მიხეილ თოქმაზიშვილი: „რაც მალე გადავლახავთ დაბრკოლებას, მით უფრო დროულად გაიხსნება ფანჯარა ახალი შესაძლებლობებისთვის და დროთა განმავლობაში ფასებიც დასტაბილურდება".
ქეთო გოგოხია
29.08.2022

სესხების გაძვირების ტენდენცია სახეზეა. ცვლილება განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებს შეეხება, რომელიც ბოლო პერიოდში გაძვირდა. ცვლილების მთავარ მიზეზად სპეციალისტები მაღალ ინფლაციას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გაძვირება სესხების ხელმისაწვდომობას მკვეთრად შეზღუდავს, ხოლო რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონში მიმდინარე ომის ხანგრძლივობაზე, რამაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

ცნობილია, რომ 2022 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო პროდუქტების უმრავლესობაზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაძვირდა იპოთეკური, ასევე, ავტო და სამომხმარებლო სესხები, მხოლოდ ლომბარდულზე შემცირდა.

სესხების გაძვირებას საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ინფლაციურ პროცესებს უკავშირებს.

„სესხის გაძვირების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მაღალი ინფლაციაა. სებ-ი იძულებული ხდება მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, რომ შეარბილოს ფასების ზრდა. ეს პროცესი მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და გამონაკლისს ვერც საქართველო წარმოადგენს. დროთა განმავლობაში სესხების საპროცენტო განაკვეთებიც თანდათან შემცირდება, თუმცა ძალიან ძნელია თქმა, რამდენ ხანში მოხდება და როგორ წარიმართება ეს სიტუაცია, რამდენადაც სახეზე გვაქვს სასურსათო კრიზისი, ნავთობისა და გაზის მოსალოდნელი ფასების ცვლილება, რომელიც შეიძლება მოხდეს ზამთარში. ყველაფერი ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფასების საერთო დონეზე. ამიტომ საბოლოოდ ბევრი რამ დამოკიდებულია, როგორ გადაიტანს ევროპა ენერგეტიკულ კრიზისს და როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები, რამდენადაც ორივე ქვეყანა როგორც ხორბლის, ასევე ენერგოპროდუქტების მიმწოდებელია", - განაცხადა თოქმაზიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და დასძინა, რომ მომხმარებლებზე სესხების გაძვირება დიდ ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს, რადგან საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ.

„ბანკები ძალიან ფრთხილად მოქმედებენ. როცა გასცემენ სესხებს, პირველ რიგში, უყურებენ ფასების ცვლილებას. ფულს აქვს ღირებულება, რომელიც იცვლება დროში. ამ პროცესს ბანკები აკვირდებიან. ვფიქრობ, წარმატებით გაართმევენ თავს ამ შესაძლებელ ცვლილებებს. თუმცა მომხმარებლებზე სესხების გაძვირება უარყოფითად აისახება, რადგან საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ. რაც მალე გადავლახავთ ამ დაბრკოლებას, მით უფრო დროულად გაიხსნება ფანჯარა ახალი შესაძლებლობებისთვის და დროთა განმავლობაში ფასებიც დასტაბილურდება. ბანკი რომ წაიქცეს, ის მერე საერთოდ ვერ გასცემს სესხს და ეკონომიკასაც დიდი რისკი შეექმნება. მთავარია, ბანკების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული. არავინ იცის, რა მოხდება შემოდგომაზე, იგივე ენერგომატარებლებთან დაკავშირებით. ნავთობის ფასმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მაგრამ შემდეგ დაიწყო კლება, ახლა უკვე გაზის ფასია მტკივნეული, რაც სხვადასხვა პროდუქტის ფასზეც აისახა და რიგი მიმართულებით გაძვირება გამოიწვია. ბევრი რამ დამოკიდებულია გააგრძელებს თუ არა მარცვლეულის მიწოდებას უკრაინა მსოფლიოსთვის და რამდენ ხანს გასტანს რუსეთის აგრესიული ქმედება", - დასძინა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ასეთ სიტუაციაში, როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, სებ-მა საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყო, მინიმუმ, პოლიტიკის შერბილებაზე დაიწყოს ფიქრი.

„ჩვენს სამეზობლოში და ევროპაშიც სესხები დაბალ პროცენტებში გაიცემა. როცა ეკონომიკა რეცესიაშია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები არანაირად ეკონომიკური პირობების გაუარესებას იწვევენ. იმის გამო, რომ სესხებზე მაღალი პროცენტებია, ფულადი რესურსები ძნელად ხელმისაწვდომია და კიდევ უფრო ფერხდება ეკონომიკის განვითარება, რაც კრიზისულ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა. წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკის და ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა მიმართული იყო განაკვეთების გაძვირებისკენ, რა მხრივაც მსოფლიო სავალუტო ფონდის მითითებებს თვალდახუჭულად ასრულებენ, ხოლო ამით ეკონომიკა ზარალდება. ერთ-ერთი გამოსავალია, რომ ბანკებმა დაკრედიტება მოახდინონ უზრუნველყოფის გარეშე, შეღავათიანი პირობით. ბიზნესმა და მოსახლეობამაც გადახდისუნარიანობა რომ შეინარჩუნოს, მათთვის გაცილებით მოქნილი და გამარტივებული პირობებია შესათავაზებელი. ბანკები ამ ფაქტორს თუ არ გაითვალისწინებენ, სესხების ვადაგადაცილების ზრდა გაგრძელდება და კიდევ მეტი პრობლემა შეექმნებათ", - განაცხადა ხომიზურაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან".

ივლისის სტატისტიკის მიხედვით, შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე შეადგენს 12,48% (2021 წელი - 12,07%)-ს; ავტოსესხის შმთხვევაში ეს მაჩვენებელი 23,75% (2021 წელი - 20,88%)-ია; ლომბარდული სესხი - 18,37% (2021 წელი - 19,97%), ხოლო სამომხმარებლო სესხი - 19,25% (2021 წელი - 18,93%); უზრუნველყოფილისამომხმარებლო სესხი - 13,75% (2021 წელი - 13,19%) -ს შეადგენს, არაუზრულველყოფილი - 21% (2021 წელი - 20,36%)-ია.

რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, 2022 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე გაიზარდა, უცხოური ვალუტაში კი შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა15,9%-დან 16,5%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 13,2%-ს, ხოლო 2022 წლის ივლისში უკვე 13,5%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი 18,2%-დან 18,4%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, სებ-ის სტატისტიკით, 2022 წლის ივლისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 7%-ს, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 6,2% იყო. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,5%-დან 7,3%-მდე გაზიარდა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 5,4%-დან 6,3%-მდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×