გივი მომცელიძე: ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა მეტი გვინდა, რადგან სიღარიბიდან უფრო სწრაფად ამოვალთ
გვანცა წულაია
30.08.2023

საქართველოში სოციალური უთანასწორობა შემცირდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ჯინის კოეფიციენტი მაინც საკმაოდ მაღალია. ეკონომისტები გამოსავლის იმ გზებზე საუბრობენ, რისი მეშვეობითაც სოციალური უთანასწორობის შემცირებაა შესაძლებელი.

ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, ყველაზე მაღალ ნიშნულზე (-0.42%) 2010 და 2011 წლებში იყო. 2012 წელს კი 0.41%-ზე ჩამოვიდა და მას შემდეგ იკლებს, მხოლოდ 2017 წელს გაიზარდა 0.39%-დან (2016 წლის შედეგი) 0.40%-მდე. სხვა წლებში კლებაა ანდა იმავე მაჩვენებელზეა და უკვე 2021 და 2022 წელს კოეფიციენტმა 0.34% შეადგინა, რაც მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მინიმუმ, მაინც მაღალი მონაცემია.

რადგანაც ჯინის კოეფიციენტი დაკლებულია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა შემცირდა. როგორც ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს, სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლა ეკონომიკური ზრდით და ახალი სამუშაო ადგილების შექმნითაა შესაძლებელი.

„მეცნიერები, თეორიტიკოსები და პრაქტიკოსები მივდინენ დასკვნამდე, რომ საზოგადოების სტაბილურობისათვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება, თუ მოსახლეობის ყველაზე მდიდრების 10% და ყველაზე ღარიბების 10% შემოსავლებში განსხვავება არ იქნება 10-ჯერზე მეტი. ჩვენთან ეს მაჩვენებელი, ჯერჯერობთ, უფრო მაღალია და სხვადასხვა კრიტერიმის მიხედვით, სადღაც 15-17-მდე მერყეობს. ფულადი შემოსავლების მიხედვით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია, ამიტომ საზოგადობის და ხელისუფლების წინაში დგას ამოცანა, რომ დაბალშემოსავლიანების შემოსავლებმა უფრო სწრაფად მოიმატს, ქვეყნის მოსახლეობის მედიანური შემოსავლებისა და ხელფასის ზრდასთან შედარებით.

რამდენიმე დღის გამოქვეყნდა მონაცემები ხელფასებთან დაკავშირებით და მართალია, საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენლი დაბაშემოსავლიანების რაოდენობა, მაგრამ ეს მაჩვენებელი უფრო სწრაფად მცირდება, საშუალო დინამიკასთან შედარებით.

არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არის სოციალური უთანასწორობა, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ქვეყნის დოვლათი. მთავარი ამოცანაა, რომ გავზარდოთ ქვეყნის ეროვნული პროდუქტი და ვიზრუნოთ მისი, რაც შეიძლება მეტად სამართლიან განაწილებაზე.

სახელმწიფო დგას ნაბიჯებს, განსაკუთრებით კორონავირუსის დაწყებისა და მის შემდგომ პერიოდში. ჯერ ერთი, შექმენეს სამუშაო ადგილები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, მეორე - გაზარდეს დახმარების მასშტაბები და მესამე - გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ სხვადასხვა გატეგორიის ადამიანები. მაგალითად, სტუდენტი იქნება თუ პენსიონერი, ტრანსპორტით სარგებლობისას მათთვის ლარის მსყიდველობითუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, რადგან მათ უფრო იაფად გადაადგილება შეუძლიათ.

მონეტარული, თუ არამონეტარული ფორმებით, სახელმწიფო სოციალური უთანასწორობის სიმწვავეს ამცირებას, მაგრამ მთავარი მაინც ეკონომიკური ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ამ მიმართულებით მუშაობა იყო და გრძელდება კიდეც", - განუცხადა „რეზონანსს" სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ „მეზობლებთან შედარებით საკმაოდ საიმედო მდგომარეობა გვაქვს, თუმცა ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით - არა".

„პიემსიჯის" მონაცემებით, 2023 წლის ივლისში 0-დან 600 ლარამდე ხელფასს 191 ათასი ადამიანი იღებდა, მათ შორის, 0-დან 100 ლარამდე დარიცხულ ხელფასს 13 057 პირი. მათი დასაბეგრი შემოსავალი 723,074 ლარი იყო. 100 ლარამდე შემოსავალი კი, ივლისში ჯამში 73 687 პირს ჰქონდა.

ამავე პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.6%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.8%-ული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9%-ული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.0%-ით არის გაზრდილი. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 2.0%-ს შეადგენდა.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ საქართველოს 90-იანი წლების მძიმე შედეგს დღემდე იმკის.

„სოციალური უთანასწორობის ფუნდამენტური მიზეზია ის, რომ საქართველომ 90-იან წლებში გადაიტანა სერიოზული შოკი, რის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანი გაღარიბდა და მაშინდელ შედეგებს დღესაც კი ვიმკით. შეიძლება სხვა პატარა მიზეზების დასახელება, მაგრამ მთავარი გარემოება მაინც ეს არის, 90-იანი წლების კოლაფსი, ეკონომიკის სერიოზული ვარდნა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ 90-იანი წლები სხვა ქვეყნებმაც გადაიტანეს, მაგრამ ისეთი ვარდნა, როგორც განსაკუთრებით 1989-1994-წლის ჩათვლით გვქონდა, არ ჰქონია სხვას, იმ პერიოდში. იმდენად დიდი და ცუდი რამ გვაქვს გადატანილი, რომ, როგორც გითხარი, შედეგს დღესაც ვიმკით", - განუცხადა „რეზონანსს" გივი მომცელიძემ.

სტატისტიკოსის თქმითვე, საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მეტია საჭირო, რადგან ამ გზით ქვეყანა სიღარიბეს უფრო სწრაფად დააღწევს თავს.

„ეკონომიკურმა ზრდა თავისი შედეგი, რა თქმა უნდა, გამოიღო და ამას მონაცემებიც აჩვენებს. ცვლილება უცბად ვერ მოხდება, მაგრამ თუ ეკონომიკა სწრაფად გაგვეზრდება, შედეგი იქნება უკეთესი. სტაბილურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, მაგრამ უკეთესობა არის და ასეთ პირობებში, კიდევ უფრო შემცირდება სოციალური უთანასწორობა. ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მეტი ზრდა გვინდა, რადგან სიღარიბიდან უფრო სწრაფად ამოვალთ.

საქართველოს, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, არასოდეს არ ჰქონია კატასტროფული მდგომარეობა, მათ შორის არც მაშინ, როცა ჯინის ინდექსი 0.41-0.42% იყო. ევროპასთან მიმართებაში კი უფრო მაღალი მაჩვენებლები გვქონდა", - დასძინა „რეზონანსთან" გივი მომცელიძემ.

ჯინის ინდექსთან ერთად, საქართველოში სიღარიბეც ისტორიულ მინიმუმზე. 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღარს ქვევით მოსახლეობის 15.6% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე (17.5%) 1.9%-ით, ხოლო 2020 წლის შედეგზე (21.3%) 5.7%-ით ნაკლებია

ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×