პაატა აროშიძე: „ინფლაცია მაღალია, ფასები იზრდება და რეალურად ადამიანი ვერ ახერხებს თავის რჩენას იმ შემოსავლით, რომელიც გააჩნია"
თიკა სიბოშვილი
31.08.2022

საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 4%-ით არის შემცირებული. არადა, ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველთა კატეგორიამ მუშაობა შეძლოს, რადგან მთავრობას სპეციალური პროგრამა აქვს ამუშავებული, ამიტომ საინტერესოა, რა იწვევს ამ ციფრის ზრდას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში სოციალური შემწეობის მიღებთა ოდენობა 3 217-ით გაიზარდა და ჯამში 664 278-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად, სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას მთელი მოსახლეობის 17.8% იღებს. ივლისთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.1%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 648 176 შეადგენდა. შესაბამისად იანვართან შედარებით 16 102 [2.4%-ით] არის გაზრდილი. რაც შეეხება საარსებო შემწეობაზე დახარჯულ თანხებს, ივლისში ბიუჯეტიდან 56 710 462 ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 222 ათასით მეტია ივნისთან შედარებით და რეკორდული მაჩვენებელია.

ამ დროს კი, საქართველოში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა მუშაობს და როგორც ცნობილია, 20 000-მდე ადამიანი დასაქმდა კიდეც.

როგორც სოცილოგი პაატა აროშიძე მიიჩნევს, უმუშევრობის დონის შემცირება გამოიწვია იმან, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამუშაოდ ქვეყნის გარეთ აღარ მიდიან, ხოლო ამ ფონზე მაჩვენებლის ზრდა ინფლაციის და მაღალი ფასების გამო ხდება.

„სოციალურად დაუცველთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვია იმან, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უმეტესობა წინა პერიოდებში, მაგალითად შარშან ამ დროს, სასოფლო სამეურნეო სამუშაობზე დადიოდნენ უცხოეთში. ეს იყო ჩაის კრეფა, თხილის სეზონზე გასვლა და ა.შ. წელს რატომღაც ეს ასე არ მოხდა, რადგან მათ გადაწყვიტეს, რომ ადგილზე დარჩენილიყვნენ, რაც კარგია, რადგან მუშა ხელი არ გავიდა, ასევე სახემწიფოს პროგრამა, რომელმაც 20 000 სოც დაუცველი დაასაქმა .

მსგავსი ფენისთვის შემოსავლების ზრდა არ ხდება იმ რაოდენობით და პროპორციით , რამდენითაც ძვირდება პროდუქცია და გაკრვეული ადამიანები თავის რჩენას ვერ ახერხებენ. ეს იწვევს იმას, რომ მოქალაქეები უფრო სწრაფად გადადიან სოციალურად დაუცველ კატეგორიაში. მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა და უმუშევრობის შემცირებისა, ინფლაცია მაღალია, ფასები იზრდება და რეალურად ადამიანი ვერ ახერხებს თავის რჩენას იმ შემოსავლით, რომელიც მას გააჩნია," - აღნიშნა აროშიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

მართალია, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, რის გამოც ასევე შემცირდა უმუშევრობა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ფენა ამას ვერ გრძნობს. არადა, ციფრებში ეს აშკარად შეიმჩნევა. 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკოს გივი მომცელიძის აზრით, მაღალი ინფლაცია და სახელმწიფო პოლიტიკა დიდ გავლენას ახდენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე.

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობის ზრდას ინფლაცია იწვევს, რადგან ითვლება, რომ მაღალი ინფლაცია ყველაზე მეტად მოქმედებს ღარიბ ფენებზე, მეორე სახელმწიფო პოლიტიკის გავლენაც არის, რაც არაობიექტურია, რადგან ეყრდნობა ხელისუფლების სურვილებს, რაც შეიძლება მეტი იყოს ისეთი მოქალაქე, ვისაც სახელმწიფო ფულს უხდის. შესაბამისად, როცა არჩევნები იქნება ეს ადამიანები იყვნენ მათ კმაყოფაზე. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც სოციალურად დაუცველების რაოდენობა იზრდება.

უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას კი სკეპტიკურად ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ნამდვილად იზრდება და არ დგას ერთ ადგილას, არ ვფიქრობ, რომ უმუშევრობის 4%-იანი კლება რეალური მაჩვენებელია. სავარაუდოდ, რეალობა სტატისტიკური მონაცემისგან საგრძნობლად განსხვავებულია", - აღნიშნა მომცელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×