ალექსანდრე ძნელაძე: „წინასწარ ვაკეთებთ ხოლმე განცხადებას ან განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი ტიპის თაღლითური სქემები ხორციელდება, ამოვარდნილად დიდი შემთხვევები ამ ეტაპზე არ არის".
ქეთო გოგოხია
30.08.2022

კიბერდანაშაულის ფაქტები გახშირდა. ცხადია, ჰაკერული თავდასხმებისგან საკუთარი მომხმარებლების და მათი ანგარიშების დაცვა კომეციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციის პასუხისმგებლობაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეებმა არ გასცენ პირადი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ძალიან ცოტა გზა რჩება იმისთვის, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა დაგვიცვას, ამიტომ პირველ რიგში, საკუთარი მონაცემები ვინმეს არასანქცირებულად არ უნდა გადავცეთ და არ მივცეთ ამ მონაცემების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობა.

საფრთხე კი საკმაოდ დიდია, რაც ოფიციალური მონაცემითაც დასტურდება. ,,საქსტატის" მიერ ივლისის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1591 პირის მიმართ, საიდანაც 21 არასრულწლოვანია. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 89 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 5.6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება დევნის დაწყების მაჩვენებელს რეგიონულ ჭრილში, თბილისი ლიდერობს 32.7%-ით, მას მოსდევს აჭარა 13.7%-ით.

ანგარიში მოიცავს კონკრეტული მუხლების საფუძველზე დაწყებულ სისიხლის სამართლებრივი დევნის შესახებ მონაცემებსაც.

კიბერდანაშაულის ყველაზე გავრცელებული ფორმა „ფიშინგია". ესაა კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, საბანკო სექტორში კიბერდანაშაულის შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია, რის პარალელურად პრევენციული ზომებიც აქტიურად ტარდება.

„თაღლითების მხრიდან წლიდან წლამდე იზრდება საქართველოს მიმართ ინტერესი. ეს შემთხვევები ცოტათი შემცირებული 2020 წელს იყო. წინასწარ ვაკეთებთ ხოლმე განცხადებას ან განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი ტიპის თაღლითური სქემები ხორციელდება. ამოვარდნილად დიდი შემთხვევები ამ ეტაპზე არ არის, პრევენციის საშუალებები აქტიურად გამოიყენება, მათ შორის, ეროვნული ბანკის რეგულაციები, რათა რისკის მენეჯმენტის პროგრამები სავალდებულო გახდეს ბანკებისთვის. ისედაც ინერგება, მაგრამ კანონით უნდა არსებობდეს ეს ვალდებულება და გარკვეულ ნორმას აკმაყოფილებდეს. ასევე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს სტანდარტის გაუმჯობესება. ერთიანი ცვლილებები მუდმივადაა. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება არის პრევენცია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისგან, ისე სტრუქტურებისგან, ვისაც მოეპოვება აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია. მეორე მხარეა ინფორმაციის გავრცელება და მიტანა ყველა მომხმარებლამდე, რა სახის თაღლითობები არსებობს და როგორ შეუძლიათ მათგან თავის დაცვა", - განაცხადა ძნელაძემ „რეზონანსთან" და იმ აუცილებელი წესების შესახებაც დასძინა, რაც კიბერთაღლითობისგან მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.

„მნიშვნელოვანია, კარგად გადამოწმდეს ვებგვერდის მისამართი, ვინაიდან გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო. არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე. თუ ელ-ფოსტა ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა. როგორც წესი, იგი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადამოწმდეს ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. უნდა ვიყოთ ყურადღებით და შევიყვანოთ ჩვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი რისკების მინიმუმამდე შემცირება", - აცხადებს ძნელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის თქმით, ფიშინგისგან ერთადერთი დაცვის მექანიზმი პერსონალური ინფორმაციის დაცვას უკავშირდება, თუმცა ფინანსური ორგანიზაციების მხრიდანაც მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებელმა ამის შესახებ იცოდეს, მზად იყოს და საკუთარი ანგარიშების დაცვაც შეძლოს.

„ძალიან ბევრს აკეთებენ კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკიც, ე.წ. ფიშინგის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები, ხშირად ცდილობენ, რომ ვებ-გვერდების და სოციალური ქსელების საშუალებით აუხსნან მომხმარებელს, სმს-ებიც ეგზავნებათ მათ. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ხასიათის, კომერციული ბანკები, მათ შორის ეროვნული ბანკი და საფინანსო ისნტიტუტები ამ მიმართულებით მუდმივად უნდა იყვნენ კამპანიაში ჩართულები, ფინანსური განათლების ამაღლების და კონკრეტულად ინტერნეტ თაღლითობი კუთხით საგანმანათლებლო კამპანიებს სულ უნდა აწარმოებდნენ. პირდაპირი წვდომა ჩვენი ნებართვის გარეშე ჩვენ ანგარიშზე ბანკს არ აქვს, ბანკი ვერ შეგვიზღუდავს საკუთარ ანგარიშზე წვდომას, ანგარიში არის კონფიდენციალური და დაცული. ბანკის თანამშრომელსაც კი არ აქვს უფლება, რომ შევიდეს ჩვენი ნებართვის გარეშე და გაიგოს რა თანხა გვაქვს და ჩვენი ნებართის გარეშე ვერც ანგარიშს დაგვიხურავენ და ვერც გაგვიხსნიან. თუმცა მათი პასუხისმგებლობა უფრო აქტიური კამპანიების წარმოებაა და მე მათ მოვუწოდებ, რომ ამ მიმართულებით გააატიურონ მუშაობა და ხშირად ისაუბრონ ამ თემებზე", - განაცხადა კეპულაძემ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში მთავარი გასაღები და მთავარი დახმარება არის განათლების ამაღლება და უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება.

როგორც ხდება ხოლმე, იბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. სოციალურ ქსელში, ძირითადად Facebook-ზე დასპონსორებული პოსტების მეშვეობით ავრცელებენ თაღლითურ ინფორმაციას ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე მოქალაქეებმა გადაამოწმონ საიტის მისამართი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მომხმარებლის პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

„საქსტატის" ინფორმაციით, ფულად-საკრედიტო სისტემაში ივლის 21 შემთხვევაზე დაიწყო სამართლებრივი დევნა. აქედან 18 შემთხვევა ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას ეხება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 3 პირს კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან.

რაც შეეხება დევნის დაწყების მაჩვენებელს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე - 27 შეადგინა, დევნის დაწყების მაჩვენებელი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 475 იყო, ხოლო დევნის დაწყების მაჩვენებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 426-ს გაუტოლდა.

„საქსტატის" ინფორმაციით, 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9 605 პირი, მათ შორის 9 277 კაცი და 328 ქალი. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საერთო რიცხვმა (9 605) ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის (3 688 647) 0.26% შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×