ქეთო გოგოხია
11.07.2023

წელს საზღვაო ტურისტული სეზონი ჯერჯერობით ვერ ამართლებს. თავდაპირველად უამინდობამ, შემდეგ უკრაინაში წყალსაცავის აფეთქებამ და ახლა კი სტიქიამ დამსვენებლების განწყობაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა და ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა. როგორც აღმოჩნდა, სულ ახლახან აჭარაში მომხდარი  წყალდიდობის გამო შეკვეთები ქართველმა დამსვენებლებმაც გააუქმეს. აშკარაა, რომ საზღვაო კურორტებისთვის მრავალი არახელსაყრელი გარემოებაა, რის გამოც სტუმრების სიმცირე იგრძნობა. ანალოგიური სიტუაციაა სამეგრელოს საზღვაო ზოლშიც, სადაც აღიარებენ კიდეც, რომ სეზონი ჩავარდნის პირასაა.

ყველაზე მეტად მაინც აჭარაში უჭირთ, სადაც შიდა ტურისტების დიდი ნაწილი მოაკლდათ და სასტუმროების უმეტესობა რუსი დამსვენებლების იმედად არის დარჩენილი.

ქობულეთში, სასტუმრო ,,მირაჟის“ ხელმძღვანელი ჟუჟუნა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა თითქმის განახევრდა. რაც შეეხება ფასს, დამსვენებლების სიმცირის მიუხედავად, მოსმახურების სერვისი ცოტათი გააძვირეს.

,,ძალიან ცუდი სიტუაციაა, მოთხოვნა იყო, მაგრამ ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებამ სეზონზე ცუდად იმოქმედა. ბევრმა შეკვეთა გააუქმა, განსაკუთრებით ადგილობრივმა დამსვენებლებმა, რომლებიც ზღვაზე რისკად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვცდილობთ ქართველი ტურისტები მოვიზიდოთ, მცირე დაბრკოლებაც კი მათზე უარყოფითად მოქმედებს. ელემენტარულად, ორიოდე დღის წინ მომხდარი წვიმისა და წყალდიდობის გამო, დამსვენებლებმა ობიექტები დატოვეს და უკან დაბრუნდნენ. ასე მოიქცა ადგილობრივების უმეტესობა და თანხის დაბრუნებაც მოითხოვა.

რუსი ტურისტების შემთხვევაში, ამინდს პრობლემა არ გამოუწვევია, მაინც გავიდნენ გარეთ, ახალი ადგილების მოსანახულებლად, დაგეგმეს ექსკურსია და სხვა. არც ამინდი აშინებთ, არც ზღვის დაფინძურების საფრთხე. რაც შეეხება ევროპელ დამსვენებლებს, ისედაც ნაკლებად იყვნენ და წელს ძალიან იშვიათად ჩამოდიან.

მთლიანობაში, რთული სიტუაციაა. ველოდებით, რომ ივლისის ბოლოდან შეიძლება სეზონი გააქტიურდეს და ცოტათი მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა. რაც შეეხება ფასს, ცოტათი გავაძვირეთ, რადგან დიდი ხარჯი გვაქვს გაწეული და არ გვინდა დავზარალდეთ. სასტუმროში ამ ეტაპზე 1 ნომრის დღიური საფასური 140-180 ლარის ფარგლებშია“, - უთხრა სასტუმროს მფლობელმა ,,რეზონანსს“.

ანალოგიური მდგომარეობაა ბათუმშიც, სადაც უამინდობაზე მეტად პრობლემას ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხს უკავშირებენ. სასტუმრო ,,ოთოს“ დამფუძნებლის  მაიკო ბერიძის  თქმით, სასტუმროების დიდი ნაწილი ცარიელია.

,,დიდი ხარჯია გაწეული, რასაც ალბათ წელს ვერ ამოვიღებთ. ამას გაჭირვება არ ჰქვია, შუა სეზონია და  დამსვენებლების არნახული სიმცირეა. პანდემიის მერე ასეთი მდგომარეობა არ გვქონია. უამინდობა სხვა დროსაც იყო, მაგრამ ხალხი არ გარბოდა. ახლა ზღვის დაბინძურების რისკის გამო, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დავენებისგან თავი შეიკავონ. რაღაც კამპანია თუ არ ჩატარდა და ინფორმაცია არ გავრცელდა, რომ ზღვაზე დასვენება უსაფრთხოა, სიტუაციის გამოსწორების ალბათობა მცირეა.

სეზონის დასაწყისში რამდენიმე შეკვეთა გვქონდა, მაგრამ ყველამ გააუქმა. ზოგი ახლაც გვიკავშირდება და გვეუბნება, რომ აგვისტო-სექტემბერში გეგმავს დასვენებას,  თუ დარწმუნდებიან, რომ საფრთხე არ დაემუქრებათ. ძირითადად ჩვენი მუდმივი კლიენტები არიან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად გვსტუმრობდნენ. როგორც არ უნდა იყოს, აქტიური სეზონი წელს აღარ გვექნება", - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ მაიკო ბერიძემ.

ანალოგიური მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტებზე ანაკლიასა და განმუხურში.დამსვენებლების ნაკლებობის გამო სეზონური დასაქმების კუთხითაც პრობლემა გაჩნდა, რაზეც განმუხურის მკვიდრმა სოფიკო ზარქუამ ისაუბრა.

,,აქტიურ სეზონზე  ყოველი მეორე ოჯახი სახლს აქირავებდა, შემოსავალი იყო და სანაპირო ზოლზე მდებარე ტურისტულ ობიექტებშიც ვახერხებდით მუშაობას. ერთ-ერთ კვების ობიექტში ვმუშაობ, მცირე მოთხოვნის გამო ნახევარ განაკვეთზე გადაგვიყვანეს და ხელფასიც შემიმცირდა. რამდენიმე ახალი კადრი აიყვანეს სეზონის დასაწყისში და დღესაც არ დაუწყიათ მუშაობა. ჩვენი კურორტი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის იმედად იყო და ამ სეგმენტის პასიურობა ძალიან დაგვეტყო, იშვიათად მოდის დამსვენებელი“, -  განაცხადა სოფიკო ზარქუამ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ტურიზმის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზღვის ხარისხი სტანდარტს შეესაბამება და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს. 

„10 დღეში ერთხელ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის სანაპიროზე ამოწმებს 9 სადგურიდან აღებულ წყლის სინჯს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ  წყლის ხარისხი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სტანდარტებს აკმაყოფილებს და საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ომიაძემ.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, შავი ზღვის დაბბინძურების რეალური საფრთხე გაჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×