კიდევ შემცირდება თუ არა საწვავის ღირებულება საქართველოში?
გვანცა წულაია
07.09.2022

საქართველოში საწვავი იაფდება, ხოლო მსოფლიოში - ნავთობი. დაახლოებით 2-3 კვირაა, რაც ბენზინის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულ ჩამოსცდა. ასეთი ვითარებაა საბითუმო ბაზარზე და უკვე საცალო ქსელშიც. ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი მსოფლიოშიც. იაფდება, როგორც "ბრენტის" მარკის ნავთობი, ისე ამერიკული "ლაითის" ტიპის ნავთობი. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა იქნება მომავალში, მოსალოდნელია თუ არა, გლობალურად ნავთობის კიდევ მეტად გაიაფება და პარალელურად საქართველოში საწვავის ღირებულების კლება.

ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება 2.90-2.95 ლარის ფარგლებში მერყეობს. მართალია, დიზელის ფასი 3 ლარს აღემატება, თუმცა 4-ლარიან ნიშნულს დიდი ხანია ჩამოსცდა და ახლა საშუალოდ 3.50-3.55 ლარის ფარგლებში იყიდება. არაბერდირებულ სადგურებში 1 ლიტრი ბენზინი უკვე 2.99 ლარი ღირს. მდგომარეობა უკეთესობისკენ ბოლო დღეებში შეიცვალა.

გაიაფების ტენდენციაა მსოფლიოშიც. "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა 89 დოლარამდე იკლო, ხოლო ამერიკული "ლაითის" ფასი 85 დოლარამდე დაეცა.

საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი და ადასტურებს, რომ საბითუმო ბაზარზე ბენზინი 2.90 ლარის ფარგლებშია, იაფდება დიზელიც, ხოლო ნავთობის საერთაშორისო ღირებულება, შეიძლება ითქვას, რომ ომამდელ ნიშნულს უბრუნდება.

“ვხედავთ, რომ ბოლო ორ კვირაზე მეტია ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 100 დოლარზე ქვევითაა ჩამოსული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის ფასი ომამდელ ზღვარს უბრუნდება. ბოლო პერიოდში, ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ ნავთობის ფასი 100 დოლარს ქვევითაა. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ფასები "პლატცის" მიხედვით შემცირებულია ნავთობპროდუქტებზე.

ვხედავთ, რომ ივლისის შუა რიცხვების შემდგომ საქართველოში საწვავი იაფდება. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში, საშუალოდ, 50 თეთრით არის ფასები შემცირებული. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებშიც საგრძნობი ცვლილებაა, განსაკუთრებიოთ დიზელის შემთხვევაში. 1 ლიტრი დიზელი კარგა ხანია 4 ლარს ქვევით არის ჩამოსული.

რაც შეეხება ბენზინის საბითუმო ფასს, "რეგურალის" ტიპის საწვავის ღირებულება, საშუალოდ, 2.90 ლარია. დიზელის საშუალო ღირებულება კი, დაახლოებით, 3.50-3.55 ლარია”, - განაცხადა ვანო მთვარალაშვილმა “რეზონანსთან”.

რაც შეეხება მოლოდინს, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალი საკმაოდ პოზიტიურია და საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ლარი ცოტათი გაუფასურდა, ვხედავთ, რომ საბითუმო ბაზარზე საწვავის ღირებულება შემცირებულია და საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, იმის ხარჯზე, რომ საერთაშორის ფასები იკლებს და დიდი კონკურენციაა. სწორედ ამიტომ, მოლოდინიც საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ღირებულების შემცირების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება”, - განაცხადა მთვრალაშვილმა “რეზონანსთან”.

დიდი გაძვირების შემდეგ, საქართველოში, საწვავი თანდათან იაფდება. ფასის კლება ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. გაიაფების ტენდენციაზე საუბრობს კომპანია “სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე სასიკეთო ცვლილებებია..

“საბითუმო ბაზარზე ფასები მხრივ ვითარება შემდეგნაირია: დაახლოებით 2.95 ლარი ღირს ბენზინი, ხოლო დიზელი - 3.55 ლარი. ბენზინის ფასი 3-ლარიანი ნიშნულს დაახლოებით 2 კვირაა რაც ჩამოსცდა.

კიდევ მოხდება თუ არა ფასის კლება, ვერ გეტყვით, არ იქნება პროგნოზი რეალური. ღირებულების კლება ზოგადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ლარის კურსი, როგორ იქნება ფასები საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომ საქართველოში საწვავის ღირებულება კიდევ დაიკლებს თუ არა, რთულია ახლა თქმა, თუმცა ყველა მიმართულებით ასე თუ ისე დადებითი ტენდენციაა”, - განუცხადა ზაალ იაკობიძემ “რეზონანსს”. 

ქვეყანაში ნავთობპროდუქტეის გაიაფება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობა საწვავის ღირებულებით დაინტერესდა. ივლისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან”. მაშინ ადგილობრივმა მენავთობეებმა პირობა დადეს, რომ საწვავის გაიაფების ტენდენცია უფრო შესამჩნევი სექტემბრიდან იქნებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×