ლარის კიდევ ოდნავი გაუფასურებაც და ქვეყანაში გაძვირების პროცესი დაიწყება
ქეთო გოგოხია
05.06.2023

ინფლაცია მცირდება, მაგრამ გაზრდილ ფასებს რეალურად ვერაფერი შველის. მიმდინარე პერიოდში, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, პრობლემა უფრო მეტად იკვეთება. თუკი ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, ამან შეიძლება გაძვირების მორიგი ტალღა გამოიწვიოს. დღესდღეობით კი ინფლაციის კლების რეალურ სარგებელს, ფაქტობრივად, ვერავინ გრძნობს, ხელოვნურად გაზრდილი ფასები კვლავ გამოწვევაა მოსახლეობისთვის.

საწვავის გარდა, თვალშისაცემად იმპორტული პროდუქცია არ გაიაფებულა, თუ არ ჩავთვლით ძირითადი მოხმარების რამდენიმე პროდუქტს, როგორიცაა ფქვილი, ზეთი და ადგილობრივი წარმოებიდან ყველი, რომლის ფასიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა. სურსათის უმეტესობა, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები კვლავ ძვირი ღირს და ფასის შემცირებაზე საერთოდ არავინ ფიქრობს.

აქედან გამომდინარე ინფლაციის კლება ხალხისთვის დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან ბოლო პერიოდში ფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე ხელფასი და ხალხი ყოველდღიურ ხარჯს ვერაფრით უმკლავდება. საჭიროა ინფლაციის მაჩვენებელთან ერთად ერთად სამომხმარებლო პროდუქციის ღირებულებაც შემცირდეს, რადგან მომხმარებლისთივს რეალური შვება სწორედ ეს იქნება.

ამ დროს ფასების კლების მოლოდინი ექსპერტებს საერთოდ არ აქვთ. ეკონომისტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ რიგი პროდუქტები გაძვირდეს კიდეც და მოიმატოს ინფლაციის ტემპმაც, რისი რისკიც ლარის გაუფასურებას უკავშირება.

,,ფასები პიკზე დარჩა, რადგან ინფლაციაც შესაბამისად მაღალი გვქონდა. მართალია, მისი ტემპი ბოლო პერიოდში მცირდება, მაგრამ ეს ფასებს თითქმის არ ეტყობა, იშვიათი გამონაკლისი გარდა, არაფერი იაფდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3-4%-ია. ამდენად, ფასები მუდმივად მოიმატებს,

აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა, რამდენი პროცენტით იზრდება რეალური ეკონომიკა,  რამაც კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. გაიაფება თვალშისაცემი ვერ იქნება, რადგან უკვე  დეფლაციას გამოიწვევს, რაც ასევე დიდი პრობლემაა ეკონომიკისთვის. ნორმალურ სიტუაციაში  ხანგრძლივ ვადაში ფასები 2-3% უნდა იზრდებოდეს.

მართალია, ახლა ინფლაციის თვალსაზრისით ამ ეტაპზე ვითარება დასტაბილურდა, მაგრამ თუკი ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება, შეიძლება ისევ მაღალ დინამიკაში გადაიზარდოს. ამ მხრივ ყველაზე დიდი რისკი არის ლარის ბოლო ერთ თვის არასტაბილურობა და სავალუტო რყევები, რაც ფასების ინდექსის ზრდას იწვევს", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აკაკი ცომაიამ.

მისი აზრით, თუკი ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი შეჩერდება, ფასების დინამიკაც დაიკლებს.

,,რთული საპროგნოზოა, თუ როგორი იქნება ლარის კურსი მომავალში. როდესაც საქმე ეხება ინფლაციას აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ მოთხოვნის ზრდის შენელება მოხდება, ცხადია, რომ ეს რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება“, - დასძინა ეკონომისტმა.

გაძვირებული სამომხმარებლო პროდუქციის ფონზე ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი ვარაუდობს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილება. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ქვეყანაში ინფლაცია თითქოს მცირდება, მაგრამ პროდუქტებზე ფასები მაინც არ იკლებს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

,,მოსახლეობის ხარჯებში კვების პროდუქტები ძირითად ნაწილს წარმოადგენს. სურსათი კი მეტ-ნაკლებად დღესაც ინარჩუნებს გაძვირების ტრენდს. ინფლაცია შემცირდა, მაგრამ  ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება. ამ პრობლემის წინაშეა უამრავი ქვეყანა, ყველგან მაღალია, მაგრამ საქართველოსთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

სამწუხაროდ, მოსახლეობის შემოსავალი გაზრდილ ხარჯს ვერ ეწევა, ფასი თითქმის არაფერზე მცირდება და არც ველოდებით ლარის გაუფასურების ფონზე, რისი ტენდენციაც, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ფასების დონე ინფლაციის კლების ტემპს ვერ მიჰყვება.

რთული ეკონომიკური გარემოა, ქვეყნის მოქალაქეები გარბიან სამშობლოდან, მათ შორის, სოციალურად დაუცველები. ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯოებესება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე ვერაფრით აისახა და მოქალაქეები გამოსავალს ემიგრაციაში ხედავენ, რთული პროცესებია", - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

"საქსტატის" ინფორმაციით, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული თვიურ ჭრილში ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×