ნელი გოგუაძე: „ალბათ, მხოლოდ გარკვეული პერიოდით მოიმატებს ქირის ფასი, მაგრამ ნოემბრიდან კლების ტრენდს დაუბრუნდება"
ქეთო გოგოხია
28.08.2023

ახალი სასწავლო წლის დადგომის წინ სტუდენტები წელსაც დილემის წინაშე არიან, რადგან მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი ვერ გადაწყდა, ქირის ფასი კი კვლავ რეალობას აცდენილია. მართალია, უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილება ქირის საფასურს შეეხო და მცირედით გაიაფდა, მაგრამ ამ შეღავათს ფაქტობრივად ვერავინ გრძნობ, გადასახადი კვლავ მაღალი რჩება. დილერები ვარაუდობენ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ტარიფი მცირედით მოიმატებს მოთხოვნის ზრდასთან ერთად.

სტუდენტების ის ნაწილი, რომელსაც ბინის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, შეიძლება სწავლის გაგრძელების რისკი წინ აღმოჩნდეს. ვინ გეოგრაფიულად თბილისის სიახლოვეს ცხოვრობს, ბინის დაქირავებას არჩევს, რომ საკუთარი სახლიოდან ყოველდღიურად იაროს სასწავლებელში. ასე იქცევა ბევრი სტუდენტი, ვინც, ახლო რეგიონებში ვთქვათ, გორში, კასპში, საგარეჯოში და სხვა ტერიტორიაზე ცხოვრობს და თბილისის მიმართულებით მანძილის დაფარვას 1-2 საათს ან ნაკლებ პდროს ანდომებს.

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ცენტრალურ უბნებში ფასი საშუალოდ 500 დოლარის (ერთოთახიანი) ფარგლებშია, გარეუბნებში კი 900-1000 ლარია, რაც სტუდენტებისთვის ძნელად ხელმისაწვდომია.

კომპანია „კიბეს" დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ქირის საფასურის გაიაფებამ სიტუაცია რეალურად ვერ შეცვალა, რადგან ქირა კვლავ ძვირია და ეს მდგომარეობა განსაკუთრებით სტუდენტებისთვის არის მძიმე, რადგან ბინებს ვერ ქირაობენ.

„ახლა მკვეთრი მოთხოვნა არ არის რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მხრიდან, რასაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ჰქონდა ადგილი. ფასმაც გაიაფება დაიწყო, მაგრამ ცვლილება უმნიშვნელოა და შეღავათს ფაქტობრივად ვერავინ გრძნობს. მდგომარეობა განსაკუთრებით სტუდენტებისთვის არის რთული. ვინც ახლო რეგიონში ცხოვრობს, ყოველდღიურად საკუთარი სახლიდან დადის სასწავლებელში და ბინას არ ქირაობს, მაგრამ შორი რეგიონებიდან ჩამოსულებს თავშესაფარი სჭირდებათ. ცენტრალურ უბნებში ფასი 500 დოლარია, გარეუბნებში 900-1000 ლარი და მეტიც, რაც სტუდენტებისთვის ძნელად ხელმისაწვდომია. სასექტემბროდ ბინის ქირაზე გადასახადს 30%-ით არავინ გაზრდის, მაგრამ მცირე სხვაობა იქნება. ალბათ, მხოლოდ გარკვეული პერიოდით მოიმატებს ფასი, მაგრამ ნოემბრიდან კლების ტრენდს დაუბრუნდება", - განაცხადა გოგუაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან".

ამდენად, ახალი სასწავლო წლის დადგომისთანავე სტუდენტები რთულ მდგომარეობაში ნაღმოჩნდებიან, ვინაიდან ყოველთვიური ქირა იმაზე მაღალია, ვიდრე მათ მიერ გათვალისწინებული ბიუჯეტი გასწვდება.

რეალურად ძალიან ცოტაა ისეთი სტუდენტი, ვინც ნათესავთან ახერხებს ცხოვრებას. უმეტესობას მაინც დაქირავება მოუწევს, თუმცა როგორ გაწვდებიან ხარჯს, ვერ აკონკრეტებენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მცხოვრები ცირა გეთია ამბობს, რომ თადარიგს ადრევე შუდგა და მეორე თვეა, 700 ლარის ფარგლებში ეძებს ბინას თბილისში, მაგრამ ვერ იშოვა.

„ვიფიქრე, რომ თუ ცოტა ადრე დავიქირავებდი ბინას, გაძვირეული ფასის გადახდა არ მომიწევდა, მაგრამ მისაღებ ფასად ვერსად ვშოულობ ბინას, გარეუბნებშიც 900 ლარზე ნაკლებად არ არის. მეორე კურსის სტუდენტი ვარ. 700 ლარად გვქონდა ფართი დაქირავებული და ორი სტუდენტი ვცხოვრობდით, ვიყოფდით თანხას. დიასახლისმა მოულოდნელად 1000 ლარამდე გაგვიძვირა, ამიტომ ბინა დავცალეთ. ახლა ისევ 700 ლარის ფარგლებში ვეზებ, მეტს რეალურად ვერ გადავიხდი. 2 თვის წინ დავიწყე სასურველი ბინის მოიძიება და აღმოჩნდა, რომ ამ ფასად ქირა წარმოუდგენელია", - უთხრა „ბიზნეს-რეზონანს" სტუდენტმა გოგონამ.

ოზურგეთელი ნინია კვიცარიძის გათვლით, თბილისში ცხოვრება ყოველთვიურად 1500 ლარზე მეტი დაუჯდება, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

„900 ლარად თუ ვიშოვი ბინას, კომუნალკური გადასახადის და კვების ფულის ჩათვლით 1500 ლარი არ მეყოფა. საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ფული, არ ვიცი. თხილი გვაქვს ოჯახში და მთელი წლის შემსოავალი 2000 ლარიც არ არის, ჩემთვის ეს ერთი თვის ხარჯია. ერთადერთი გამოსავალია, ჩემს მდგომარეობაში მყოფ თანაკურსელებთან ერთად დავბიქირავო ბინა, სადაც 3 ადამიანი მაინც ვიცხოვრებთ და ხარჯს გავინაწილებთ. სხვა ვარიანტია, სწავლას თავი დავანებო. ამდენი წელია, სტუდენტურ საცხოვრებელზეა საუბარი და ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. ჩემს დღეშია უამრავი სტუდენტი, რომც ვიმუშავო, ბინის ქირას მაინც ვერ გადავიხდით, სტუდენტების ხელფასი ხშირ შემთხვევაში მიზერულია და თავის გატანა გაგვიჭირდება", - აღნიშნა ნინია კვიცარიძემ ჩვენთან საუბრისას.

სტუდენტებს ბინის დაქირავება უჭირთ ბიმ მხრივაც, რომ ხშირად გამქირავებელი რამდენიმე თვის გადასახადის წინასწარ შეტანასაც ითხოვს.

საინტერესოა „გალთ ენდ თაგარტის" კვლევა, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის მიმოხილვას ეხება.

მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპს შემცირების ტენდენცია აქვს 2023 წლის აპრილიდან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ცვლილება ყველაზე მეტად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარმა განიცადა. ომის დაწყებასთან ერთად საქართველოს საზღვრებს რუსეთის უამრავი მოქალაქე მოაწყდა და მათმა დიდმა ნაწილმა თბილისსა და ბათუმში დაიდო ბინა, რამაც ჯერ გასაქირავებელი ბინის ფასის, ხოლო მალევე შეძენის ღირებულება გაზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×