ლია ელიავა: „საბანკო სექტორი ფაქტობრივად ერთადერთია, რომელიც ეკონომიკის სხვა სექტორებისგან განსხვავებით, განუხრელად იზრდება".
ქეთო გოგოხია
24.08.2023

საბანკო სექტორი ეკონომიკაში ფაქტობრივად ერთადერთია, რომლის მ ოგებაც არნახულ მასშტაბს აღწევს. ტენდენცია ნებისმიერ პერიოდში უცვლელია და ამ მხრივ რაც 2023 წელია გამონაკლისი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სესხების გაძვირებით და ჯარიმა-საურავებით ბანკებს დიდძალი მოგება უგროვდება.

როგორც ირკვევა, ბანკების ბიზნესესხების პორტფელი ძირითადად ვაჭრობა-მომსახურების სექტორის დაკრედიტების ხარჯზე იზრდება, საცალო კი სამომხმარებლო კრედიტებით.

სებ-ის აგვისტოს ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, სხვა დარგების, მ.შ. მრეწველობის დაკრედიტების წილი, წლის დასაწყისიდან 5.5%-მდეა შემცირებული (2023M01-6.0%), ენერგეტიკის კი 2.5%-მდე. ვაჭრობა-მომსახურების სექტორი კი, რომელიც 10%-მდე გაზრდილი შიდა ინფლაციის კლების მთავარი მამუხრუჭებელია, 24.2%-იანი წილით არის წარმოდგენილი (2023M01 -23.1%; +1.1%პ).

როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავა აცხადებს, ბანკების მოგება მაშინ იქნება ეფექტური, რომ ზრდა გაფართოებული საკრედიტო საქმიანობით იყოს განპირობებული, მაგრამ ასე არ არის.

„ბანკები ყოველთვის მაღალ მოგებაზე მუშაობენ. მათ ყოველთვის აქვთ კარგი შემოსავალი და ცუდი ამ მხრივ არც ბოლო პერიოდია. აქტივობა გაზრდილია და, შესაბამისად, მოგებაც მატულობს. ბანკების მოგება შედგება სხვადასხვა სახის გადარიცხვების, საბანკო ოპერაციების, საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების და სხვა ოპერაციებისგან. როგორც იცით, ბანკებმა საკომისიოები გაზარდეს, რაც განპირობებულია ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაძვირებით და მრავალი სხვა შემადგენლით, რაც ბანკებს დიდ მოგებას აძლევს. გარდა ამისა, სესხების გაძვირებით და ჯარიმა-საურავებით ბანკებს დიდძალი მოგება უგროვდება. სექტორი ფაქტობრივად ერთადერთია, რომელიც ეკონომიკის სხვა სექტორებისგან განსხვავებით, განუხრელად იზრდება. მუდმივად ორიოდე ბანკია წამყვან პოზიციაში. წვრილები ხშირად ზარალში გადადიან, ბაზარი არათანაბრად არის განვითარებული.

წლიდან წლამდე უცვლელია ტრადიციაა, მუდმივად ვაჭრობა არის წამყვანი, რასაც ბანკები ყველაზე მეტად აფინანსებენ. გრძელვადიანი სესხები ბანკები ფაქტობრივად არ გასცემენ. ეს ბუნებრივია კიდეც, ვინაიდან ვაჭრობა სწრაფად იძლევა მოგებას, რაც ბანკებს აწყობთ. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო სტიმულს არ აძლევს ბანკებს, რომ რეალური სექტორი დააფინანსონ, მათი საქმიანობა ფაქტობრივად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დონეზეა დასული", - აღნიშნა „რეზონანსთან" ლია ელიავამ.

სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ ბანკების ასეთი ქმედება მოსახლეობის გაღარიბებისკენ მიმართული ქმედებაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა რჩებოდეს. ასე ფიქრობს ფინანსისტი დავით წიქარიძე, რომლის შეფასებითაც, კომერციული ბანკების მოგება მოსახლეობის ხარჯზეა.

„ბანკი თავის საქმეს აკეთებს და მოგებაზეა ორიენტირებული, მაგრამ მეორე საკითხია, როგორი რეგულაციები და ზედამხედველობაა ქვეყანაში, რომ კომერციული ბანკების მოგებამ მაქსიმუმს არ გადააჭარბოს. აქართველოში თუ რამე გამართულად მუშაობს, ეს საბანკო სექტორია. ის, რომ ბანკებმა მოგება ნახეს, პირველ რიგში, მათი დამსახურებაა, კარგად მუშაობენ. თუმცა მეორე საკითხია, როდესაც ამხელა მოგებაზე გადიან და მარჟა 50%-ზე მეტია, ეს ვიღაცის ხარჯზე ხდება. ეს „ვიღაც" კი ყოველთვის მოსახლეობაა, რომელიც ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, რეგულატორმა უნდა იმოქმედოს და ბანკებს პროცენტი დააწევინოს. ეს არის პროცესი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაკეთდეს დასკვნები. ამხელა მოგება მართლა დაუშვებელია. რეალურად, ბანკი თავის საქმეს აკეთებს და მოგებაზეა ორიენტირებული. უბრალოდ, მეორე საკითხია, როგორი რეგულაციები და ზედამხედველობაა ქვეყანაში, რომ კომერციული ბანკების მოგებამ მაქსიმუმს არ გადააჭარბოს", - აღნიშნა წიქარიძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემის მიხედვით, საბანკო სექტორს წმინდა მოგება ეზრდება, გამოთავისუფლებული რეზერვების ხარჯზე. სექტორში 850 მლნ ლარის მეტობას IFRS სტანდარტზე გადასვლა აჩენს.

ივლისიდან რეგულატორს ბანკები ანგარიშგების საერთაშორისო სისტემაზე სრულად გადაჰყავს. NBG-ურთან პარალელური 6-თვიანი პერიოდი დასრულდა. H2/2023-დან ქართული ბანკები სებ-ის მეთოდოლოგიით, იგივე GAAP-ით ანგარიგებას წყვეტენ. სესხების დანაკარგების რეზერვისთვის NBG-ურით თუ სექტორი 1.8 მლრდ ლარს მიმართავდა (H1/2023-ის მდგომაროებით), IFRS-ით, იგივე „ფასს"-ით მოუწევს ₾950 მილიონის დარეზერვება. მეტობა კი აისახება ბანკების წმინდა მოგებაში.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ საცალო დაკრედიტების ზრდა შენელდა, წლიურ (Y.Y) 14,7%-მდე. წლის დასაწყისიდან 1.7%პ-ით (01,2023 -16.4%Y.Y) მთლიანი პორტფელის ზრდას (14%Y.Y) აღემატება, თუმცა სებ-ის პარამეტრებში ჯდება.

ბანკების საცალო პორტფელში სამომხმარებლო სესხების წილი კვლავ მაღალია H1/2023-ის მდგომარეობით, 14.7%-იან ზრდაში სამომხმარებლო კრედიტების წვლილი 6.7%-ია (L/m - 6,62%; L/Y - 9.7%).

სებ-ისინტერაქტიული სტატისტიკით, ივნისში 806 600 000 ლარის 220 100 სამომხმარებლო სესხი გაიცა (L/m - 225 200; L/Y - 248 300). წლის დასაწყისიდან 0.9%პ -ით, 18%-მდეა გაზრდილია სამომხმარებლო დაკრედიტეის წილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×