გიორგი კაპანაძე: „გამომდინარე, მოლოდინია, რომ დინამიკა არ შეიცვლება ნეგატიურისკენ. პირიქით, მეტი სტაბილურობაა, რადგან ყველა პარამეტრი წესრიგშია"
ქეთო გოგოხია
31.07.2023

საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკვე არანაირ ეჭვს არ იწვევს. დადებითი ტრენდი შენარჩუნებულია და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები მოწონებას იმსახურებს როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ წრეებში, ასევე უცხოურ ორგანიზაციებშიც. გლობალური ფინანსური კომპანიების წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად ხაზს უსვამენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივად, რასაც მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და მინიჭებული რეიტინგიც მოწმობს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდეს, რაზეც ფაქტობრივად ყველა პირობაა შექმნილი.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.

ამდენად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

„აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რასაც ქვეყანა აგრძელებს და დინამიკა ამ მიმართულებით სტაბილურია.

„რეგიონში მიმდინარე ომის და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს ეკონომიკამ სტაბილურობა შეინარჩუნა, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე პოზიტიურად აისახება. ბოლო პერიოდში მაღალი ზრდა გვაქვს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი მიღწევაა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ წლის დასაწყისში პროგნოზი განსხვავებული იყო. ფიქრობდნენ, რომ 5%-მდე დაიწევდა მაჩვენებელი, შედარებით ნაკლები ტემპით პროგნოზირებდნენ ზრდას, მაგრამ მონაცემები შეიცვალა. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსაც უფრო პოზიტიური გათვლები აქვთ, რაც საყურადღებოა. დღეს უკვე 7%-ზე მაღალია ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემი, რაც დიდ იმედს იძლევა. ვფიქრობ, რომ დინამიკა არ შეიცვლება და მოლოდინი გამართლდება, რასაც საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია. ეკონომიკური დარგებიც საკმაოდ აქტიურად არიან წარმოდგენილი და მათი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში გადამწყვეტია. ასეთია სამშენებლო სფერო, რომელიც ეკონომიკაში შეტანილი წვლილით ლიდერ პოზიციაზეა. დინამიკა შეიცვალა და თუკი ქირაზე მოთხოვნა სჭარბობდა, უკვე გაყიდვების მიმართულება დაწინაურდა, რაც სექტორის მდგრადობას ადასტურებს. მრეწველობა და ვაჭრობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. საგარეო ვაჭრობაშიც უკეთესი სიტუაციაა. გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება, რაც იმპორტის მაჩვენებლებშიც ჩანს და საგარეო ვაჭრობაში ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელია", - განაცხადა გიორგი პაპავამ.

არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე, რომლის შეფასებითაც, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები მცირე ეჭვის საფუძველსაც კი არ იძლევა, რომ დინამიკა გაგრძელდება მომავალშიც.

„მწვავე საგარეო ფაქტორების ზემოქმედების პირობებში საქართველომ შეძლო და გადაეწყო სტრუქტურულად ისე, რომ შეენარჩუნებინა სტაბილურობა და მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დღევანდელ მსოფლიო რუკაზე ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდის მიმართულებით ფაქტობრივად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია. ასე იყო შარშან და ეს ტენდენცია შენარჩუნდა. აქედან გამომდინარე, მოლოდიონია, რომ დინამიკა არ შეიცვლება ნეგატიურისკენ. პირიქით, მეტი სტაბილურობაა, რადგან ყველა პარამეტრი წესრიგშია და ეს ეხება ექსპორტის ზრდას, ფულის გადმორიცხვებს, ინვესტიციებს, ყველაფერი ერთად ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს შეიძლება ორნიშნასთან მიახლოებული ზრდა მივიღოთ. ამის პირობას იძლევა ის ფაქტორიც, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, რომელიც ასეთი პოზიტიური იშვიათადაა. უმეტეს შემთხვევაში ისინი ძალიან მოზომილები არიან თავიანთ პროგნოზებში. შარშანაც წლის დასაწყისში გაცილებით ნაკლები პროგნოზი ჰქონდათ, მაგრამ წლის ბოლოსთვის და დაახლოებით მესამე კვარტლიდან საკუთარი მოსაზრებები შეცვალეს და გაზარდეს პროგნოზები, რაც საქართველოს ეკონომიკის მიმართ იმედის მომცემია", - განაცხადა კაპანაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან".

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×