ქეთო გოგოხია
03.08.2023

ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში შეყვანის აკრძალვა რეექსპორტს დიდად ვერ დააზარალებს. სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ავტომობილები სხვა ქვეყნების მეშვეობით მაინც გავა რუსეთში და აკრძალვა ამ მხრივ მკვეთრ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შემოსავლები გარკვეული დონით დაიწევს. სექტემბრიდან, როცა აკრძალვა ევროკავშირიდან შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც გავრცელდება, ქართული ბაზარი რეექსპორტის დაახლოებით 5%-ს დაკარგავს, რაც იმპორტიორები დიდ დანაკლისად არ მიიჩნევენ.

ცნობილია, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით ბმ.გე-იმ გაავრცელა.

ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება. აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად:

„1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი." - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

რაც შეეხება ქართულ ბაზარზე გავლენას, ავტოიმპორტიორები ფიქრობენ, რომ ავტომობილი რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან სხვა ქვეყნების მეშვეობით მაინც ჩააღწევს. როგორც „რობანი მოტორსის" დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რეექსპორტში მკვეთრ ცვლილებას არ ელოდება, შესაბამისად, ფიქრობს, რომ ბიზნესს ცვლილება დიდად ვერ დააზარალებს, მითუმეტეს, რომ გზა მაინც გამოინახება.

„რუსეთი პანდემიამდეც რეექსპორტში ყოველთვის ხუთეულში შედიოდა. დღესაც ასეა, მაგრამ რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის და ამ მიმართულებით მოთხოვნა შემცირდება თუ გაიზრდება, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ვფიქრობ, გამოინახება გზა და რუსეთში აკრძალული ავტომობილები მაინც შეაღწევს ანუ ეშველება იმ გაგებით, რომ რეექსპორტი მოხდება სხვა ქვეყანაში და იქიდან მაინც გავა რუსეთში. იმის მტკიცება, რომ ეს ავტომობილები აგრესორი ქვეყნის ბაზარზე ვერ შეაღწევს, ღიმილის მომგვრელია. ბევრი ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება ავტომობილები რუსეთში შევიდეს. აკრძალვა მოქმედებს, როდესაც რუსეთი აწესებს ბარიერს, მაგრამ არსებულ სიტუაციაში პარტნიორებს ვერ ავუკრძალავ", - აღნიშნა ჯამაგიძემ და შიდა ბაზარზე არსებულ ვითარებაზეც დასძინა.

ავტოიმპორტიორის თქმით, ბაზარზე პრობლემას ქმნის მოსახლეობის დაბალი მსყიდვითუნარიანობა, რის გამოც ადგილზე რეალიზაცია ჭირს, როცა ბაზარი გაჯერებულია.

„მანქანები არის, მყიდველი - არა. მოსახლეობის მსყიდვითი უნარი დაბალია, რაც მოთხოვნაზეც აისახება. გარკვეული პრობლემაა იმის გამოც, რომ აზერბაიჯანი ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა, რა მიმართულებით წავიდეს. ევროპაში ძვირია ის მოდელები რაც უნდათ, რთული სიტუაციაა. 2013 წლიდან გამოშვებულები ავტომობილები საკმაოდ ძვირი ღირს, თანაც წინა შეზღუდვების პერიოდში ბევრი შევიდა. მუშაობს ბაზარი, მაგრამ სასიამოვნო აქტიურობა ამ ბიზნესში ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. რაც შეეხება ფასს, ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ კონტეინერების გადაზიდვა გაიაფდა. უზბეკეთს აქვს შეღავათები 2013 წელს ზემოთ მანქანებზე და საინტერესოა, როგორ იმუშავებს ჩვენთან. ხალხი ცდილობს თავის მოქალაქეებს გაუადვილოს ცხოვრება, ჩვენი მოქალაქეები კი გაუაზრებელი რეგულაციების გამო სერიოზულ პრობლემას აწყდებიან", - აღნიშნა ჯამაგიძემ ჩვენთან საუბრისას.

სექტორში არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვა დაუწესდეს იმ ქვეყნებსაც, საიდანაც საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილები რუსეთში შედის. ასეთია სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის თქმით, რუსეთის ბაზარს რეექსპორტში 5% უჭირავს. თანხობრივად ეს არის 53 მილიონი დოლარი, რასაც საქართველო დაწესებული შეზღუდვის გამო დაკარგავს.

„იმ პირობებში, როცა სხვა ქვეყნებიდან საქართველოს მეშვეობით გადის ავტომობილები რუსეთში, რეექსპორტზე მზარდი მოთხოვნის დინამიკა არ შეიცვლება. დანაკარგი გვექნება ძირითადად მაშინ, თუკი ანალოგიური აკრძალვა შუა აზიის ქვეყნებზეც გავრცელდება, რაზეც ჯერჯერობით არავინ საუბრობს, მაგრამ იდეაში დასაშვებია. როგორც ცნობილია, რუსეთში რეექსპორტის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, თანხობრივად ეს არის 53 მილიონი დოლარი. რაც შეეხება შუაა აზიის ქვეყნებს, არ ვიცი იქიდან რამდენი ავტომობილი გადაიზიდა რუსეთში, ასოციაციაში ეს ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ცხადია, რომ მათ მიმართაც თუ დაწესდა აკრძალვები, ეს ძალიან დაგვაზარალებს. რადგან ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის ბაზრისთვის არ გაიყვანენ ავტომობილებს და საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოუწევთ ზრუნვა, რაც საბოლოოდ რეექსპორტის მაჩვენებლებზე უარყოფითად იმოქმედებს", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

შეგახსენებთ, მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 3,786 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 53 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 274%-ით არის გაზრდილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×