდება, მაგრამ ეს არ მგონია ფასების საერთო დონეზე მკვეთრად აისახოს.

საბოლოო ჯამში, ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ მაღალი ინფლაციის პერიოდი, ყოველ შემთხვევაში წელს მაინც, ამ მხრივ წელს სტაბილურობაა და ეს მოცემულობა ჯერჯერობიტ შენარჩუნდება", - დასძინა მომცელიძემ.

განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი, რომლის ვარაუდითაც, ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე მკვეთრად გაიზრდება, ამიტომ განსაკუთრებით მონეტარულ პოლიტიკას უნდა მიექცეს ყურადღება და ადეკვატური ზომები გატარდეს.

,,ინფლაციის რისკი იზრდება, რადგან ეროვნული პროდუქტის მარაგი მცირდება, გლობალოურ ბაზრებზე ფასები მატულობს, მათ შორისაა საწვავი, რაც ინფლაციას ასტიმულირებს ხოლმე. სიტუაცია დღესდღეობით არც ისე მიმზიდველია, როგორც ბევრს წარმოუდგენია.

მიზნობრივ მაჩვენებლს, სავარაუდოდ, დავუახლოვდებით, ვერ ვიტყვით, რომ გადასცდება, წინა წლებში ძალიან მაღალი ინფლაცია იყო, წელს უკეთესი ვითარებაა, ჩემი აზრით, წლის ბოლოს 2,5%-ს არ გადაჭარბებს.

ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულებაა,  ინფლაციის მართვა, ამას სჭირდება სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც სებ-ს, სამწუხაროდ, არ გააჩნია. არასწორრ პოლიტიკას ატარებს ცენტრალური ბანკი და ამას მთავრობაც ხელს უწყობს. შიდა ვალის აღებაზე უარი უნდა თქვან და ,,ქამრებიც შემოიჭირონ". ეს იქნება ინფლაციასთან მიმართებით წინგადადგმული ნაბიჯი.

რთული საპროგნოზოა, თუ როგორი იქნება ლარის კურსი მომავალში. როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას, აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუკი მოთხოვნა შენელდება, ცხადია, ეს რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება", - აღნიშნა გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

სტატიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა. საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.5%-ით განისაზღვრა.

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×