ავთო სილაგაძე: სხვადასვხა ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც უკეთეს ალტერნატივას შევქმნით, მაშინ შევძლებთ რუსეთზე დამოკიდებულის შემცირებას
გვანცა წულაია
02.08.2023

საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მჭიდროდაა დაკავშირებულია. ოკუპანტ ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულება დიდ მასშტაბებზეა გასული. ბოლო წელიწად ნახევარია, მთავრობა თავს იმშვიდებს იმით, რომ ალტერნატიულ ბაზრებზეც აქტიურად მიდის მუშაობა, თუმცა დივერსიფიცირება არ მომხდარა, კერძო სექტორი კი იმ შეღავათებსა და ხელსაყრელ პირობებზე საუბრობს, რაც რუსეთში ქართული პროდუქტის ექსპორტს გზას უხსნის.

მთავრობისა თუ კერძო სექტორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ვერ სუსტდება. უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, აქტიურად დაიწყო საუბარი, სხვა ბაზრების ათვისებაზე, მაგრამ ქვეყანას დივერსიფიცირება არ მოუხდენია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობა საკითხზე არ მუშაობს, უბრალოდ ამას დრო და მეტი მონდომება სჭირდება.

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით 10 მილიარდ 268 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 053 მილიონი დოლარია, რაც გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტს 19.3%-ით აღემატება. რაც შეეხება იმპორტს, რომელსაც სავაჭრო ბრუნვის ძირითადი ნაწილი უკავია, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იმპორტი 20.4%-ით 7 მილიარდ 215 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივნისში, 4 მილიარდ 163 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.

აღნიშნულ პერიოდში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში - 11.3%-იყო, ხოლო იმპორტის ნაწილში - 12.9%.

როგორც სტატისტიკოსი და ეკონომისტი გივი მომცელიძე აცხადებს, დიდად არაფერი არ გაკეთებულა, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მომხდარიყო და ბიზნესის გარკვეული სეგმენტი მაინც ცდილობს, რომ რუსეთზე იყოს მიბმული.

„ვაჭრობაში საქართველო რუსეთთან მჭირდოდ არის დაკაშირებული და ამას ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ობიექტური მიზეზი არის ევროპასთან ტერიტორიული სიშორე, ხოლო რუსეტთან სიახლოვე. ჯერჯერობით, მაინც ღარიბი და ნაკლებად მწარმოებელი ქვეყანა ვართ, რომელიც ვერ ქმნის კონკურენტუნარიან პროდუქციას. ამასთან ერთად, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც, სადაც, პირველ რიგში, შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ ბიზნესის ძალიან ბევრი მიმართულება რატომღაც უფრო მარტივ გზას ეძებს და არჩევს. აქ მაინც და მაინც რუსეთთან ტერიტორიულ სიახლოვეს არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულია ქართველების გარკვეული პროდუქტების მიმართ დადებითი დამოკიდებულება და ჩვენი ბიზნესი ამას იყენებს. რადგან რუსეთში ჩვენი პროდუქცია პოპულალურია, ღვინო იქნება ეს თუ ხილ-ბოსტნეული, ამიტომ ბიზნესი მიჰყვება ძველ ტრენდს და მარტივად გააქვს პროდუქცია რუსეთში.

ევროკავშირის წილი, რაც იყო, დაახლოებით იგივეა. თუ არ ვცდები, ცოტა შემცირდა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, რაიმე დიდი გარღვევა არ მომხდარა და ჩემი აზრით, ეს გარემოება ხელისუფლებიც ბრალიც არის, რადგან მთავრობამ თავისი პროგრამებით ვერ მოახერხა ის, რომ ჩვენი მზერა ჩრდილოეთიდან დასავლეთზე გადასულიყო, ამიტომაც ჩვენს ექსპორტში ევროკავშირის წილი დაახლოებით იგივეა, რაც იყო 7-8 წლის წინ და ძალიან ცუდი ამბავია.

დიდად არაფერი არ გაკეთებულა, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მომხდარიყო და გარკვეული სეგმენტი მაინც ცდილობს, რომ რუსეთზე იყოს მიბმული. ბაზრებზე გადართვას წლების სჭირდება ხოლმე, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ და არანაირი გარღვევა არ გვქონია ბოლო წელიწად ნახევარში.

არამხოლოდ ვაჭრობაში, არამედ ფულად გზავნილებშიც ლიდერობენ, მაგრამ ბოლო თვეებში გარდმორიცხვები შემცირდა, რაც ჩვენზე აუცილებლად აისახება. სხვათაშორის, კურსის გაუფასურება დაემთხვა რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებას და შეიძლება მოახდინა კიდეც გავლენა. ერთ დღეს, რუსეთში რომ რაიმე მოიგონონ, ჩვენს ეკონომიკას პრობლემები შეექმნება. 2019 წელი გავიხსენოთ, როცა ფრენები აკრძალეს. მაშინ ბევრი რუსი ჩამოდიოდა, მაგრამ დიდი ზარალი არ განგვიცდია, რადგან ხმელეთიდანაც შემოდიოდნენ და თან მაქსიმუმ 150 მლნ დოლარი დაგვაკლდა წელიწადში, თუმცა ბევრი რამ უცად რომ შეტრიალდეს და რუსეთმა გუდანაბადი აიკრას, საინტერესოა, მერე რას ვშვებით, ამიტომ უნდა ვეძებდეთ სხვა ბაზრებს", - განუცხადა „რეზონანს" გივი მომცელიძემ.

რუსეთში ქართული პროდუქტების ექსპორტში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე მეთვინეობის სფეროს უკავია. მეწარმეები ამბობენ, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობა დაწყებული აქვთ და რამდენიმე წელიწადში ამ მხრივ კარგი შედეგი ექნებათ. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ღვინო ევროპაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათ ბაზრებზეც აქტიურად არის წარმოდგენილი.

სტატისტიკიდანაც დგინდება, რომ საქართველო რუსეთზე იმპორტის ნაწილში უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ექსპორტის მიმართულებით, ანუ ქვეყანაში რუსეთიდან უფრო მეტი პროდუქცია შემოდის, ვიდრე გადის.

როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, მთავრობა ცდილობს ევროპაზე გადაერთოს და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამციროს, მაგრამ საქართველოს ამისთვის მზად არ არის.

„დივერსიფიცირება ნიშნავს ბაზრების გადანაწილებას და ეს აუცილებელია იმიასთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ალტერნატიული ბაზრები, რაც ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტული, მით უმეტეს საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მზად არ არის იმისათვის, ერთბაშად აქცენტი ავიღოთ დასავლეთზე და არც კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისთვისაა ამჟამად მზად, ამას დრო სჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

რუსეთიდან საქონელი შეღავათაინ ფასებში შემოდის, მსოფლიო ღირებულებასთან შედარებით, ამიტომ საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა იძლევა იმის საშუალება, რომ ეკონომიკურად მივიღოთ უფრო ნაკლებ, ანუ შეღავათიანი პირობებით პროდუქცია. ისე კი, პოლიტიკური გარემობა არც გვაძლევს და არც კარგა ხანს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას, რომ ეკონომიკურად რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული. როგორც ავღნიშნე, საქართველოს პოლიტიკურ გარემოებაში მშვიდობიანი კურსი აქვს განსაზღვრული, ეკონომიკური კუთხით კი არ გვითქვას, რომ ურთიერთობას შევწყვეტთ, ამიტომ რაც ჩვენი ქვეყნისათვის ხელსაყრელია, უნდა გამოვიყენოთ. დღეს კი, ძალიან ხელსაყრელია რუსეთიდან შემოტანილი და იქ გატანილი პროდუქცია, მაგრამ პარალელურად საქართველო სხვა ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუნდაც ჩინეთთან ბოლოდროინდელი ხელშეკრულებები რომ დავასახელოთ. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ როცა უკეთეს ალტერნატივას შევქმნით, მაშინ შეგვიძლია რუსეთზე დამოკიდებული შემცირება.

მთავრობა ცდილობს ევროპაზე გადაერთოს და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდეს, მაგრამ მზად არ ვართ, რომ სხვა ქვეყნის ბაზარი იმ წილად ავითვისოთ, როგორც რუსეთის", - განუცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×