"ჩვენ პურს კი გავაიფებთ, მაგრამ სავაჭრო ქსელებმა თუ დაკლებული 10 თეთრი ჯიბეში ჩაიდეს, აქედან რა გამოვა?"
გვანცა წულაია
05.09.2022

მსოფლიოში ხორბლის მიმართულებით დადებითი ტენდენცია უკვე თვალში საცემი და იმედის მომცემია. ბოლო ხანებში მარცვლეული ყველგან იაფდება, ხოლო საქართველოში იაფდება ფქვილი. ტენდენციის გაგრძელებაზე საუბრობენ სფეროს წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ფქვილის ფასი კიდევ შემცირდება, რაც, საბოლოო ჯამში, პურის ღირებულებაზე აისახება. 

დაახლოებით ერთ თვიან ჭრილში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა, როგორც გლობალურად, ისე საქართველოშიც. თუკი აგვისტოს დასაწყისში ერთი ტომარა ფქვილი 80-82 ლარი ღირდა, რამდენიმე დღეა, 75 ლარის ფარგლებშია. ვითარება იმდენად პოზიტიურია, რომ სრულებით არ არის გამორიცხული 50-კილოგრამიანი შეფუთვის ღირებულება პანდემიამდელ, 64-66 ლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ გაძვირებული ენერგომატარებლები პრობლემაა, რასაც პურზე ფასწარმოქმნაში დიდი როლი აქვს.

როგორც საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, არსებული ტენდენცია სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ფქვილის  კიდევ გაიაფება მოსალოდნელია.

„ნამდვილად ვადასტურებ, რომ ფასების მნიშვნელოვანი კლება გვაქვს, მაგრამ არის პირობები, რომელიც პურის მრეწველობისათვის დამატებით უნდა განხორციელდეს, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან გაძვირდა ენერგომატარებლები. 1 კბ/მ ბუნებრივი აირი პურის წარმოებისთვის ღირდა 86 თეთრი და გახდა 1.38 ლარი. წყალი, რომელიც ღირდა 4.40 ლარი, გახდა 6.50 ლარი. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ფქვილის ფასების უკან იწევს, მაგრამ ეს მხარეც ყოველთვის უნდა ავღნიშნოთ, რადგან მეწარმეს შეღავათი მაშინ ექნება და პროდუქტს კლებისკენ რეალური შესაძლებლობა მაშინ მიეცემა, თუ ყველა მხრივ კლება გვექნება. თუ ერთი მიმართულებით დაიკლო ფქვილის ღირებულებამ, მეორე მხრივ მოიმატა ენერგომატარებლებმა.

დაიწერა, რომ ბუნებრივი აირის გამანაწილებელმა ორგანიზაციამ სუფთა მოგება ნახა 67 მილიონი. თუ ამხელა მოგება ნახე, მაშინ ტარიფს რატომ მიცვლი?  ენეგრომატარებლების გაძვირების პრობლემა ვახსენე კიდეც, მაგრამ ამომიჭრეს ტელევიზიით, არადა ეს აუცილებლად უნდა ითქვას.

საქართველოში ძალიან კარგი მოსავალია. წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი მოვიდა. 130 ათასი ტონა ხორბალი უკვე აღებულია. მაგალითად, მოხისის რაიონში გლეხმა ჰექტარზე 4 ტონა ხორბალი მოიყვანა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ხალხი მიუბრუნდა ხორბლის წარმოებას და ეს უდავოდ კარგია. მისი ჩაბარების ფასესსაც არაუშავს.

პურის მწარმოებლები ფქვილს ყოველთვის იძენდნენ 80-81 ლარად, მაქსიმუმ იყო 82 ლარი. 82 ლარიდან, კი ბატონო, ვადასტურებ, რომ 75-76 ლარზე ჩამოვიდა, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება. თუ ასეთი შემცირება კიდევ გაგრძელდება, მეწარმეებს ნამდვილად ექნებათ შესაძლებლობა, რომ პური გაიაფდეს. 

საუბრობენ, რომ ფქვილის ფასი კიდევ დაიკლებს, რადგან რუსეთს დიდი მოსავალი მოუვიდა. როდესაც პროდუქცია ბევრია, მისი დაბინავება ადვილი არ არის. ამიტომ ამ დროს რეალიზიცის აქტიურდება. რუსეთში უამრავი კერძო მეურნეობებაა, რომლებიც ახლა რეალიზაციას ახდენენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, დამატებით გაიაფების რეალური მოლოდინი არსებობს“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ მართალია ფქვილი იაფდება, რამაც შესაძლოა, პურზე ფასის კლება გამოიწვიოს, მაგრამ საინტერესოა, ეს ვაჭრობაში რამდენად აისახება და მაღაზიებიც თუ შეამცირებენ ფასს.

„პურის საბოლოო ღირებულება ყალიბდება ვაჭრობაში. მე, თუ პურის გასაცემ ფასს, 10 თეთრი დავაკელი, მაღაზიაც შეცვლის ღირებულებას? ვაჭრობაში შემცირებული ფასი გამოჩნდება? პური რომ 10 თეთრით გავაიფოთ, იგრძნობს თუ არა მოსახლეობა? ეჭვი მეპარება ძალიან, რადგან აქ მნიშვნელოვანია ვაჭრობის როლი, თუ როგორ გაიყიდება მაღაზიაში. თუ ვაჭრობამ ის 10 თეთრი ჯიბეში ჩაიდო და ფასთა კლება არ გამოაჩნია, აქედან რა გამოვა?

ადრე იყო წესი, კანონი, რომ როდესაც პურს მოგაწვდიდნენ, არ შეგეძლო 5%-ზე მეტი დაგემატებინა, ფასების ლიბერალიზაციის შემდეგ, ეს მომენტი გაქრა და ახლა ვისაც რამდენი უნდა, იმდენ ფასნამატს აკეთებს. ვაჭრობაში შემხვედრია კიდეც, რომ ფასმანატი ყოფილა  30, 40, 50 თეთრიც კი. ჩვენს მეწარმეებს არ აქვთ იმხელა მოგება, რასაც ვაჭრობა ნახულობს“, - დასძინა „ბიზნეს-რეზონონანსთან“დოლიძემ,

ფქვილზე ღირებულების კლებას ადასტურებს „თემქის პურის“ ხელმძღვანელიც. დალი კუპატაძე და იქვე აცახდებს, რომ ფქვილი თუ კიდევ გაიაფდება, რაც დანამდვილებით შეიძლება მოხდეს კიდეც, პურის თვითღირებულება შემცირდება. 

„ფქვილი ახლა 76-77 ლარი ღირს, უკვე 4-5-ლარიანი სხვაობაა. დამიჯერეთ, მწარმოებლებს უფრო უნდათ ფასის კლება, ვიდრე მომხმარებლებს. ფქვილი კიდევ შეიძლება გაიაფდეს. ახალი მოსავალია და წესით, ასეც უნდა იყოს. ფქვილის ფასმა თუ კიდევ დაიკლო, მე პირადად, პურს 10 თეთრს დავაკლებ და სხვამ თავად გადაწყვიტოს“, - განუცხადა დალი კუპატაძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

რაც შეეხება გლობალურად არსებულ ვითარებას, 1 ბუშელი (25 კგ) ხორბლის ღირებულება 7.90 დოლარის ფარგლებშია. როგორც ქვეყანაში ფქვილის, ისე გლობალურად ხორბლის მეტად გაიაფებაა მოსალოდნელი. ცნობისთვის, 1 ბუშელი ხორბლის პანდემიამდელი ნიშნული, 5-6 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

გლობალური გაიაფების გარდა, რუსეთში საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი, რამაც საქართველოში ხორბლის შემოტანა განაახლა და შესაბამისად, ქვეყანაში წისქვილების ნაწილი ისევ ამუშავდა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას აცხადებს, რომ  ხორბლის ფასების კლების შედეგად მცირე და საშუალო წისქვილკომბინატებს ხორბლის იმპორტის და ამუშავების შესაძლებლობა მიეცათ.

„საქართველოში წისქვილკომბინატები გაჩერებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადი ძალიან მაღალი იყო და 1 ტონაზე 100 დოლარს აღემატებოდა, ფქვილზე კი ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა. რადგან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა დაიკლო, საბაჟო გადასახადიც შემცირდა და დღეისთვის 68 დოლარს შეადგენს.

შესაბამისად, წისქვილების ნაწილი ამოქმედდა. თუ ფასის კლების და პარალელურად, საბაჟო გადასახადის კლების ტენდენცია გაგრძელდა და მინიმუმ 30 დოლარზე ჩამოვიდა, დიდი წისქვილებიც იმპორტირებულ ფქვილთან აქტიურ კონკურენციაში შევლენ და ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდება.

თუ დიდი წისქვილკომბინატები ამუშავდება, აღდგება ის ჯაჭვი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაძლებელი იქნება ქვეყანაში ხორბლის შემოტანა, მარაგის შექმნა და გადამუშავება. სიტუაცია მყიფეა და მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მარაგის საკითხი კვლავ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სილაგავამ და დასძინა, რომ ახალი მოსავლის აღებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები შემცირდა, რაც საქართველოში ფქვილის გასაყიდ ფასზეც აისახა.

მსოფლიოში ხორბლის გაიაფებას და რუსეთში საბაჟო გადასახადის შემცირებას, გლობალურად კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი ემატება. საქმე ისაა, რომ 10 სექტემბრიდან ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს.

„მიმდინარე წელს 13 მლნ ტონა ხორბლის აღება იგეგმება, რაც გასული წლის მოსავალს 12%-ით აღემატება. შიდა მოხმარებისთვის დაახლოებით 6.5 მლნ ტონაა საჭირო. მიღებულია გადაწყვეტილება 2022 წლის 10 სექტემბრიდან მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ“, - ნათქვამია ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყაზახეთში ფქვილისა და მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვა 2022 წელს შემოიღეს, რისი ვადაც 30 სექტემბერს იწურებოდა. მოქმედი კვოტა ზღუდავდა ქვეყნიდან 550 ათას ტონაზე მეტი მარცვლეულისა და 370 ათას ტონა ფქვილზე მეტის გატანას.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გლობალური და ქვეყანაში შექმნილი დადებითი ტენდენციების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 64-66 ლარზე ჩამოვიდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×