ნიკა შენგელია: „დეკემბრის თვეში, პროდუქციაზე ფასები იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო"
გვანცა წულაია
28.08.2023

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში საწვავი ძვირდება. იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ფასებზე გავლენას გლობალური მიზეზები ახდენს, რასაც ქართული ლარის გაუფასურება ერთვის თან. საწვავს, პროდუქციის ფასწარმოქმანში, საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, ამიტომ მისი გაძვირება ინფლაციაზე იქონიებს გავლენას და პროდუქციის ღირებულებას გაზრდის.

მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასთან დაკავშირებით ცუდი ტენდენციაა. გუშინ, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ეკონომიკის მხარდასაჭერად ზომები მიიღო, ნავთობის ფასი გაიზარდა, მიუხედავად აშშ-ს საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდასთან დაკავშირებით არსებული მოლოდინისა. შედეგად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა 19 ცენტით, ანუ 0,2%-ით და ბარელზე 84,67 დოლარამდე

საკმაოდ ცუდი ტენდენციაა რუსეთშიც, რომლის ბაზარზეც საქართველოს დიდად დამოკიდებულია, ამიტომ იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყნისთვის ვითარების შემოტრიალება რთულია.

საქართველოში იმპორტირებული საწვავის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა სწორედ რუსეთიდან - 449,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს. რუსეთში კი საწვავის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა და იქ არსებული ტენდენცია, საქართველოზე მოახდენს გავლენას.

ახლო მომავალში საწვავის კიდევ გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც საბოლოო ასახვას პროდუქციაზე მოახდენს და ისედაც გაძვირებული ფასები კიდევ მოიმატებს. სწორედ ამაზე საუბრობს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია, რომლის პროგნოზის მიხედვითაც, საწვავის ფასი 15-25 თეთრით მოიმატებს, რაც საკვებს გააძვირებს.

„სექტემბრის თვიდან ბენზინზე ფასები მოიმატებს 15-დან 25-თეთრამდე, ხოლო დიზელის ღირებულება ზემოთ დასახელებული თვის ბოლოსთვის აუცილებლად გადააჭარბებს 3-ლარიან ნიშნულს. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი კი არის ის, რომ საწვავი გაძვირდა რუსეთში, რომელ გარემოებასაც ემატება ის მოუშორებელი სენი, რასაც ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება და მაღალი ფასის შენარჩუნების სურვილი ჰქვია.

საწვავის სიძვირეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ რაღაც დასახელების საკვებზე მოიმატებს ფასები და მეტიც, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, პროდუქციაზე ფასები იქნება იმაზე გაცილებით მაღალი, ვიდრე იყოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში", - განუცხადა „ბიზნეს რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.

საქართველოში გარკვეული პერიოდის უკან საწვავის ბაზარზე კარგი ტენდენცია ფიქსირდებოდა, თუმცა მას შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და უკვე რამდენიმე თვეა ბენზინიც ძვირდება და დიზელიც.

ინფლაციის მიმართულებით კი ბოლო თვეებია საკმაოდ კარგი შედეგი დაიდო, თუმცა საწვავის გაძვირება მდგომარეობას უარესობისკენ შემოატრიალებს.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ პროდუქციის ფასწარმოქმნაში საწვავი არის ერთ-ერთი მთავრი ფაქტორი, ამიტომ მისი გაძვირება ინფლაციაზე მოახდენს გავლენას.

„საწვავის გაძვირებას ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მსოფლიო ბირჟებზე ბოლო სამთვიან ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ნავთობის ფასები არის მაქსიმუმზე. მეორე ფაქტორი გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენთან საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის რუსული საწვავი, რომელიც უფრო იაფი ღირს, ვიდრე დასავლური ნავთობპროდუქტები. მათ შორის სხვაობა საშუალოდ 10 დოლარია, რაც შენარჩუნებულია, თუმცა მიუხედავად ამის გათვალისწინებით, რუსული საწვავი ბოლო ორთვიან მაქსიმუმზეა.

გარდა ამისა, უნდა შევხედოთ ეროვნული ვალუტის კურსსაც, რომელიც, ამ პერიოდში, შედარებით უფრო მერყევია. ჩვენ გვახსოვს პეიოდი, როცა უფრო ოპტიმალურ ნიშნულზე იყო დასტაბილურებული ქართული ლარი. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი საწვავის ფასზე ისახება და როდესაც აღნიშნული ფაქტორების მნიშვნელოვანი გადაცემა გვაქვს, როგორ წესი, გაძვირების პროცესი საკამოდ სწრაფია ხოლმე.

პროდუქციის ფასწარმოქმნაში საწვავი არის ერთ-ერთი მთავრი ფაქტორი და, რა თქმა უნდა, მისი ღირებულების ცვალებადობა ინფლაციის ფორმირებაზე მოახდენს გავლენას, ეს ყოველთვის ასეა და არც ახლანდელი პროცესი იქნება გამონაკლისი შემდეგ თვეებში", - განუცხადა პაატა ბაირახტარმა „ბიზნეს რეზონანსს".

ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ ჩანს იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა დასტაბილურება დაიწყოს. არც რუსეთში იკვეთება მსგავსი გარემოება. მეტიც, ოკუპანტ ქვეყანაში ითქვა, რომ ნავთობის ექსპორტი შემცირდება, რაც ბალანსის უზრუნველსაყოფად ახსნეს.

„ნავთობის ბაზარზე ბალანსის უზრუნველსაყოფად რუსეთი გააგრძელებს ნავთობის მიწოდების ნებაყოფლობით შემცირებას სექტემბერში", - თქვა რუსეთის ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რამდენიმე დღის წინ.

საწვავის ფასის მატებასთან ერთად, პრობლემაა პროდუქციის სიძვირე მსოფლიოში. გლობალურად ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასი ისევ მაღლა დაიძრა. სიძვირე დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებაზე და დარეგულირებაზე მუდმივად მუშაობენ საერთაშორისო დონეზე, თუმცა შედეგი სახარბიელო არ არის. საქათველოსთვის კი ყოველი საფასო რყევა საფრთხის შემცველია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ისედაც არ იაფდება პროდუქცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×