გეოლოგი: „მთელ მსოფლიოში შეიცვალა კლიმატი, რაც გლობალური დათბობით არის გამოწვეული, ყველაფერი პრაქტიკულად ამ პროცესს ბრალდება".
ქეთო გოგოხია
28.08.2023

ბოლო პერიოდის განმავლობაში სტიქიური მოვლენები საკმაოდ გახშირდა. შოვის ტრაგედიიდან ერთი თვეც არ არის გასული და რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, კლდე ჩამოიშალა და სხვა, რასაც, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საფრთხე მასშტაბურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს. სპეციალისტები შექმნილ სიტუაციაში გამოსავალს კონტროლის გაძლიერებაში ხედავენ, რაც რისკს გარკვეულწილად შეამცირებს.

მდგომარეობა ჯერჯერობით იმდენად არაპროგნოზირებადი ჩანს, რომ ფაქტობრივად არც ერთი რეგიონი არ არის დაცული, განსაკუთრებით მთიანი ნაწილი, სადაც ათასობით მეწყერსაშიში ზონაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქვეყანამ პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, რის შესაძლებლობაც გააჩნია და რასაც უსაფრთხოების სტანდარტი მოითხოვს.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ხათუნა გოგალაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ სპეციალური კვლევების გარეშე რთულია თქმა, კონკრეტული მოვლენა რა ბუნებრივი პროცესით არის გამოწვეული, თუმცა შემოწმება ინტენსიურად უნდა მიმდინარეობდეს.

„რთულია თქმა კონკრეტული მოვლენა რა ფაქტორის გავლენით არის გამოწვეული, ამას სჭირდება გეოლოგიური შემოწმება, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს და კითხვებს პასუხი გაეცემა. მაღალი რისკის შემცველ ტერიტორიებს, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების პოტენციური რისკით არის დატვირთული, ბუნებრივია, განსაკუთრებული მეტი ყურადღებით უნდა მივუდგეთ, განსაკუთრებით როცა კონკრეტული ინფრასტრუქტიურის განვითარებაზეა საუბარი. მით უმეტეს, როცა მშენებლობა მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს. როდესაც შოვზე ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა, ადამიანები დაიღუპნენ, რასაც ვერ ვუშველით, ვერც ვინმეს დავადანაშაულებთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ სადამკვირვებლო ობიექტების მუშაობა გააქტიურდება, თუ არ არის, უნდა აღსდგეს ეს სტრუქტურები და კონტროლი გაძლიერდეს სერიოზული შესწავლა სჭირდება ამ საკითხს, რა სახის პრევენცია შეიძლება გაკეთდეს და სხვა", - აღნიშნა გოგალაძემ და დასძინა, რომ კონტროლი უნდა გაძლიერდეს ყველა ობიექტზე, რომელიც პოტენციური საფრთხის მატარებლად მიიჩნევა.

„კარგად გასაანალიზებელია, ძალიან ობიექტურად და კარგად უნდა მოინახოს სუსტი წერტილები, სად რა შეიძლება გაკეთდეს, იქნება ეს დაკვირვების დონეზე, გაფრთხილების თუ რეაგირების, ამაზე უნდა მიიმართოს მნიშვნელოვანი რესურსი, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. ფონი ნამდვილად რთულია, კლიმატური ცვლილებებია, იცვლება გარემო, ტემპერატურა და სხვა, რასაც არავინ უარყოფს", - დასძინა გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა.

გეოლოგიური კატასტროფების სიხშირეს გლობალურ დათბობას უკავშირებს აკადემიკოსი ტარიელ ტუსკია, რომლის შეფასებითაც მსგავსი რისკია მთელ მსოფლიოში და პრობლემა საქართველოსაც ეხება.

„სხვა ახსნა ძნელად მოსაძებნია. მთელ მსოფლიოში შეიცვალა კლიმატი, რაც გლობალური დათბობით არის გამოწვეული, ყველაფერი პრაქტიკულად ამ პროცესს ბრალდება. ამიტომ გვაქვს ასეთი გეოლოგიური კატასტროფები, რასაც ზოგ შემთხვევეაში დამანგრეველკი ძალა აქვს" - აღნიშნა აკადემიკოსმა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი კატასტროფების გათვალისწინებით, აუცილებელია ყველა მეწყერსაშიშ ზონებში მოხდეს ტერიტორიის ხელახალი შესწავლა, ხოლო სამომავლოდ მშენებლობის ნებართვის საკითხი გამკაცრდეს.

„შემოწმება უნდა ჩატარდეს, სადაც ღვარფოცის საფრთხეა, საცხოვრებელი სახლის, კოტეჯის და სასტუმროს დადგმა წინასწარვე კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. ამისთვის გეოლოგიური კვლევა არსებობს. უნდა დაზუსტდეს, რამდენად უსაფრთხოა ადგილი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ვნახეთ, რომ შოვში მრავალი კოტეჯი განადგურდა და ადამიანები დაიღუპნენა. არ მინდა ეს უბედურება ვინმეს დაბრალდეს, ამაზე საუბარიც არ შეიძლება, მაგრამ ალბათ სამომავლოდ მაინც უფრო ობიექტურად გათვლიან რისკებს და პროექტების განხორციელებისას მშენებლები და კონსტრუქტორებიც მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ ", - აღნიშნას ტარიელ ტუსკიამ.

რაც შეეხება ბოლო ფაქტს, როგორც ცნობილია, შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასა ჩამოიშალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს სწავლობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ ქურციკიძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება.

ასევე, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა მოხდეს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ გადაადგილების შეზღუდვა ვიზიტორებისა და მომლოცველებისათვის.

ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.

ცოტა ხნის წინ შემთხვევა დაფიქსირდა ონი-ზუდალის გზაზე, სადაც სამუშაოებისას მთა ჩამოიშალა.

გარდა ამისა, მეწყერი ჩამოწვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუჟავას მიმდებარედ, რამაც მდინარე ტებენაზე წყლის დინების შეწყვეტა და დაგუბება გამოიწვია. ძლიერმა წვიმებმა ბოლო დროს დასავლეთ საქართველოში ბევრ ადგილზე გამოიწვია მეწყერი, თუმცა ტებენას შემთხვევაში, შესაძლოა, მასშტაბი გაცილებით დიდი იყოს.

მთის ძირშია სოფლები მუჟავა და ფახულანი, რომელსაც გადმოჰყურებს ის მთა, რომლის კალთაზეც წყალია დაგუბებული, კლდის ნაწილი ქვებადაა ჩამოშლილი. ამ მთის ძირში გადის ენგურჰესის სადერივაციო გვირაბი, რომელიც ჰიდროაგრეგატებს წყლით კვებავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×