გია არაბიძე: „თეორიულად შესაძლებელია ახალი მილსადენი აშენდეს, მაგრამ საწყის ეტაპზე ჩვენს მილსადენს აქვს საშუალება, რომ ნავთობპროდუქტები ახალი მილსადენის მშენებლობის გარეშე გაატაროს".
რეზონანსი
22.08.2022

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CRC) განცხადებას, რომ ნავთობის მიწოდება ისევ შემცირდა, ქართველი ენერგეტიკოსები ეხმაურებიან. სპეციალისტები "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ახალი მილსადენის მსენებლობის საჭიროება არ არის, თუმცა თუკი სამომავლოდ მოთხოვნა გაიზრდება, ტეორიულად დასაშვებია ახალი მილსადენის მშენებლობა. ამ ეტაპზე კი საქართველოს გამტარუნარიანობა იზრდება და ეძლევა შესაძლებლობა, რომ არსებული მილადენები სრულად დაიტვირთოს. საუბარია ასევე საქართველოს რკინიგზის გადაზუიდვების სერიოზულ ზრდაზე, რაც საქართველოსთვის დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია.

ყაზახური მხარე აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიიდან შეუმცირდა გადაზიდვა და სურს საქართველო-აზერბაიჯანის გავლით გაიტანოს. ცხადია, ეს არის დიდი შესაძლებლობა და სარგებელი, რომ შუააზიდან წამოვა ნავთობი, თურქმენეთიც ჩაერთოს და შუააზიური ნავთობი საქართველოზე წამოვიდეს. აშკარაა, რომ წელს არ დამთავრდება ომი, დიდი ალბათობით, არც მომავალ წელს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყნის სარგებელი და შესაძლებლობები გაიზარდოს, რის ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა.

CRC აცხადებს, რომ ექსპორტი ნავთობის ჩატვირთვის ორი ნავმისადგომის დაზიანების გამო, გადამზიდავების მოთხოვნით შემცირდა. კონსორციუმი სულ ჩატვირთვის სამ მოწყობილობას იყენებს, რომლიდანაც ორი ერთეულის კორპუსზე მყვინთავებმა აგვისტოში ბზარები აღმოაჩინეს. ამჟამად ჩატვირთვის ოპერაციები მხოლოდ მესამე დისტანციური დასამაგრებელი მოწყობილობით მიმდინარეობს. CRC-ის ცნობით, შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობას, ფლორასა და ფაუნას საფრთხე არ ემუქრება, რადგან დაზიანებული მოწყობილობების ჰერმეტულობა შენარჩუნებულია და ნავთობის დაღვრაზე რაიმე ინციდენტი ან ავარია არ დაფიქსირებულა.

საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის ზრდაზე ისაუბრა „ბიზნეს-რეზონანსთან" ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ, რომლის განცხადებითაც, ახალი მილსადენის მშენებლობის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ამის შანსი რეალურად საკმაოდ დიდია, თუკი მოთხოვნა გაიზრდება.

„ყაზახეთისთვის ნავთობის გატარებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემაა და შეიძლება იფიქრონ კიდევ დამატებითი მილსადენის მშენებლობაზე, მაგრამ ეს საკითხი დღესდღეობით განსაკუთრებით მტკივნეულია ყაზახეთისთვის, ვინაიდან ახლა უფრო ჭირს ნავთობის ყაზახეთიდან ბაქომდე ტრანსპორტირება, მაგრამ ბაქოდან ევროპაში გადატანა პრობლემა არ არის. საქართველოს შეუძლია 3,5 მილიონი ტონის გატარება, ამ ეტაპზე არ არის მილის მშენებლობა საჭირო, მაგრამ თუ რუსეთი უარს იტყვის საბოლოოდ გაზის და ნავთობის გადატანაზე, მაშინ უნდა იფიქრონ, რომ დამატებითი მილსადენი აშენდეს. ცხადია, თურქმენეთიდანაც გაჩნდება მოთხოვნა. ყაზახეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არც თურქმენეთს და არც ყაზახეთს არ აწყობთ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების მოძრაობა, მაგრამ ეს მარტო გუნება-განწყბილებაზე არ არის, ტექნიკური საკითხებია", - განაცხადა არაბიძემ და დასძინა იმ შესაძლებლობაზე, რაც საქართველოსთის გაუჩნდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რითაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზრდა.

„როგორც აღვნიშნე, თეორიულად შესაძლებელია ახალი მილსადენი აშენდეს, მაგრამ საწყის ეტაპზე ჩვენს მილსადენს აქვს საშუალება, რომ ნავთობპროდუქტები ახალი მილსადენის მშენებლობის გარეშე გაატაროს. ჩვენი ქვეყნის სარგებელი მნიშვნელოვნად იზრდება. პირველი, ეს არის გადაზიდვის ზრდა, მეორე, რკინიგზის სერიოზული დატვირთვა და ბიუჯეტის შემოსავლების მატება. შესაძლებლობა გვაქვს, ბიუჯეტში შეიძლება დიდი თანხის მობილიზება მოხდეს, თუკი არსებული მილსადენი სრულად დაიტვირთება", - განაცხადა გია არაბიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან".

ანალოგიური მოსაზრებისაა ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ამ სიტუაციაში ახალი მილსადენის მშენებლობის საჭიროებას იგი ვერ ხედავს.

„ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მოცულობა 50%-ით იყო დატვირთული. რაკი ნავთობის გატარებაზე ვსაუბრობთ, ყაზახეთმა პროდუქტი მაინც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს, ამით არსებული მილსადენი მეტად დაიტვირთება, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვების სოლიდურად მოიმატებს, არის შესაძლებლობა, რომ სრულად დაიტვირთოს", - განაცხადა ენერგეტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმით გამავალი ნავთობის 80% ყაზახურია. რუსული Forbes-ის შეფასებით, CRC-ის მუშაობაში პრობლემები ორივეჯერ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის რუსეთში ვიზიტის შემდეგ გაჩნდა. ივნისში მან მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, სადაც პუტინს პირისპირ განუცხადა, რომ რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები „კვაზი სახელმწიფოებრივი ტერიტორიებია" და ყაზახეთი მათ არასდროს აღიარებდა.

ტოკაევის თქმით, ყაზახეთი ეწინააღმდეგება „ქაოსს", რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას, თუ ყველა ნაცია თვითგამორკვევისკენ თავის უფლებას გამოიყენებს. ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, 5 ივლისს ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეწყდა, როცა ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ CRC-ის საზღვაო ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეაჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად „როსტრანსნადზორის" მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა. მოგვიანებით რუსეთმა უკან დაიხია და იმავე პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კონსორციუმი ფუნქციონირების შეჩერებაზე გადაწყვეტილება 200 000 რუბლის (3 310 დოლარის) ოდენობის ჯარიმით შეცვალა.

მეორეჯერ ტოკაევი რუსეთში 19 აგვისტოს იმყოფებოდა, როცა სოჭში პუტინს შეხვდა. მართალია, მან განაცხადა, რომ „მომავალ თანამშრომლობაზე პესიმისტური პროგნოზების საფუძველი არ არსებობს," თუმცა, Forbes-ის შეფასებით, ფაქტია, რომ მეორე შეხვედრასაც რუსეთის პორტში ყაზახური ნავთობის მიწოდების შემცირება მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×