პაატა აროშიძე: გაჭირვებული ადამიანისთვის არავითარი აზრი არ აქვს ეკონომიკა 7%-ით იზრდება, თუ 10%-ით.
გვანცა წულაია
24.08.2023

საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, თუმცა მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ჯიბესა და კეთილდღეობაზე არ ისახება. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით თავს იწონებს, მაგრამ ამის პარალელურად, უამრავი სოციალურად დაუცველი და უმუშევარი ადამიანი ჰყავს.

პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მარლთაც პოზიტიურ ციფრებში არის წარმოდგენლი, თუმცა მოსახლებისთვის მთავარი პრობლემა მაინც სიღარიბეა, რომლიც დაძლევა ვერაფრით ვერ ხერხდება.

12 თვიანი უწყვეტი რეცესიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკამ ზრდა 2021 წლის მარტში 4%-ით დაიწყო და მას შემდეგ ქვეყანის ეკონომიკა იზრდებოდა, თანაც უმეტეს შემთხვევაში ორნიშნა მაჩვენებლით. აღნიშნული წელი შემდეგნაირად გამოიუყურება: აპრილი - 44.8%, მაისი - 25.8%, ივნისი - 18.7%, ივლისი - 9.9%, აგვისტო - 10.3%, სექტემბერში - 6.9%, ოქტომბერი - 6.9%, ნოემბერი - 12% და დეკემბერი - 9.6%.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა გასულ წელსაც, მაშინ ეკონომიკა 10.%-ით გაიზრდა. დეტალურად განხილვისას მაჩვენებლები შემდეგნაირია: შარშან იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა, თებერვალში - 14.6%-ით, მარტში - 10,6%, აპრილში - 2.6%, მაისში - 11.6%, ივნისში - 7.2%, ივლისში - 9.7%, აგვისტოში - 10.5%, სექტემბერში - 8.8%, ოქტომბერში - 8.3%, ნოემბერში - 9.3%, ხოლო დეკემბერში - 11%-ით.

რაც შეეხება მიმდინარე 2023 წელს, ეკონომიკა ამ პერიოდშიც იზრდება. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა, თებერვალში - 5.8%-ით, მარტში - 7.3%, აპრილში - 7.5%, მაისში - 7.0%, ხოლო ივნისში - 7.7%.

სტატისტიკა მართლაც კარგად გამოიყურება და შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ შედეგზე გადის, მაგრამ, მეორე მხრივ, იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და სახელმიწიფოს ფულად დახმარებაზე სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება დამოკიდებული. 2023 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს 668 555 სოციალურად დაუცველი ჰყავდა, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%-ია.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თვალშისაცემად 2020 წლიდან გაიზარდა, ანუ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს კორონავირუსის პანდემიამ შეუტია. მაგალითად, 2020 წელს ქვეყანაში 483 702 სოციალურად დაუცველი ჰყავდა, 2021 წელს - 587 524, ხოლო 2022 წელს - 659 005.

აღსაღნიშნავია ისიც, რომ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან ერთად, წლების განმავლობაში იზრდებოდა სოციალური შემწეობის საერთო მოცულობაც. მაგალითად, თუკი 2012 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით, 135 მილიონი ლარი გამოიყო, 2022 წელს სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სახელმწიფოს მიერ გადარიცხულმა თანხამ 620 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ამ ყველაფრიდან გამოდის, რომ ჯერჯერობით არანაირი დადებითი ტენდენცია, შემწეობის მიმღებთა კატეგორიაზე არ მოქმედებს.

როგორც სოციოლოგი პაატა აროშიძე აცხადებს, სოციალურად გაჭირვებული მოქალაქისთვის არავითარი აზრი არ აქვს ეკონომიკა 7%-ით იზრდება, თუ 10%-ით.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს ეკონომიკა იზრდება და სტატისტიკური ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ რეალურად, ეს მონაცემები თითოეული მოქალაქის შემოსავალზე არ აისახება. სახელმწიფოს და სტატისტიკის მხრიდან თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის მზარდი დინამიკა, თუმცა მეორე მხარეს არის უკვე თითოეული მოქალაქე, რომელთაც უჩნდებათ კითხვა, თუ ეკონომიკა იზრდება, რატომ არ მატულობს მისი შემოსავლები?! ეს კითხვა სრულიად ლოგიკური და სამართლიანია.

ეკონომიკური ზრდა ისახება მაგალითად ისეთ პროექტებზე, რომელიც თავის შედეგს მომავალში გამოიღებს და ეს, პირველ რიგში, რთული ასახსნელი და გასაგებია მოსახლეობისათვის, რადგან ნებისმიერ მოქალაქეს თავისი პირადი საზომი გააჩნია, რაც არის მისი შემოსავლები, ცხოვრების დონე და ა.შ.

იმას არ ვამბობ, რომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ციფრებია. როგორც გითხარით. ეს ისეთი ციფრებია, რომელიც გამოხატულია ისეთ პროექტებზე, რომელიც მოგვიანებით ისახება თითოეულ მოქალაქეზე, თუმცა ეს მათთვის შეღავათი არ არის.

სოციალურად გაჭირვებული მოქალაქისთვის არავითარი აზრი არ აქვს მშპ 7%-ით გაიზრდა, თუ 10%-ით. თუ ადამიანმა ეკონომიკური ზრდა არ იგრძო, ციფრებს არავითარი აზრი არ აქვს", - განუცხადა „რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

საქართველოს კიდევ ერთი დიდი პრობლემა უმუშევრობაა, რომელიც მართალია, ბოლო დროს შემცირებულია, მაგრამ მაინც მაღალია. 2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ 18.0% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში 16.7%.

უმუშევრობასთან ერთად, ქვეყანაში მცირდება სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანების ოდენობაც. მაგალითად, 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.9%-ით შემცირდა და 15.6% შეადგინა. შემცირება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სტატისტიკაც მეტყველებს, რომ მათი ოდენობა მაინც ბევრია.

როგორც ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, საქართველოში საგადასახადო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მდიდარს ამდიდრებს და ღარიბს აღარიბებს.

„ერთია ის, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მეორეა ის, თუ რის ხარჯზე ხდება მშპ-ს მატება. დაბალ და მაღალშემოსავლიანი ადამიანები ვცხოვრობთ საქართველოში და ჩვენ ყველას ერთი ეკონომიკა გვაქვს. მაღაშემოსავლიანი მოსახლეობა რომ უფრო მეტად მდიდრდება და დაბალშემოსავლიანი არა, ქვეყნის ეკონომიკა მაინც იზრდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით მხოლოდ მდიდრების მდგომარეობა გამოსწორდება და არა ღარიბების.

ჩვენი საგადასახადო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ სიღარიბეს იწვევა, მდიდარს ამდიდრებს და ღარიბს აღარიბებს. საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურაც ისეა მოწყობილი, რომ არ ხდება საშუალო ფენის ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი ხდებობდა წინა წელისუფლების დროს, მოქმედმა კი გადაიბარა.

ამ ეკონომიკურ სტრუქტურაში, როგორიც ჩვენ გვაქვს, მოსახლოების ფართო ფენები მდგომარეობის გამოსწორებას ვერ იგრძნობენ, რადგან ეკონომიკის წამყვანი ნაწილი არის საფინანსო სექსტორი, ბანკები, რომლებიც მომგებიანობით მსოფლიო ათეულში შედიან. ბანკები რომ ყოველ წელს რეკორდულ მოგებაზე გადიან, ეს არანაირი სარგებელი არ არის, თუნდაც რეგიონში დასაქმებული ადამიანისთვის. ამიტომ წარმოუდგენელია, თანაბრად კი არა, არამედ რაიმე გადანაწილება მოხდეს იმ დოვლათის, რაც იქმნება.

ისეთ რაღაცებს უნდა დავაკვირდეთ, როგორიც არის მედიანური ხელფასი და არა საშუალო ხელფასი, რასაც საქსტატი ითვლის. საინტერესოა, მედიანური ხელფასი, ყველაზე გავრცელებული ხელფასის ოდენობა რამდენი არის ქვეყანაში. უფრო სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ საქმეში. მაგალითად, ოჯახების, შინამეურნეობების შემოსავლები ან ხარჯები როგორ გაიზარდა. ოჯახზე, რომლის შემოსავლის დიდი ნაწილი მედიკამენტებსა და საკვებში მიდის, ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკურად გამართულია", - განუცხადა „რეზონანსს" მერაბ ჯანიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×